ნაციონალური ”გოიმტრონი” - კვირის პალიტრა

ნაციონალური ”გოიმტრონი”

რუსული ”ლოხი” ქართულად ”გოიმს” ნიშნავს. საქართველოში ”ლოხოტრონები” ანუ ”გოიმტრონები” გასული საუკუნის 90-იან წლებში პოპულარული იყო, მაგრამ ბოლო წლებში ”გოიმტრონებს” ვაგზლის მოედანზე, წვრილ-წვრილ აფერისტებთან აღარ ვთამაშობთ, რადგან ინიციატივა ხელისუფლებამ აიღო. მათი გამოგონებული ბევრი ”გოიმტრონის” ჩამოთვლა შეგვიძლია, თუმცა ”იაფი კრედიტი” და ”დასაქმების ეროვნული პროგრამა” ყველასგან გამოირჩევა. გახსოვთ ალბათ არჩევნების წინ ყველა მსურველს თვეში 200-200 ლარს ჩუქნიდნენ. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამაც და მოსახლეობამაც სახელმწიფო ბიუჯეტი “დააგოიმეს.”

დღეს ხელისუფლებამ ახალი სათამაშო მაგიდა დაგვიდგა სახელწოდებით -”კომპიუტერი ყველასათვის” და ბანკებთან რიგებიც გაიჭიმა. პროპაგანდისტულად ყველაფერი მშვენიერია, სწორედ ისე, როგორც “გოიმტრონში” -– თუ მიხვდები, სამი ამოპირქვავებული ჭიქიდან კამათელი რომლის ქვეშაა, ფულს იგებ, სინამდვილეში კი კამათელი არც ერთ ჭიქაში არ არის.

პროპაგანდისტული მანქანა იდეალურ სურათს ხატავს. – თურმე, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მივიდეს ბანკში და მინიმუმ, დღეში ერთ ლარად (ანუ 30 ლარად თვეში) კომპიუტერი 3-წლიანი განვადებით შეიძინოს. დანარჩენი - დეტალებია, Aარადა, ამ მცირე დეტალებში  დიდი “ნაციონალური” ეშმაკი იმალება და იჯღანება.

კომპიუტერი ყველას უნდა, მათ შორის, იმათაც, ბანკების “შავ სიაში” რომ არიან. ბანკებმა, რომელთაც ხელისუფლებამ ”გოიმტრონის” ”გათამაშება” “დააკისრა, “მოწყალება გაიღეს -– ის, ვინც დავალიანებას გაისტუმრებს, დღეში ერთ ლარად”კომპიუტერს მიიღებს.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ბანკის, მაგალითად, 2.000 ლარი გმართებთ და ხელისუფლებამ ჩაგაგონათ, რომ თუ კომპიუტერი გექნებათ, “გზა ხსნილი გაქვთ ნათელი მომავლისაკენ. თუ ჩვენ ვიპოვით ადამიანს, რომელიც ამ 2000 ლარს ისესხებს, კომპიუტერს პირდაპირ მაღაზიაში არ იყიდის, გაიქცევა ბანკში, ჯერ დავალიანებას დაფარავს და შემდეგ ახალ განვადებას წამოიკიდებს ზურგზე, მას ეროვნული ბანკის წინ ძეგლი უნდა დავუდგათ.

არ გაუმართლათ არც მცირეშემოსავლიან მოქალაქეებს; პირველ რიგში, იმიტომ, რომ ხელისუფლება ამ “1-ლარიანი კომპიუტერის” მხოლოდ ინიციატორია და სახელმწიფომ სესხის თავდებობაზე ან უზრუნველყოფაზე უარი განაცხადა. თვეში 100-200 ლარი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს კი ბანკი კომპიუტერის კი არა, ჩაიდნის განვადებას არ ანდობს. ამიტომაც ამოქმედდება ”გოიმტრონის” ახალი პრინციპი: – მცირეშემოსავლიანებმა უნდა დაარწმუნონ კრედიტოფიცერი, რომ მაღალშემოსავლიანები არიან. შესაძლოა, ბანკი მართლაც “დაგოიმდეს”,  თუმცა, მცირეშემოსავლიანისთვის ამ გამარჯვებით ტკბობა მომავალი თვის ბოლომდე გაგრძელდება, როდესაც სხვა გადასახადებთან ერთად საბანკო და ინტერნეტშენატანების დრო მოუვა. მერე  შეუძლია, კომპიუტერში დიდი შრიფტით აკრიფოს: ”მიშა მაგარია”და ელოდოს, როდის უკარნახებს 1-ლარიანი კომპიუტერის” იდეის მამა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს.

სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ ექსპერიმენტულ სკოლაში ბავშვებს უთხრა, რევოლუციამდელ ბავშვს მხოლოდ ფერადი ფანქრები ჰქონდა, რევოლუციის შემდგომ კი ფერადი კომპიუტერი აქვსო.

ის უმუშევრები, რომლებმაც ხელისუფლების სოციალური პოლიტიკის წყალობით რევოლუციის შემდგომ საქართველოში “ნაციონალური” ევოლუცია ვერ განიცადეს, კომპიუტერებს მხოლოდ ფერად სიზმრებში ნახავენ.

მოკლედ, რჩება ერთი ფენა, რომელსაც ამ აქციაში მონაწილეობა შეუძლია და შემდეგ, ავტომატურად, ბანკების “შავ სიაში” არ ჩაეწერება. ესენი არიან მაღალშემოსავლიანი მოქალაქეები, რომელთაც არც ბანკების დავალიანება აქვთ, არც კაპიკებს ითვლიან, არც უმუშევრები სხედან და საერთოდ, ცხოვრება აწყობილი აქვთ. თუმცა, სავარაუდოდ, მათ უკვე აქვთ კომპიუტერები და არც სხვადასხვა ბანკების წინ გაჭიმულ გრძელ რიგებში დგანან.

ეს ”ლოხოტრონ-გოიმტრონიც” წინამორბედებივით” ჩაივლის და ცოტა ხანში აღარავის გაახსენდება. ამ თამაშის პრინციპიც ეს არის! ”გოიმტრონის” ორგანიზატორი, რა თქმა უნდა, არ იტყვის, რომ “დამგოიმებელია. სირცხვილნაჭამი “დაგოიმებული” კი, ალბათ, საკუთარ თავსაც არ გამოუტყდება, რომ იდიოტური პროპაგანდის მსხვერპლი გახდა. ეს მაშინ გაგვახსენდება, როდესაც ყველანი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ახალ აქციაში ჩავერთვებით, მაგალითად, ასეთში: ”ინგლისური ენის პედაგოგი ყველა ოჯახში”.

გიორგი კვიტაშვილი