"მანდატურები მაღალკლასელ გოგონებთან "ფლირტაობენ"… - კვირის პალიტრა

"მანდატურები მაღალკლასელ გოგონებთან "ფლირტაობენ"…

ჩვენს სკოლებში მანდატურის თანამდებობის შემოღებამ დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სხვათა შორის, მანდატურები თავიანთი უფლება-მოვალეობებით ძალიან ჰგვანან ნოდარ დუმბაძის გახმაურებულ პერსონაჟს - კუკარაჩას, თუმცა როგორ ასრულებენ ისინი და უფლება-მოვალეობებს, სულ სხვა საკითხია.

ჩვენ გადავწყვიტეთ გაგაცნოთ რას ფიქრობენ ახალგამომცხვარ "კუკარაჩებზე" ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები:

რეზო მიშველაძე - მწერალი:

მანდატურის ყოფნა სკოლაში თანამედროვე მოსწავლის ფსიქიკურმა თავისებურებებმა გამოიწვია. 21-ე საუკუნის მოსწავლეები აღარ ჰგვანან იმ ბავშვებს, რომლებიც სკოლაში თუნდაც ოციოდე წლის წინ სწავლობდნენ. მე ვფიქრობ, რომ დიდი შეცდომები დავუშვით თანამედროვე ახალგაზრდობის აღზრდაში. ამ სულელური, აგრესიული ფილმებითა თუ სერიალებით ბავშვებს ფსიქიკა მოვუწამლეთ. იარაღით მისვლა სკოლაში წარმოუდგენელი რამ იყო ჩემი ახალგაზრდობის დროს. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი ეს არის: მანდატური სკოლაში წესრიგის მუშტით დამცველი კი არ უნდა იყოს, - არამედ ბავშვის ამხანაგი, უფროსი მეგობარი და მეთვალყურე. თუ ისინი მასწავლებლების "ჩასაშვებად" შეუშვეს სკოლაში, მაშინ ამ გადაწყვეტილების მიმღები ხელისუფლება ძალიან ცუდად მოქცეულა. მასწავლებელს არავითარი მეთვალყურე არ სჭირდება, მეთვალყურე სჭირდებათ ბავშვებს, ოღონდ შემშინებელი კი არა, მეგობარი, მიმთითებელი, ისეთი, როგორიც ნოდარ დუმბაძის გმირი იყო.

თიკო ნ.

გლდანის დასახლებაში ვცხოვრობ და იქვე ვსწავლობ. საბედნიეროდ, ჩვენს სკოლაში მანდატურები არ არიან. ისინი ჩვენს უბანში, სხვა სკოლაში შეუშვეს და კარგად ვიცი როგორც "მოღვაწეობენ". იქ ჩემი მეგობრები სწავლობენ და მიყვებიან, ბავშვებსა და მასწავლებლებს მანდატურების ეშინიათ. საკმარისია, გაკვეთილზე ხმაური გაიგონონ, ან პედაგოგმა ხმამაღლა დაილაპარაკოს, მაშინვე გაფრთხილებას აძლევენ. თუ მასწავლებელზე უარყოფითი ინფორმაცია მიიტანეს იქ, სადაც საჭიროა, შეიძლება სამსახურიც კი დააკარგვინონ. უფრო მეტიც, ფლირტსაც აბამენ მოსწავლე გოგონებთან. შეიძლება ეს ამ გოგონების ბრალიცაა, მაგრამ რა წესია? წესრიგი უნდა დაიცვან და არა მაღალკლასელებთან "იფლირტაონ"…

ირმა ცუცქირიძე - მშობელი:

ორი შვილის დედა ვარ და ორივე სკოლაში დადის: ერთი მეათეკლასელია, მეორე - მესამეკლასელი. ისეთი თავხედი, მოურიდებელი ბავშვები სწავლობენ მათ სკოლაში, იმდენი უხეშობა და უსაქციელობა მინახავს ჩემი თვალით, რომ აუცილებელია ხალხი, ვინც იქ წესრიგს დაიცავს. არაერთი შემთხვევა ვიცით, როცა სკოლის მოსწავლეებს ერთმანეთი დაუჭრიათ, მოუკლავთ კიდეც. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, გამახარა მანდატურების სკოლაში შესვლის იდეამ. სასურველია, ისინი ყველა სკოლაში იყვნენ. ამ შემთხვევაში მშობლები უფრო მშვიდად ვიქნებით.

გიორგი გუგავა - ლეიბორისტული პარტიის წევრი:

მანდატურები სკოლაში შეუშვეს ბავშვებისა და მასწავლებლების გასაკონტროლებლად, რითაც სკოლები ერთგვარ კოლონიებად აქციეს. მანდატური, რომელიც მხოლოდ სამი თვის განმავლობაში იწვრთნება ვანო მერაბიშვილის "კანტორაში", ბუნებრივია ვერ შეცვლის მასწავლებელს, ისევე როგორც ვერ შეცვლის ექიმს.

სამყარომ ბავშვების სპარტანული მეთოდით აღზრდა დიდი ხანია დაგმო, რადგან ასეთი მეთოდით ბავშვის აღზრდა სერიოზულ გადახრებს იწვევს მის ფსიქიკაში. ამ დროს ბავშვი ან ძალადობისკენ იხრება, ან დაკომპლექსებულ, შეშინებულ ადამიანად ყალიბდება. ერთიც და მეორეც უბედურებაა ქვეყნისათვის. ამდენად, მანდატურები სკოლაში ხელისუფლების ნებას ასრულებენ. ისინი მათრახებითა და ხელჯოხებით არიან აღჭურვილები და სკოლაში არაფერი ესაქმებათ.

მე ვიცი, რომ რამდენიმე მასწავლებელი უკვე გაუშვეს სკოლიდან მანდატურის მიერ შედგენილი "ოქმის" გამო. ერთ-ერთი მათგანი, შესანიშნავი მასწავლებელი, წარმატებული მეთოდისტი იყო, რომელიც 40 წელი სკოლაში მუშაობდა, გაუშვეს იმიტომ, რომ მანდატურმა, რომელსაც მხოლოდ სამთვიანი კურსები აქვს გავლილი, მასზე "ოქმში" კარგი არაფერი ჩაწერა.

ბავშვების მიდრეკილება ძალადობისკენ გამოწვეულია იმ გარემოთი, სადაც ისინი ცხოვრობენ. ამიტომ, შედეგს კი არ უნდა ვებრძოლოთ, მისი გამომწვევი მიზეზები უნდა ვეძებოთ. ძალადობა კი ყოველთვის ძალადობას შობს. ბავშვის აღზრდას პედაგოგიური ტაქტი და მიდგომა სჭირდება და არა  მათრახითა და სახრით აღჭურვილი მანდატურები. ჩვენი ბავშვები მანდატურების სახრის ქვეშ სრულყოფილ პიროვნებებად ვერ ჩამოყალიბდებიან.

ხათუნა ჩიგოგიძე