რას უნდა მივაქციოთ ყურადღება პროდუქტის შეძენისა - კვირის პალიტრა

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება პროდუქტის შეძენისა

ჩვენს ბაზრობებსა თუ მაღაზიებში ფალსიფიცირებული, უხარისხო პროდუქტი უცხო ხილი არასოდეს ყოფილა და ეს სამწუხარო ტრადიცია დღემდე გრძელდება. ამ თემაზე სასაუბროდ მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარეს, მადონა კოიძეს მივმართეთ: 

- ქალბატონო მადონა, ცნობილია, რომ თქვენმა ორგანიზაციამ ქართულ ბაზარზე სხვადასხვა დასახელების ფალსიფიცირებული კარაქი აღმოაჩინა. სამწუხაროდ, ამ სფეროში დღემდე არაფერი შეცვლილა.

- დაახლოებით ერთი წლის წინ მომხმარებელთა ფედერაციამ მართლაც ჩაატარა კვლევა სხვადასხვა სახეობის კარაქზე, მათ შორის იყო ნაღების კარაქიც. ამ კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ბევრ ნიმუშში ცხოველურ ცხიმთან ერთად შერეული იყო მცენარეული ცხიმიც. მინდა მომხმარებელს კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ თუკი კარაქს აწერია ნაღების კარაქი, ეს იმას ნიშნავს, რომ არავითარ შემთხვევაში მეწარმეს არა აქვს უფლება, მასში დანამატის სახით სხვა სახის ცხიმი შეიტანოს, ეს უკვე ნიშნავს ხარისხობრივ ფალსიფიკაციას. თუ პროდუქტში არის გამოყენებული მცენარეული ცხიმი, ე.ი. ეს უკვე აღარ არის კარაქი, ეს არის სპრედი, ანუ კომბინირებული კარაქი.

ბოლო ხანებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და აგრარულმა კომიტეტმა, ძალიან გაამკაცრეს მოთხოვნები ეტიკეტირებაზე. აუცილებელია ეტიკეტზე იყოს ინფორმაცია, თუ რისგან არის დამზადებული პროდუქტი, თუმცა ეს მოთხოვნა ყოველთვის არ სრულდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეწარმეები მომავალში მაინც მოგვაწვდიან პროდუქტს, რომლის ეტიკეტზეც მითითებული იქნება სრულყოფილი ინფორმაცია, რათა მომხმარებელმა სწორი არჩევანის გაკეთება შეძლოს. 

არანაკლებ საყურადღებოა შენახვის პირობებიც. მალფუჭებად პროდუქტს აუცილებლად სჭირდება სპეციალური ტემპერატურული რეჟიმი. ყოვლად დაუშვებელია სამაცივრო დანადგარში კარაქი მოთავსებული იყოს ხორცპროდუქტებთან და თევზთან ერთად. სამწუხაროდ, ეს მოთხოვნა დიდ სუპერმარკეტებშიც კი არ სრულდება. ძალზე ხშირად მაცივარში კარაქის გვერდით დაინახავთ გაყინულ ბარკლებს და სხვა სახის ხორცპროდუქტებსაც.

კარაქისაგან განსხვავებით, მათ ჩვენ თერმული დამუშავების შემდეგ მივირთმევთ. შეიძლება ამ შემთხვევაში მოხდეს კარაქის მეორადი დაბინძურება, რაც მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის ძალზე საზიანოა. ამიტომ, როდესაც მომხმარებელი იძენს პროდუქციას, განსაკუთრებით უნდა მიაქციოს ყურადღება, თუ რა პირობებში ინახება ის, მიაქციოს ყურადღება ეტიკეტს და ვადას და თუ ყველა მოთხოვნა დამაკმაყოფილებელი იქნება, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინოს.

- ცნობილია, რომ ეტიკეტირება გამკაცრებულია რძის პროდუქტებზეც.

- ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ეს პროდუქტი ახალი რძისგან არის დამზადებული თუ აღდგენილი რძისაგან. მინდა ვუთხრა მომხმარებელს, რომ ამ ორ პროდუქტს შორის დიდი სხვაობა არა არის - რძის ფხვნილი, ეს არის ნატურალური რძისაგან დამზადებული პროდუქტი. აღდგენის შემთხვევაში რძის ფხვნილი იქცევა რძედ და ინარჩუნებს თითქმის ყველა თვისებას, რომელიც ნატურალურ რძეს აქვს. აღდგენილი რძე სასარგებლო, უსაფრთხო პროდუქტია, თუ რა თქმა უნდა ნორმალურ პირობებში ინახება და ახალია.

სხვათა შორის, პროდუქტის დაძველება ყველგან არის შესაძლებელი. ძოგჯერ  სამაცივრო დანადგარს ღამით ეკონომიის მიზნით რთავენ. ასეთ მაღაზიებში ძალზე დიდია რისკი, რომ მომხმარებელმა უვარგისი პროდუქცია შეიძინოს.

- ყველაზე ხშირად რომელი პროდუქტის ხარისხს უჩივიან?

- ყველაზე ხშირად უხარისხო იოგურტი მოაქვთ ხოლმე. როგორც წესი,  მომხმარებელი შეიძენს იოგურტს, გახსნის და ის არა მარტო ამჟავებულია, ობიც აქვს მოკიდებული. ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ მაღაზიაში სამაცივრო დანადგარი გარკვეული პერიოდით გამორთული იყო. იგივე ხდება სხვა მალფუჭებად პროდუქტებზეც, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც იოგურტს უჩივიან.

ხათუნა ჩიგოგიძე