სტივენ სიგალი - რეინკარნირებული გურუ - კვირის პალიტრა

სტივენ სიგალი - რეინკარნირებული გურუ

ამერიკაში სტივენ სიგალს თეთრ სამურაის უწოდებენ. მისი კინოგმირები სიმამაცის, შეუპოვრობისა და სიკეთის სიმბოლონი არიან. მსახიობი ოთხი შავი ქამრის მფლობელია: კარატეში, აიკიდოში, ძიუდოსა და კენდოში. აღმოსავლეთი და ყველაფერი, რაც ამ მხარესთან არის დაკავშირებული, სიგალის ცხოვრების წესად და მსოფლმხედველობად იქცა.

ჰოლივუდის ვარსკვლავთა შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ სტივენ სიგალის ცხოვრება იდუმალებით არის მოცული. ის, რაც მსახიობს ცხოვრებაში გადახდენია თავს, ბევრად აღემატება ფილმებში მის მიერ განსახიერებული გმირების თავგადასავლებს. ვარსკვლავი ამ თემაზე ბევრს არ საუბრობს, მხოლოდ მრავალმნიშვნელოვნად იმეორებს უხუცესი ჩინელი ბრძენის ლაო ძის გამონათქვამს: "ვინც ლაპარაკობს - არაფერი იცის, ვინც იცის - არ ლაპარაკობს".

ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის აგენტი

თავგადასავლებისადმი ლტოლვა სტივენ სიგალს მამისგან დაჰყვა, ის მეორე მსოფლიო ომის დროს შანხაიში ვითომდა მისიონერის ფუნქციას ასრულებდა, სინამდვილეში კი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის რეზიდენტი გახლდათ.

ჰოლივუდის მომავალი ვარსკვლავი დეტროიტის გარეუბანში შერეულ ოჯახში დაიბადა (1952 წლის 15 აპრილს). მამა ებრაელი იყო, დედა - ირლანდიელი.

სიგალების ოჯახში აღმოსავლეთის კულტი იყო. ჯერ კიდევ ბავშვობაში შეისწავლა სტივენმა იაპონური და ჩინური ენები და წერა-კითხვა.

17 წლისამ იაპონიაში გამგზავრება გადაწყვიტა აღმოსავლური ორთაბრძოლების სრულყოფილად ასათვისებლად, მაგრამ საამისო ფული არ ქონდა. სწორედ ამ დროს შესთავაზა ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა თანამშრომლობა - მამამისის ყოფილი კოლეგები, ეტყობა, თვალს ადევნებდნენ ნიჭიერ ყმაწვილს. სტივენიც სიამოვნებით დათანხმდა. ასე აღმოჩნდა ამომავალი მზის ქვეყანაში. მას დავალებული ჰქონდა იქაური ბრძოლების ისე შესწავლა, რომ ნამდვილი სამურაისგან არავის გამოერჩია.

იაპონიაში სტივენი თავიდან დიდ სიძნელს წააწყდა - იაპონელები ასე ადვილად თავისი ეროვნული ბრძოლების საიდუმლოებებს არავის უმხელდნენ... ყმაწვილმა მალე რომანი გააბა თავისი სასწავლო ცენტრის პატრონის ქალიშვილთან. როცა მაიკომ (მაიკო - გეიშას პირველი საფეხურია) უთხრა, ორსულად ვარო, სიგალი სასიმამროს ეახლა და ქალიშვილის ხელი თხოვა. მამას სხვა რა დარჩენოდა - დათანხმდა... ამის შემდეგ სტივენი იაპონელებმა თავისიანად მიიღეს და სამი წლის შემდეგ აღმოსავლური ბრძოლების სკოლის სანიმუშო მოსწავლედ ითვლებოდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ იქვე მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. ერთ დღეს კი ორი ამერიკელი მიადგა - ხომ არ დავიწყდა, იაპონიაში წამოსვლის ფული ვინ მოგცაო... სიგალმა ოჯახს დაუბარა, - ცოტა ხნით შტატებში მივემგზავრებიო, თავი კი ვიეტნამის ჯუნგლებში ამოყო. მას არაოსდეს არავისთვის უამბნია, თუ რა გადახდა თავს იქ ყოფნისას. თუმცა პრესაში გაჟონა ცნობამ, რომ სიგალის ჯგუფი ვიეტნამში ჩასვლისთანავე ალყაში მოექცა. სტივენმა რამდენიმე პარტიზანის "გათიშვა" მოახერხა და თავს უშველა, ცოტა ხნის შემდეგ კი მისი ჯგუფის გადარჩენილი წევრებიც მასთან ერთად შვეულმფრენით გამოიყვანეს ჯუნგლებიდან.

ამ თავგადასავლის რამდენიმე ეპიზოდი მის პირველ ფილმში ("ნიკო") შევიდა. ოთხი თვის შემდეგ სტივენი ტოკიოში დაბრუნდა და ოჯახს ამცნო - აღმოსავლური ორთაბრძოლების სკოლა უნდა გავხსნაო. სახელწოდებაც შეურჩია - "ტენსინი" ("ღვთაებრივი ძალა"). ნათესავებს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ, მაგრამ იმის გამო შეშფოთდნენ, რომ სიგალმა საამისოდ აირჩია ტოკიოს ყველაზე სახიფათო რაიონი, რომელსაც იაპონური მაფია "იაკუძა" აკონტროლებდა. ვინ იფიქრებდა, რომ სიგალი სადაზვერვო სამსახურის საგანგებო დავალებას ასრულებდა: მას უნდა მოეხერხებინა ნარკოტიკებით მოვაჭრე საერთაშორისო სინდიკატთან დაკავშირებული იაპონური მაფიის რიგებში ჩანერგვა...

მაფიას არ მოეწონა მის ტერიტორიაზე უცხოს გამოჩენა. სტვიენს სამი კაცი გამოეცხადა და იქაურობის დატოვება მოსთხოვა. სკაადრისი პასუხიც მიიღეს - სიგალმა ერთს თავ-პირი ჩაულეწა, ორს კი ხელები გადაუმტვრია. ერთი კვირის თავზე ამერიკელს უკვე ათი იაპონელი მაფიოზი დაადგა თავს, მაგრამ სტივენმა ყველას კუდით ქვა ასროლინა, ერთი კი ისეთ დღეში ჩააგდო, რომ საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა. ამის შემდეგ სტივენს მოწიწებით შეუთვალეს - ხომ არ ინებებთ მაფიის ბოსთან შეხვედრასო. სიგალიც ამას ელოდა. იაკუძელებმა ამერიკელის ძალა და სიმშვიდე აღიარეს და თავისი წევრების წვრთნა შესთავაზეს. სიგალი დასთანხმდა. მერე მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო: 1979 წლის შემოდგომაზე სტივენი უცებ გაქრა, მიატოვა ცოლი, ქალიშვილი და ახალშობილი ვაჟი. ოჯახი მას ამაოდ ეძებდა, ბოლოს, უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს...

გავიდა ხანი და ინტერპოლის აგენტებმა, დაზვერვის ბურომ და იაპონიის პოლიციამ, მომავალი კინოვარსკვლავის მეშვეობით ხუთასი მაფიოზი დააპატიმრეს. ერთ დღეში მოსპეს ნარკოტიკებით მოვაჭრეთა საგულდაგულოდ შენიღბული ქსელი.

სიგალი ახლა ცენტრალურ ამერიკაში აღმოჩნდა - სალვადორის, გვატემალის და ჰონდურასის პრეზიდენტების დაცვას ქმნიდა. 1984 წელს კი, აშშ მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის დავალებით, პანამის დიქტატორის, ნორიეგას პირადი მცველი გახდა. სიგალი ირანის შაჰისა და აფრიკის ეპისკოპოსის დესმონდ ტუტუს საგანგებო დაცვაშიც მუშაობდა. ბოლოს, გადაწყვიტა - მეყოფა, ჩემი ვალი ცსს-ს წინაშე პირნათლად მოვიხადე, ახლა თავისუფლებით უნად დავტკბეო.

მოდური მკურნალი

სტივენ სიგალი ჰოლივუდში დასახლდა და აღმოსავლური კულტურის ცენტრი გახსნა, სადაც ტრადიციულ ორთაბრძოლებთან ერთად, კლიენტებს ბალახეულით და ნემსის ჩხვლეტით მკურნალობის კურსების გავლა შეეძლოთ. ხმა დაირხა, - ვიღაც სიგალი ყველანაირ დაავადებას კურნავსო და მიაწყდნენ ცენტრს კინოვარსკვლავები. ერთ-ერთი პირველი კლიენტი შონ კონერი იყო. ცნობილ "აგენტ 007-ს" სულის ხუთვა სჭირდა და სიგალმა სამ თვეში მოარჩინა. დასტინ ჰოფმანი კუჭის წყლულისგან ცოტა ხანში განიკურნა.

სიგალთან კინოკომპანია "უორნერ ბრაზერსის" პრეზიდენტი, მაიკლ ოვიცი მივიდა. კინომაგნატი შაკიკსა და გადაღლას უჩიოდა. სტივენმა ნემსოთერაპიით რამდენიმე დღეში დააყენა. მადლიერმა პაციენტმა კინოში გადაღება შესთავაზა მკურნალს. რატომაც არა, - უპასუხა სიგალმა, - თუ აიკიდო ავითვისე სრულყოფილად, ხელოვნების სხვა დარგებშიც შემიძლია პირველი ვიყოო.

სტივენმა მეორე დღესვე მიიღო ოვიცისგან ხუთი ფილმის სცენარი, მათ შორის ამოირჩია ერთი - ვიენტამის ომის ვეტერანზე, რომელიც შემდეგ პოლიციელი გახდა. სტივენმა სცენარი გადააკეთა - თავისი თავგადასავალიც დაუმატა. ასე შეიქმნა ფილმი "კანონზე მაღლა" ("ნიკო").

დიდი გურუს რეინკარნაცია

სახელის მოხვეჭის შემდეგაც სიგალი კინოს არ მიიჩნევს თავისი ცხოვრების მთავარ საქმედ. "მსოფლიოში ბევრად მნიშვნელოვანი რამეები ხდება, ვიდრე, ვთქვათ, "ოსკარის" ცერემონიებია. კინობიზნესი რომ დაიმსხვრას, გიტარას ავიღებ და მუსიკას შევქმნი. უკვე რამდენიმე დისკი მაქვს გამოშვებული. მუსიკა ღმერთების ენაა, ის ადამიანებს აერთიანებს მშვენიერებისკენ სწრაფვაში", - ამბობს მსახიობი.

სიგალი განაგრძობს აიკიდოს სწავლებას, მაგრამ მისი მთავარი სულიერი ნავსაყუდარი ბუდიზმია, კერძოდ, ლამაიზმი. 1998 წელს ნამდროლინგის მონასტერში ღრმად პატივცემულმა ლამამ, პერონ ნირპოჩემ სიგალი XVII საუკუნეში მოღვაწე ცნობილ ტიბეტელ გურუს, ჩორდენა დორჯის რეინკარნაციად - ტურკუდ შერაცხა. ლამაიზმში ტურკუ სულიერი მასწავლებლის, გურუს რეინკარნაციაა, რომელიც მოწაფეებს მედიტაციასა და სრულყოფილებაში ეხმარება. ლამები შეშფოთდნენ, - როგორ შეიძლება, კაცი, რომელიც ძალადობის და სიკვდილის მქადაგებელ ფილმებში მონწილეობს, გურუ გახდესო. ამის პასუხად სიგალმა რამდენიმე ფილმზე დადებული კონტრაქტი გააუქმა.

სამი წელიწადი აღარაფერი ისმოდა სიგალის შესახებ. ის კი, ამ დროს ლოს-ანჯელესსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას შორის (ტიბეტი, ნეპალი, ინდოეთი, ტაილანდი) დაჰქროდა. მერე ისევ კინობიზნესს დაუბრუნდა. მაგრამ ახლა სულიერი ღირებულებების მქონე ფილმების შექმნას აპირებს...

მოამზადა თინათინ მარგველაშვილმა