საქართველოს "დაბურვა" იწყება?! - კვირის პალიტრა

საქართველოს "დაბურვა" იწყება?!

რა საერთოა ჯეიკობ ზუმასა და მიხეილ სააკაშვილს შორის

სამხრეთაფრიკელ ბურებს ქართველები კარგად ჰყავთ დაცდილი. ნიკო ბური (ბაგრატიონი) ინგლის-ბურების ომში,  ჰოლანდიელი გლეხების მხარეზე (ბური ჰოლანდიურად გლეხს ნიშნავს) იბრძოდა. მეორე ქართველი კი, რომელიც ბაგრატიონების ნათესაობას იბრალებს, მათ საქართველოში ჩამოსახლებას სთავაზობს. ალბათ მიხვდით, საქართველოში აფროჰოლანდიელი გლეხების ჩამოსახლება მიხეილ სააკაშვილის მორიგი იდეაა. უფრო ზუსტად, შავკანიანი მოსახლეობისგან შევიწროებულ ბურებს, უკვე დიდი ხნის მანძილზე სურდათ სამხრეთ აფრიკის დატოვება.

მათი სურვილი და სააკაშვილის იდეა მშვენივრად მოერგო ერთმანეთს - უკვე მიმდინარეობს ქართულ-ბურული მოლაპარაკებები, რომ 41 ათასი ჰოლანდიელი გლეხი საქართველოში ჩამოსახლდეს და ფერმერული მეურნეობის განვითარებაში დაგვეხმაროს.

საერთოდ, ჩვენი პრეზიდენტი ხან მზარეულებს თევზის შეწვას ასწავლის, ხან მეხორცეებს ხორცის დაკონსერვებას, ხან კი, აგრონომებს კარტოფილის მოყვანას. მეღვინეობა, ეტყობა არ იცის და სურს, რომ ბურებმა კახელებს ან ქართლელებს ღვინის დაყენება ასწავლონ. მოკლედ, თავის სტილში გაუ-ბურა ჩვენმა მიშამ.

თუ ბურები აქ თავისი ინვესტიციებით გადმოსახლდებიან, შესაძლოა, ცუდი იდეა არც იყოს. უბრალოდ, ჰოლანდიელ გლეხებს, ჩვენი პირველი ლედის ხათრით ავუხსნით, თუ რა საერთო აქვს საქართველოსა და სამხრეთ აფრიკას. რა იცი, იქნებ გადაიფიქრონ ამსიშორეზე გადმოხვეწა.

ან მეორე მხრივ, თავს ისე იგრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში.

მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში ჰყავთ ჯეიკობ ზუმა, საქართველოში გვყავს სააკაშვილი მიშა. პრეზიდენტი ზუმა საერთაშორისო ტრიბუნებიდან სულ რასობრივ თანასწორობაზე საუბრობს.

სინამდვილეში, ის ცნობილია, როგორც "შავი რასისტი" და თეთრკანიანი მოსახლეობის ფარულად შევიწროების ინიციატორი.

ჩვენი მიშა 24 საათის განმავლობაში, უცხოური ორგანიზაციების გასაგონად, დემოკრატიაზე და მედიის თავისუფლებაზე გაჰყვირის. რა თქმა უნდა, მას ზუმაზე მეტად ნამდვილად არ რცხვენია, რომ სიტყვა საქმეს  არ შეესაბამება.

სამხრეთ აფრიკაში, 1994 წელს ხელისუფლებაში მოვიდა “აფრიკული ნაციონალური კონგრესი". მას შემდეგ, ეს პარტია სულ ხელისუფლებაშია. თითოეულ არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოსდევს. თუმცა, იქაურ მმართველ პარტიას ეს ფეხებზე ჰკიდია და წასვლას არსად აპირებს.

2003 წელს საქართველოში ხელისუფლება ზეპარტიულმა ნაციონალურმა მოძრაობამ  ჩაიბარა და მეორედ მოსვლამდე, ძალაუფლების შენარჩუნება სურს.

მოსახლეობა თეთრებად და შავებად მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში არ იყოფა. ასეა საქართველოშიც. ჩვენი ზანგები ჩვენც გვყავს. ასეთნი არიან 35-ს, 40-50 წელს გადაცილებული მოქალაქეები, რომელთაც ნორმალური სამსახურისკენ გზა გადაკეტილი აქვთ. ამას "აპარტეიდი მიშურად" ჰქვია და შესაძლოა, ბევრით არ განსხვავდებოდეს სამხრეთაფრიკული ანალოგისგან.

სამხრეთ აფრიკაში ცხოვრების ნორმალური დონე მხოლოდ მსხვილ ქალაქებშია - ქეიფთაუნსა და იოჰანესბურგში. ქვეყნის სხვა რეგიონებში მოსახლეობა როგორც ცხოვრობს, ეს ნახა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასულმა ათასობით უცხოელმა. თუმცა, დახე საოცრებას - – არჩევნებში ყველაზე მეტ ხმას “აფრიკული ნაციონალური კონგრესი” სწორედ პროვინციებში იღებს ხოლმე.

ზედმეტი კითხვით რომ არ დაიღალოთ, ზემო აბზაცში“სამხრეთ აფრიკის” მაგივრად "საქართველო" ჩასვით, ქეიფთაუნ-იოჰანესბურგის ნაცვლად "თბილისი", აფრიკული ნაციონალური კონგრესი კი, "ნაციონალური მოძრაობით" ჩაანაცვლეთ.

მეტს აღარ გავაგრძელებთ. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, წაიკითხავენ თუ არა ამ სტატიას აფროჰოლანდიელი გლეხები. სამაგიეროდ, წაიკითხავენ მათი ქართველი კოლეგები და შესაძლოა, ქართლელებს ან კახელებს სამხრეთ აფრიკაში მოუნდეთ გადასახლება, რათა იქაურებს ბანანის კრეფა ასწავლონ.

გიორგი კვიტაშვილი