რვაფეხა პაულის ძეგლს დაუდგამენ?! - კვირის პალიტრა

რვაფეხა პაულის ძეგლს დაუდგამენ?!

გერმანიის ქალაქ ობერჰაუზენის აკვარიუმ ”ზეელაიფში” მთელი სამყაროს ისტორიაში ყველაზე ცნობილი რვაფეხა - პაული მოკვდა. ფეხბურთის მოყვარულებს ალბათ არასოდეს დაავიწყდებათ წლევანდელი ზაფხული, რომელსაც პაული თავისებურ ეშხსა და ლაზათს მატებდა. ის იმდენად ზუსტად ახერხებდა მომავალი მატჩის შედეგის გამოცნობას, რომ მთელ მსოფლიოს გაოგნებულს ტოვებდა. ამ ნიჭის წყალობით რვაფეხამ პოპულარობაც მოიხვეჭა და სამართლიანად დაიმკვიდრა ”წინასწარმეტყველის” სახელი.

უცნაურია, მაგრამ რვაფეხამ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების მიერ ჩატარებული ყველა მატჩის შედეგი წინასწარ გამოიცნო. მანვე ”იწინასწარმეტყველა” მსოფლიო ჩემპიონის (ესპანეთი) და მესამე ადგილის მფლობელის (ჰოლანდია) ვინაობა. ძნელია ითქვას, რა იყო ეს - ჩვეულებრივი დამთხვევა თუ რვაფეხას უბრალოდ უმართლებდა.

თავისი ”მოღვაწეობა” ცნობილმა რვაფეხამ 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაიწყო. მაშინ პაულიმ გერმანიის ნაკრების ყველა მატჩის შედეგი გამოიცნო, მხოლოდ ბოლოს მოტყუვდა: ფინალში გერმანელების გამარჯვება ”იწინასწარმეტყველა”, თუმცა ევროპის ჩემპიონები ესპანელი ფეხბურთელები გახდნენ, რის გამოც მას გერმანიის გულშემატკივართა ნამდვილი რისხვა დაატყდა თავს.

წინასწარმეტყველების პროცესი ამგვარად მიმდინარეობდა: მატჩის წინ გამოცდილ ”მკითხავს” თავისი საყვარელი მიდიებით სავსე ორ ყუთს უდებდნენ წინ. ამ ყუთებზე მოწინააღმდეგე ქვეყნების დროშები იყო გამოსახული. პაული რომელი ყუთიდანაც ჩაიტკბარუნებდა პირს, რატომღაც სწორედ იმ ქვეყნის ნაკრები იმარჯვებდა. ერთხანს ცხოველთა დამცველები პაულის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, თუმცა სპეციალისტების თქმით, წინასწარმეტყველებით განთქმული რვაფეხა დამოუკიდებელ ცხოვრებას არ იყო მიჩვეული და დაუხმარებლად საკვებსაც ვერ მოიპოვებდა.

პაულის დაღუპვამ მისი თაყვანისმცემლების აღშფოთება გამოიწვია. ზოგი ფიქრობს, რომ პაული მოკლეს, ერთ-ერთი მათგანი წერს: ”ჩემი აზრით, ეს მკვლელობაა! ეტყობა თავისი ბობოქარი მოღვაწეობის მანძილზე რვაფეხამ ბევრი მტერი გაიჩინა. ის ნამდვილად მოკლეს! რატომ ვერ დაიცვეს სიკვდილისგან ეს დიდი წინასწარმეტყველი?!” ზოგიერთი გულშემატკივრის აზრით კი ”მკითხავს” ბუნებრივი სიკვდილი ეწვია.

თუმცა, როდესაც ცნობილ რვაფეხაზე გამოთქმულ შეხედულებებს ვეცნობით, იქ დიდ აზრთა სხვადასხვაობას ვაწყდებით. სხვათა შორის, მის მიმართ ბოროტ ხუმრობასაც აქვს ადგილი: ერთ-ერთი ”ფანი” მაგალითად, ასეთ რჩევას იძლევა: ”პაული ლენინთან უნდა დაასაფლაონო”. ასეა თუ ისე, არც ერთ რვაფეხას კაცობრიობის ისტორიაში ამხელა ყურადღება არ ღირსებია. როგორც პაულის ”ჭირისუფლები” იუწყებიან, სახლგანთქმულ რვაფეხას გაყინავენ და ძეგლსაც დაუდგამენ. სწორედ ამაზეა ზედგამოჭრილი ხალხური გამონათქვამი: ბედი მომეცი და სანეხვეზე გადამაგდეო...

ხათუნა ჩიგოგიძე