ნაგავში ჩაძირულები... - კვირის პალიტრა

ნაგავში ჩაძირულები...

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ზედიზედ აღმოვჩნდი დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. წერეთლის გამზირის გადაკვეთისას მუდმივად რკინის, გადასასვლელი ხიდით ვსარგებლობ. პირველივე შემთხვევისას თვალში მეცა ნაგვით გავსებული გასასვლელი. მოგეხსენებათ ამ ახალ, გადასასვლელ ხიდებს გვერდებზე უზარმაზარი თუნუქის სარეკალამო დაფები აქვს აკრული. ამიტომაც გადახურულ და რეკლამებით აჭედილ ხიდზე ნაგავი მშვენივრად არის ”შენიღბული”. თავისუფლად ქარიც ვერ დათარეშობს, თორემ ალბათ ცოტას გაფანტავდა მაინც...

 

პირველ დღეს მეგონა, რომ უბრალოდ მეეზოვეებს ავასწარი ხიდზე გავლა. მეორე დღეს მივხვდი, რომ მეეზოვეები იქ საერთოდაც არ ადიან. მესამე დღეს მისულს კი ნაგავი მომრავლებული რომ დამხვდა, საშინელ ხასიათზე დავდექი...

მართალია ხიდზე სანაგვე ურნები არ დგას, მაგრამ ნუთუ ასე ძნელია ორიოდე წუთით, სანამ ხიდს ჩაათავებ და ნაგვის ურნასთან მოხვდები, ძირს არ დაყარო პლასტმასის ბოთლები, კონსერვის ქილები (როგორც ჩანს ეს გადახურული და შემოღობილი ხიდი კარგ ”საქეიფო” ადგილად მიაჩნია ზოგიერთს), არყის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები, ქაღალდები და კიდევ უამრავი ხარა-ხურა. სულ რომ არ ავიდეს მეეზოვე ხიდზე, რატომ უნდა იყოს ამდენი ნაგავი (არ იფიქროთ მეეზოვეებს ვამართლებდე)?

ფსიქოლოგი სოფო ვერულაშვილი:  ”გარემოს დანაგვიანება პირველ რიგში შინაგან კულტურაზე მიუთითებს. მარტივი ფორმულაა, ადამიანს რაც სულში აქვს, ისე იქცევა... თუ სული სუფთა გაქვს, არასოდეს იცხოვრებ ნაგავში.

ეს ხშირ შემთხვევაში არასწორი აღზრდის შედეგიც არის. ჯანსაღად აღზრდილი ადამიანი, ჯანსაღი სულის მატარებელია და ჯანსაღი სხეული აქვს. გარემოსაც ჯანსაღად ექცევა და არ აბინძურებს...

სამწუხაროდ, ახალი თაობის აღზრდის თვალსაზრისით ცუდად გვაქვს საქმე.  მშობელი შვილების აღზრდით თითქმის არ არის დაკავებული! ამიტომაც ბავშვებს სითბო და მოფერება აკლიათ... დედები სამსახურის საქმეებზე ან დროს ტარებაზე არიან გადაყოლილი. შვილები ძიძებთან ჰყავთ მიბარებული ან  საერთოდ უპატრონოდ მიტოვებული.

არადა, სწორი აღზრდა-განათლება, სითბო და მოფერება სჭირდება ბავშვს ჯანსაღად ჩამოყალიბებისა და სულის სისუფთავისთვის! ცუდად აღზრდილი და გაბოროტებული ადამიანები თავის სახლსაც კი ანაგვიანებენ და ნაგავში ცხოვრობენ პროტესტის ნიშნად”.

P.S. გასაგებია, რომ ამ ქვეყანაში ბევრი რამ იწვევს პროტესტს, მაგრამ ჩვენ ხომ ყველანი აქ ვცხოვრობთ, გამოვუცხადოთ პროტესტი საკუთარ ქცევებს, დაუდევრობას და სხვისთვის გავხდეთ მაგალითის მიმცემნი. ნუ დავანაგვიანებთ ქუჩებს, ჩვენი სულიერი მდოგმარეობის სარკეს.