ნადირობის სეზონი - კვირის პალიტრა

ნადირობის სეზონი

ნეტავ, რამდენი ხანია, რაც აქ ნადირობის სეზონი გაიხსნა;

ნეტავ რამდენი ხანია, მეშინია ჭავჭავაძის, კოსტავას, რუსთაველის ჩავლა (ქუჩების, რა თქმა უნდა);

ნეტავ რამდენი ხანია, ღამეულ კოშმარად ვხედავ ერთ შავტუხა მონადირეს, თან - გოგოს, თან - პატარას, ასე, ათ წლამდე. რანაირი მონადირეა, თოფი არ აქვს, ან ჩემი მონადირება რაში სჭირდება, რომელი მწყერი მე ვარ, ჩემი ხორცი იჭმეოდეს. არადა, სიზმარშიც კი ვიცი, რომ ეს გოგო დაუნდობელი მონადირეა და აუცილებლად რამე უნდა მავნოს. აი, ასე, საფრთხის შიშით და მოლოდინით მეღვიძება.

 დამახასიათებელი ნიშნები:

ეს დაუნდობელი მონადირეები წარმოშობით ბოშები არიან.  ვუწოდებთ "ციგნებს". ძირითადად გვხვდებიან ქალაქის ცენტრში, მათი სიმრავლე განსაკუთრებით რუსთაველზე შეინიშნება. არიან ძალიან ახალგაზრდები.

გოგონები: შავები, ოდნავ  მოწითალო თმით. ბიჭები: შავები, მუქი თმით. მათთვის უცხოა შიში...  არ ეშინიათ პატრულის, არც - გაბრაზებული მოქალაქის, რომელსაც რამე დაუშავეს; მით უმეტეს არ ეშინიათ გაბრაზებული პატრულის, რომელსაც ის დაუშავეს, რომ მოქალაქეს ავნეს. აქვთ ფეთქებადი ხასიათი.

KvirisPalitra.Ge

ძირითადი საქმიანობა:

ნადირობა. ნადირობენ ადამიანებზე, მათი ნაალაფევი, წესით, მხოლოდ ხურდები უნდა იყოს, მაგრამ თუ ნებაყოფლობით არ დაეხმარები, გაიძულებენ.

იძულების წესები:

მრავალფეროვანი. მშვიდობიან მოქალაქეს წრეში მოაქცევენ, მოქაჩავენ ჩანთას, ან სულაც წაართმევენ; გაფურთხებენ და წიხლებსაც არ იშურებენ, გაწამებენ და ასე წამებით გამოგძალავენ ხურდებს.

...მე მას ოთხი წლის წინ შევხვდი. ზუსტად მათნაირს – შავტუხა გოგოს, მოწითალო თმით. შევხვდი რა, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ ჩემი "დაყაჩაღება" მოინდომა. ხურდა არ მივეცი, გაბრაზდა, შემომახტა (ან როგორ მომწვდა მასზე გაცილებით მაღალს), და ჩემს "ზიზია", ახალნაყიდ საყურეს ჩაებღაუჭა. უსისხლოდ გადავრჩი – საყურე გაიხსნა და ხელში შერჩა. მეორეც მოვიხსენი და მივეცი (ეს ძალიან ჰგავდა "მარცხენა ლოყაში რომ გაგარტყამენ, მარჯვენა მიუშვირე"- ს პრინციპს), - ცალი საყურე, აბა, რაღაში გამომადგებოდა...

ჩემთვის ნადირობის სეზონი სწორედ მაშინ დაიწყო... და მე ამ ნადირობის გაჰუმანურება გადავწყვიტე (როგორ შეიძლება, ნადირობა იყოს ჰუმანური?!- რომ არ შეიძლება, ამას მალე მივხვდი).

ამ გოგოს მოთვინიერება ადვილი არ აღმოჩნდა. გადავწყვიტე, ჩემი სამკაულებით გამენებივრებინა და მალე სულ მის ყელ-ყურზე ეკიდა ლამაზ-ლამაზი ბიჟუტერია. მაინც არასდროს მენდობოდა: არც მაშინ, როცა ლექციებს შორის მასთან პატარა დიალოგის გამართვას ვცდილობდი და რომელიც მონოლოგი გამოდიოდა, არც მაშინ, როცა ვკვებავდი: მხოლოდ ერთხელ დასცდა რამდენიმე სიტყვა: "შენ რა ჩემსავით გახდომილი ხარო" (გამხდარს გულისხმობდა), -  შევეცოდე. და როცა მეგონა, რომ ეს პატარა მხეცუნა მოვათვინიერე, ყველა იმედი წყალში ჩამეყარა. ისევ ადამიანებზე ნადირობდა, თან - იმავე ადგილას, თან - დიდი აზარტით. ვიღაც გოგოს აიძულებდა, მისთვის ჩანთა დაეთმო, მაგრამ ეს გოგო მაგარი აღმოჩნდა და მონადირე წარმატებით მოიგერია.

გამომდინარე იქიდან, რომ მე "მაგარი გოგო" არ ვარ და თავი სუსტი გულის ადამიანი მგონია, ზოგჯერ ღამეული ნადირობები მაქვს ხოლმე, მაგრამ, აბა, სიზმარში რა უნდა წამართვან. იმ წარუმატებელი მცდელობის შემდეგ დიდი ხანი გავიდა. ჩემს ბოშას ვეღარც ვიცნობ, ცხრამეტის მაინც იქნება ახლა, იქნებ შვილიც ჰყავს, რომელსაც, იმედია, მონადირული სული არ გამოჰყვება და ერთ დღესაც სუსტი გულის ადამიანების დაშინებას არ გადაწყვეტს.

ნადირობის გახურებული სეზონია, რომელიც თითქმის არასდროს მთავრდება.

გაგიმართლათ, თუ მათი სამიზნე არასდროს გამხდარხართ, მაგრამ პოტენციური სანადირო ობიექტი მაინც ხართ, ამას ვერსად გაექცევით.

ჩვენ კი, უკვე გამოცდილი ობიექტები, მწარე გამოცდილების გამო მათ დანახვისთანავე გავრბივართ, უფრო მშიშარები ვერიდებით ცენტრალურ ქუჩებს. თუ მაინც გამოგვიჭირეს, საკუთარი ნებით ვაძლევთ უკანასკნელ თეთრებს და იქით ვუხდით მადლობას: ისინიც კმაყოფილები რჩებიან ნადავლით და ჩვენც - ადვილად რომ გადავრჩით.

მათთვის არ არსებობს ნადირობის აკრძალული სეზონი.

არა, მათ არაფერი გამოასწორებს.

სალომე შენგელიძე