როგორ ესმის სააკაშვილს დემოკრატია - კვირის პალიტრა

როგორ ესმის სააკაშვილს დემოკრატია

1993 წლის თბილისი და "ლასკოვი მაის" კონცერტი არ მახსოვს, მაგრამ კარგად მახსოვს 90-იანი წლების ბათუმი და მუსიკალური ფესტივალები რუსული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, რომლებიც ბათუმში ასლან აბაშიძეს ჩამოჰყავდა.

კარგად მახსოვს, ლამის ნახევრად დალეწილი ბათუმის საზაფხულო თეატრი და ხეების კენწეროებზე შემომსხდარი ბათუმელები, რომლებიც ბოგდან ტიტომირის თუ ნატაშა კოროლიოვას სანახავად სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდნენ.

არასოდეს დამავიწდება, როგორ იხოკავდნენ სახეს ქართველი გოგონები და განწირული ხმით ბღაოდნენ, როცა ვლადიმირ პრესნიაკოვის კონცერტზე ვერ მოხვდნენ. მახსოვს, ერთს ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა და მთელი ხმით ტიროდა, - პრესნიაკოვი ერთხელ მაინც დამანახეთო.

დღეს საქართველოში რუსულ ესტრადაზე ასე აღარავინ გიჟდება და ეს ცალსახად დადებითი მოვლენაა. არ ვიცი, არის თუ არა ეს მიშას დამსახურება და ОРТ-ს თუ  НТВ-ს გათიშვის ბრალი, მაგრამ კარგი რომ არის, ეჭვი არ მეპარება. მართალია, რუსი ვარსკვლავების დასავიწყებლად ხელისუფლებას ზოგჯერ საეჭვო ღირებულების სხვა უცხოელი მომღერლები  ჩამოჰყავს, მაგრამ ამასაც ავიტანთ.

აბსოლუტურად ვეთანხმები სააკაშვილს, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ რუსულ კულტურას პატივს უნდა ვცემდეთ, მაგრამ მისი გავლენის ქვეშ არ უნდა მოვექცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც მისი პოლიტიკური გავლენისგან გავთავისუფლდებით. ამიტომ ამ საკითხში აბსოლუტურად მხარს ვუჭერ, მაგრამ მეორე საკითხი ტელეარხების გათიშვაა. არის ეს დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლების საქციელი?!

სხვას კი არაფერს აკეთებენ ირანში, როდესაც მათთვის არასასურველ უცხოურ არხებს კრძალავენ. ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ: შეიძლება რუსული არხების არსებობას ჩვენთვის მეტი სამსახური გაეწია, ვიდრე გათიშვას, რადგან ყველა ქართველი კარგად ნახავდა, როგორ "ვუყვარვართ" რუსებს. ნახავდა, რა სიძულვილის და დეზინფორმაციის ნიაღვარს ანთხევენ ისინი ჩვენი მისამართით და ზოგიერთი პოლიტიკოსი, თუ საზოგადო მოღვაწე  ქართველ ხალხს ვეღარ "დააბოლებდა", რომ რუსები ჩვენი ძმები არიან და ჩვენ ვერაფერი დაგვაშორებს. მოკლედ, რუსული არხების ბედი ნაკლებად მადარდებს, მაგრამ მადარდებს ჩვენი, დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი.

სააკაშვილს დემოკრატია ყოველთვის თავისებურად ესმოდა. რუსულ არხებს რომ თავი დავანებოთ, მისთვის აბსოლუტურად დემოკრატიული საქციელია ყველა ქართული ნაციონალური არხის პროპაგანდის მანქანად გადაქცევა. მას შეუძლია არა მარტო მოსახლეობა, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების გაცურებაც. სააკაშვილი დიდი ხანია უტარებს უცხოელებს "კუკავას ტესტს" როგორც თავად დაარქვა. ანუ, როდესაც ეუბნებიან, საქართველოში არ არის პრესის თავისუფლება და ტელევიზიები ხელისუფლების გავლენის ქვეშ არისო, იგი პასუხობს: ჩართეთ "რუსთავი 2" და ნახეთ, აშუქებს თუ არა ეს არხი რომელიმე ოპოზიციონერს, მაგალითად კუკავასო? აშუქებს, ესე იგი თავისუფალია. იმავე გამოსვლაში, რომელსაც ეს წერილი ეძღვნება, სააკაშვილმა  ქართველი ხალხის გასაგონადაც თქვა: როდესაც კუკავა დილით "პახმელიაზე" გაიღვიძებს და რაღაცას წამოროშავს, თუ მისი ნათქვამი 3 საათიან "კურიერში" მოხვდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართო. ხოლო ის, რომ ამ არხებზე იბლოკება სხვადასხვა ინფორმაცია, არ შუქდება არც დევნილების, არც მოვაჭრეების აქციები, ნაკლებად აინტერესებს.

მიშას არხები არ ამზადებენ ავღანეთში დაღუპული ბიჭების შესახებ ვრცელ რეპორტაჟებს, თითქოს ისინი არც არსებობდნენ... სამაგიეროდ გვაჩვენებენ და გვაჯერებენ, რა საამურია საქართველოში ცხოვრება. ეს ყველაფერი დემოკრატია ყოფილა.

რა თქმა უნდა, კუკავას უნდა ჰქონდეს საშუალება თავისი აზრი მოსახლეობამდე მიიტანოს, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ იქნება ამ ტელევიზიების თავისუფლების განმსაზღვრელი კრიტერიუმი. ტელევიზიების და ზოგადად მასმედიის თავისუფლების კრიტერიუმია, რამდენად აქვს ჟურნალისტს საშუალება იმ თემაზე მოამზადოს რეპორტაჟი, რომელიც საინტერესოდ და აქტუალურად მიაჩნია.

როდესაც ჟურნალისტები რეპორტაჟებს მხოლოდ ხელისუფლების საამებლად ამზადებენ, ეს ტელევიზია ვერაფრით იქნება თავისუფალი, თუნდაც დღეში ათჯერ კუკავას განცხადებებს გადასცემდეს.

ამას წინათ მე-12 კლასელებმა პარლამენტთან და განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს და საატესტატო გამოცდების გაუქმება მოითხოვეს. არ ვსაუბრობ იმის შესახებ, სამართლიანია თუ არა მათი მოთხოვნა. უბრალოდ შეგახსენებთ, როგორ დაიწყო ამ ამბის თხრობა "რუსთავი 2-ის" წამყვანმა: "მოსწავლეებმა, რომლებსაც სწავლა არ უნდათ, დღეს აქცია გამართეს" - გვამცნო ზაალ უდუმაშვილმა. ამ ერთ წინადადებაში ჩანს არა მარტო ის, თუ როგორი დამოუკიდებელია "რუსთავი 2", არამედ ისიც, რას და ვის ემსახურება არხი.

საქმე იმაშია, რომ ამ მოსწავლეებს წინა დღეს პრეზიდენტმა უწოდა ოროსნები და გამოაცხადა, რომ აქციებით გამოცდებს ვერავინ გააუქმებინებს. პრეზიდენტის შეფასების შემდეგ "რუსთავი 2-საც" შეუძლია გამოაცხადოს, რომ ესენი არიან მოსწავლეები, რომლებსაც სწავლა არ უნდათ. არადა ბავშვები მხოლოდ იმ საგნების ჩაბარებას აპროტესტებდნენ, რომლებიც საერთოდ არ უსწავლიათ, ან ძალიან ცუდად ასწავლეს.

ასეც რომ იყოს და ამ მოსწავლეებს სწავლა არ უნდოდეთ, ვინ მისცა "რუსთავი 2-ის” წამყვანს უფლება, ასეთი შეფასებები აკეთოს. ეს ხომ ყველა სტანდარტის დარღვევაა, მაგრამ რას მიქვია სტანდარტი, როდესაც პრეზიდენტმა ბრძანა ეს ბავშვები ოროსნები არიანო. სიუჟეტიც პრობლემის არსის ახსნას კი არ ეძღვნებოდა, არამედ იმის წარმოჩენას, თუ რა უსწავლელები არიან ბავშვები, რომლებიც მიტინგებს მართავენ.

დადიოდა ჟურნალისტი და მათ ეკითხებოდა: აბა, თუ იცით პირველ მსოფლიო ომში რომელი ქვეყნები მონაწილეობდნენო. ნეტა "რუსთავი 2-ის" რამდენმა ჟურნალისტმა იცის ეს? (ნეტა იმ ჟურნალისტმა თუ იცის, რომელმაც ერთ-ერთ სიუჟეტს დაარქვა: "შეხვედრა ორნელა მუტთან" და სიუჟეტში რამდენჯერმე გაიმეორა: ორნელა მუტმაო).

მოკლედ, დამოუკიდებელი და ობიექტური არხი "ოროსნების" სიუჟეტს დაიწყებდა ასე: "დღეს მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა აქცია გამართეს" და მოყვებოდა, რას ითხოვენ ბავშვები და რა პასუხი აქვს ამაზე განათლების სამინისტროს. თუმცა ხელისუფლებას სურდა, რომ ეს ბავშვები უსწავლელები და გაუნათლებლები გამოჩენილიყვენენ და "რუსთავი 2-მაც" სწორედ ეს გააკეთა.

ანუ რა არის საკაშვილსთვის დმეორკატია? მისთვის დემორკატია არის ის, როდესაც ყველა იმას აკეთებს, რაც მას სწორად მიაჩნია!