თეა თუთბერიძე შაშკინის წინააღმდეგ… - კვირის პალიტრა

თეა თუთბერიძე შაშკინის წინააღმდეგ…

თავისუფლების  ინსტიტუტის წარმომადგენელი და  "სკოლის დირექტორთა ასოციაციის"  ხელმძღვანელი  თეა თუთბერიძე  განათლების მინისტრს, დიმიტრი შაშკინს  კვლავაც უპირისპირდება. ყოფილი "კმარელის" თქმით, სამინისტროში დაბარებულ  დირექტორებს თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებებზე ხელი იძულებით მოაწერინეს. ამის მიზეზი კი სკოლის მოსწავლეების აქცია გახდა, რომლებიც საატესტატო გამოცდების გაუქმებას ითხოვდნენ.

თეა თუთბერიძე: 9 ნოემბერს, დაახლოებით საღამოს 5-ის ნახევრისთვის, განათლების სამინისტროში დაიბარეს საჯარო სკოლების დირექტორების ნაწილი, რომელთაც დაკავებული თანამდებობების დატოვება მოსთხოვეს.

აღსანიშნავია, რომ დირექტორებს ჩანთები და მობილური ტელეფონები შესასვლელშივე დაატოვებინეს. როგორც ჩანს, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა გაითვალისწინეს მე-11 სკოლასთან დაკავშირებით მომხდარი შემთხვევა, როცა ერთ-ერთმა დირექტორმა მოახერხა და მასზე ზეწოლის ფაქტი გადაიღო, რითაც დადასტურდა, რომ მაღალი თანამდებობის პირები უკანონო მოთხოვნებს უყენებდნენ.

თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ვიდეოჩანაწერის გარეშეც ძალიან საეჭვოა ფაქტი, რომ  "ერთ მშვენიერ დღეს" ერთდროულად ამდენ დირექტორს სამსახურის დატოვების თაობაზე განცხადების დაწერა მოუნდა.  … ამ ფაქტის რეალური მიზეზი უკავშირდება აქციას, რომელიც  სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით გამართეს.

რამდენადაც ვიცი, განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა დირექტორებს მათი მოსწავლეების აქციაში მონაწილეობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები აჩვენა და შემდეგ ხელი იძულებით მოაწერინა გამზადებულ ტექსტზე, რომელიც ასე ჟღერდა: "გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან". ერთ-ერთმა დირექტორმა უარი განაცხადა ამ მოთხოვნის შესრულებაზე, თუმცა განათლების სამინისტროში მეორე დღესაც დაიბარეს. ამჟამად არავინ იცის ეს უკანასკნელი ზეწოლას გაუძლებს თუ არა, განათლების სამინისტროს მეთოდები ხომ ყველასთვის კარგად ცნობილია - "ურჩ" დირექტორებს გენინსპექციის წარმომადგენლებს უქსევენ, რომლებიც სკოლებში საბუთების ქექვას იმ მიზნით იწყებენ, რომ როგორმე დანაშაულის სამხილი აღმოაჩინონ... შემდეგ განათლების სამინისტრო სამეურვეო საბჭოს სთხოვს  დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას და ყველამ კარგად ვიცით, როგორ სრულდება ეს პროცესი - ხშირად დირექტორი ისჯება მანამ, ვიდრე მისი ბრალეულობა გაირკვევა.

ცალსახად ვაცხადებ, ამაზრზენია ის, რაც განათლების სისტემაში ხდება. რომელ დემოკრატიაზე ან განათლების რეფორმაზეა  ლაპარაკი, როცა ერთდროულად რამდენიმე   დირექტორს აღნიშნული ფორმით ათავისუფლებენ?! ყოველ შემთხვევაში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ განათლების რეფორმა არათუ წარმატებული ვერ გახდება, არამედ საბჭოთა განათლების სისტემისკენაც გადაგვადგმევინებს ნაბიჯებს და შესაძლოა, უფრო უარესი შედეგიც მივიღოთ.

-  თქვენი ინფორმაციით,  რომელი სკოლის დირექტორები გაათავისუფლეს?

- არ ვიცი, როდემდე შეიძლება დამალოს სამინისტრომ ეს ინფორმაცია... თუმცა, მე დამიკავშირდა ზოგიერთი სკოლის დირექტორი და როგორც შევიტყვე, გათავისუფლებულია: 173-ე სკოლის დირექტორი - მზია გიორგობიანი, 161-ე სკოლის დირექტორი - მიშა მინდაძე, 151-ე საშუალო სკოლის დირექტორი - ეკატერინე ხუციშვილი და 117-ე, 63-ე და მე-2 სკოლის დირექტორები. სამწუხაროდ,  მათი გვარები აღარ მახსოვს, სხვა დანარჩენთა  ვინაობაც დგინდება.

- ბოლო დროს, მოსწავლეთა განათლების დაბალი დონეც განხილვის საგანია...

- დიახ, თვალში მომხვდა სიუჟეტი, სადაც ჟურნალისტმა აქციის მონაწილე მოსწავლეებს ჰკითხა, - აბა, მითხარი, მეორე მსოფლიო ომი როდის დაიწყო და როდის დამთავრდაო? ცხადია, სწორი პასუხი ვერ მიიღო. შორს ვარ იმ დასკვნისგან, რაც შემდეგ გაკეთდა... საინტერესოა, ვისი პრობლემაა ის, რომ განათლების სისტემა მოსწავლეებს ცოდნას ვერ აძლევს?

შეგახსენებთ, რამდენიმე წლის წინ, როდესაც სკოლის დირექტორებმა დაიწყეს მასწავლებელთა დათხოვნა სამსახურებიდან იმ მიზეზით, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამას არცთუ სახარბიელო შედეგი მოჰყვა - განათლების სამინისტროში დაიბარეს დირექტორები და აიძულეს,  სკოლებში დაებრუნებინათ მასწავლებლები იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოს  პოლიტიკური ხასიათის პრობლემა შეექმნებოდა.

მითხარით, მოსწავლეები როგორ მიიღებენ განათლებას, თუ მათ საჯარო სკოლებში არაფერს ასწავლიან?! აქედან გამომდინარე, ბავშვებს ბუნებრივი პროტესტი უჩნდებათ და მართლებიც არიან, როდესაც ამბობენ, რომ ვერ ჩააბარებენ საატესტატო გამოცდებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენს ქვეყანაში უკვე წერა-კითხვის ცოდნაც პრობლემაა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ცოტა არ იყოს, გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

- იქნებ დირექტორების გათავისუფლების საფუძველი მანდატურების მიერ სამინისტროსთვის მიწოდებული   არასახარბიელო ინფორმაციებიც გახდა?

- ხშირ შემთხვევაში მანდატურებმა არ იციან, რა აკეთონ სკოლებში და მხოლოდ დირექტორებისა და მასწავლებლების დასმენა მიაჩნიათ თავიანთ ფუნქცია-მოვალეობად. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, არ ვიცი მანდატურებს დირექტორების გათავისუფლებაში აქვთ თუ არა შეტანილი წვლილი.

განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს სხვა პრეტენზიები არ წაუყენებიათ დირექტორებისთვის გარდა იმისა, რომ  მათი მოსწავლეები საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.

ახლა კიდევ ერთ პრობლემაზე მსურს ყურადღების გამახვილება: წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც მოსწავლეები დირექტორთა გათავისუფლების რეალურ მიზეზს შეიტყობენ?!

ხომ შეიძლება, რომ მათ წინასწარი განზრახვით დაგეგმონ მსგავსი აქცია მხოლოდ იმიტომ, რომ თავიდან მოიშორონ არასასურველი დირექტორი? ამ შემთხვევაში, როგორ მოიქცევა სამინისტრო, ძალიან საინტერესოა?!…

P.S. "ეს დირექტორების პირადი გადაწყვეტილება იყო და სამინისტრო ამ პროცესში არ ჩარეულა" - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა დირექტორების მიერ თანამდებობების დატოვების ფაქტის შეფასებისას. "სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაშიც სამინისტრო არ ერევა. ვფიქრობთ, ამით ყველაფერი ნათქვამია." - განუცხადეს "კვირის პალიტრას" განათლების სამინისტროს პრესსამსახურშიც. თუმცა, კითხვაზე თუ რატომ დატოვეს ერთბაშად სკოლის  დირექტორებმა თანამდებობები, პასუხი ვერ მივიღეთ...