არაჩვეულებრივი გამოფენა - კვირის პალიტრა

არაჩვეულებრივი გამოფენა

Coins, here, coins, come, Soviet coins (მონეტები, მოდი, საბჭოთა მონეტები) დამტვრეული ინგლისურითა და დიდი ენთუზიაზმით მომმართა ანტიკვარიატის გამყიდველმა. ინსტიქტურად, მეც No thanks-მეთქი (არა, გმადლობთ) მივუგე ინგლისურად, თუმცა, მერეღა მივხვდი რომ ორივენი ქართველები ვიყავით. ზურგჩანთამოკიდებული და ფოტოაპარატმომარჯვებული, ალაბათ, ტურისტი ვეგონე. ჰოდა, მაშინვე გმოვასწორე შეცდომა – ქართულად გავუგრძელე საუბარი.

აი, მაშინ კი დაენგრა ოცნების  კოშკები: საბჭოთა ათკაპიკიანების სარფიან ფასად გაყიდვის შანისი გამოეცალა ხელიდან. თუმცა, მშრალ ხიდზე ტურისტებს რა დალევს: ინტერესით აკვირდებიან ირგვლივ მიმობნეულ იშვიათ ანტიკვარულ ნივთებს, ფრთხილად იღებენ ხელში, შეათვალიერებენ და თუ მოეწონათ,  გამყიდველისგან გვარიანად "დაბოლებულები" და ახალი ნივთის შეძენით კმაყოფილები ტოვებენ იქაურობას.

KvirisPalitra.Geთბილისის ამ ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ ადგილს, სწორედაც რომ შეეფერება სახელად "არაჩვეულებრივი გამოფენა". ან, თუ გნებავთ, უნივერსალური დაარქვით. რას არ შეხვდებით აქ: ძველ ჭურჭელს, მონეტებს, ბიჟუტერიას, ვერცხლის სამკაულს, საუკუნოვან ხატებს, სიძველისგან გახუნებულ საბჭოთა დროშებს – ამერიკის დროშის გვერდზე რომ გამოუფენიათ, ლუი არმსტრონგისა და პოლ მაკარტნის ძველ ფირფიტებს, ნახატებს, ნაქსოვს, ნაქარგს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენ ისეთ ნივთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ალბათ სიამოვნებით იქონიებდა სახლში, ჯიბეს სათანადოდ რომ ულხინდეს.

დღესაც, როგორც ყოველთვის, აქ უამრავი ხალხი ირევა: ათასი გაკვირვებული და დაკვირვებული სახე გადი-გამოდის ირგვლივ. აკვირდებიან ყველაფერს: გამყიდველებს, გასაყიდად გამოტანილ საქონელს, ერთმანეთს... თავის მხრივ, გამყიდველები გულმოდგინედ ცდილობენ მუშტრის მიზიდვას: შანსს არ უშვებენ ხელიდან, თავიანთ "ტერიტორიას" ერთი მეტრით მაინც მიახლოებულ ადამიანს მაშინვე არ წარუდგინონ თავიათი "ავლადიდების" ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშები: ცდილობენ, დეტალურად აღუწერონ მათი დანიშნულება, წარმომავლობა, თუმცა, ზოგ შეთხვევაში, თვითონაც ვერ ერკვევიან კარგად:

– აი, ეს, "შპიონსკი" აპარატია – მიხსნის  მეოცე საუკუნის ტექნოლოგიური მიღწევების გამყიდველი – ნახე, რა მაგარია, გახსნი, ფირს ჩადებ, გააჩხაკუნებ და ჯიბეში შეინახავ, კაციშვილი ვერ შეგნიშნავს! ამას ადრე "КГБ-შნიკები" იყენებდნენ, აბა! თან სულ იაფად მოგცემ, ნახე, რა მაგარია! – გამყიდველი ეშხში შედის და ისე დეტალურად მიხსნის ყველაფერს, რომ ვფიქრობ ძველი КГБ-ს თანამშრომელია. რა ვიცი, იქნებ ოდესმე ჯაშუშობდა კიდეც. "არა, აღარ მინდა "კა გე ბე", მომაშორეთ თუ ღმერთი გწამთ!"– ვფიქრობ და პირდაპირ ასფალტზე დაწყობილ ნივთებს შორის ვცდილობ გზის გაკვლევას.

KvirisPalitra.Geჩემს ფოტოაპარატს ყველა ერიდება: იქვე, ნარდის მოთამაშე გამყიდველები, მუშტრის მოლოდინში რომ კამათლის გაგორებით ირთობენ თავს; მოხუცი ბებო, ლამაზად ჩამწკრივებულ ჭურჭელს რომ ყიდის და ძალიან მოწყენილი მარიდებს მზერას (ვინ იცის, იქნებ, ეგ ჭურჭელი საკუთარი სახლიდან გამოიტანა გასაყიდად); ალბათ, სამოცდაათს მიტანებული კაციც, უზარმაზარი ყანწები რომ დაუწყვია წინ და სიგარეტის ღრმა ნაფაზს უფრო ოხვრას აყოლებს... ჩვენ არა, საქონელს თუ გინდა, გადაუღეო, მეუბნებიან.

აქ სულ სხვა სამყაროა, თითქოს წარსული ცოცხლდება - ყველა ნივთს ხომ თავისი ამბავი, ისტორია აქვს... ყველაზე ცოცხალ ისტორიას კი თვით მშრალხიდელი გამყიდველები KvirisPalitra.Geყოველდღიურად "წერენ". მათთვის ეს ადგილი უკვე ცხოვრების ნაწილია. ამ ხალხის თვალებში მაშინვე დაინახავ სევდას. ოდნავი ყურადღება აბედნიერებთ და, მიუხედავად იმისა, რომ კამერას გულმოდგინედ არიდებდნენ თავს, ფოტოზე საკუთარი გამოსახულების ნახვა მაინც ძალიან ახარებთ...

მაგრამ საქმე მაინც საქმეა. თან, აი, ტურისტების ახალი ნაკადი წამოვიდა: შავ  კოსტიუმში გამოწყობილი, მამაკაცი ინტერესით ათვალიერებს აზიური ხელოვნების ნიმუშებს. გვერდით მავანი მუშტარი უკვე მოთმინებადაკარგულ გამყიდველს მხოლოდ ას ლარს სთავაზობს ვერცხლის საფულეში, რომელსაც ის ორას ლარად აფასებს. ყველა თავისი საქონლის ქება-დიდებითაა დაკავებული. უკვე მოსაღამოვდა, დაბნელდა, ცივა, მაგრამ მშრალი ხიდი ისევ ფუსფუსებს. უსულო საგნებითა და სულიერი პერსონაჟებით "მოხატული" მშრალი ხიდი მორიგი ვერნისაჟისთვის ემზადება - ხვალ ისევ "არაჩვეულებრივი გამოფენა" იქნება...

გიორგი გოგუა

გიორგი გოგუას ბლოგი

KvirisPalitra.Ge

გიორგი გოგუა