"მალე ფლეთჩერთან დაკავშირებით ახალი საკანდალური ვიდეოჩანაწერი გავრცელდება" - კვირის პალიტრა

"მალე ფლეთჩერთან დაკავშირებით ახალი საკანდალური ვიდეოჩანაწერი გავრცელდება"

ქართველები ცნობისმოყვარე ხალხი ვართ და რა გასაკვირია თუ  ინგლისურენოვანი მასწავლებლების  შესახებაც ყველაფერი გვაინტერსებს: როგორ ცხოვრობენ, რა უყვართ, რითი ერთობიან, რა  მისწრაფებები და მიზნები აქვთ, მაგრამ ზუგდიდის მე-4 სკოლის მასწავლებელი, თომას ფლეთჩერი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ერთბაშად მოექცა და არცთუ მაინც და მაინც სახარბიელოდ...

"ქართული პარტიის" წარმომადგენელმა კახა მიქაიამ საზოგადოებას თვალწინ ახალგაზრდა ფლეთჩერის ფოტოები აუფრიალა, რომელიც, მისი მტკიცებით, სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” იყო განთავსებული და სექსუალური ურთიერთობების ერთგვარ იმიტაციას ასახავდა.

აღსანიშნავია, რომ ”ფეისბუქზე” ფლეთჩერს დამეგობრების თხოვნა ჩვენც გავუგზავნეთ და პასუხის მოლოდინში ვართ. ამდენად, მის გვერდზე  იმ ფოტოების ნახვა  ვერ მოვახერხეთ, რომელიც მედიასაშუალებებით  გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფლეთჩერი  მოსწავლეებს  უპრობლემოდ იმეგობრებდა ”ფეისბუქზე” და ბავშვებს აღნიშნული ფოტოების თავისუფლად ნახვა შეეძლოთ, რამაც მშობლების აღშფოთება გამოიწვია.

ვინაიდან, პროგრამა "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” ფართოდ ანგაჟირებულია, აღნიშნულ სკანდალს რეაქციაც სწრაფად მოჰყვა: "ამან რა უნდა გვასწავლოს!" ფლეთჩერს არა მხოლოდ სტატიები,  სატელევიზიო სიუჟეტებიც მიეძღვნა და  აღნიშნული თემა ინტერნეტფორუმებზეც საკმაოდ პოპულარული გახდა, სადაც აღშფოთების გამომხატველი კომენატრების  გარდა ფლეთჩერის მხარდასაჭერი "პოსტებიც" აღმოვაჩინეთ, მაგალითად: "თომას ფლეთჩერი  ერთი მხიარული ახალგაზრდაა და ალბათ,  მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ  გააცნობიერებს, რამ გადარია ქართველები".

განათლების მინისტრმა კი გვაუწყა, რომ ფოტოები ფალსიფიცირებული იყო და მან ფლეთჩერს ატეხილი აჟიოტაჟისთვის ბოდიშიც თავად მოუხადა.

"ეს ფოტოები ფალსიფიცირებულია, მაგრამ ფაქტია, რომ თომას ფლეთჩერი  ჰომოსექსუალისტად  მონათლეს. უცხოელი პედაგოგები  დეზინფორმაციის  გავრცელების გამო  სასამართლოში ჩივილს აპირებენ. სამწუხაროდ, ქვეყანაში არის ხალხი, რომელიც მზად არის, ყველაფერი ჭუჭყში ამოსვაროს."- განაცხადა მინისტრმა.

რა სამართლებრივი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ფლეთჩერის სარჩელს და რას მიიჩნევს ის შეურაცხყოფად, ჯერჯერობით უცნობია. ნუთუ  "მხიარული ფლეთჩერი" ჰომოსექსუალიზმს სამარცხვინო მოვლენად მიიჩნევს? ნუთუ მას ისეთივე რეაქცია აქვს ცისფერებისადმი, როგორც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს? აბა, სად დაინახა მინისტრმა  მისთვის ლაფის სროლა და ყველაფრის ტალახში ამოსვრა?!

ერთ-ერთმა გაზეთმა გამოაქვეყნა  ფლეთჩერის ფოტოები შემდეგი წარწერით:  "თომასის და მისი მეგობრების სექსუალური თამაშები". "კვირის რეპორტაჟმა" კი აღნიშნულს ინგლისურენოვანი მასწავლებლის "გულახდილი ფოტოსესია" უწოდა.

ნანა ლეჟავა, "კვირის რეპორტაჟის" წამყვანი:   ფლეთჩერი მედიასაშუალებებს უჩივის, მაგრამ არ  მაქვს  განცდა, რომ მაინც და მაინც  ჩვენ ვართ მისი  ადრესატი. აღნიშნული ფოტოები ერთ-ერთ გაზეთშიც დაიბეჭდა, თუმცა ყველაზე ადრე ინფორმაცია მეორე არხზე გავრცელდა, სადაც კახა მიქაიამ ისაუბრა ამ თემაზე და  ფოტოებიც  წარადგინა. ახლა განათლების მინისტრი აცხადებს, რომ ფოტოები გაყალბებული იყო. სიმართლე გითხრათ, მე ვერ მივხვდი, რატომ იყო გაყალბებული.  ნამდვილად ვიცი, რომ ჩვენს გადაცემაში არაფერი ისეთი არ  გაჟღერებულა, რის საფუძველზეც ახლა ფლეთჩერს  შეუძლია გვიჩივლოს.

გულში არც კი გამივლია ასეთ მოსალოდნელ შედეგზე. უფრო მეტიც, ჩვენს სიუჟეტში საერთოდ არ იყო ყურადღება გამახვილებული ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ფოტოები ფლეთჩერს ქალთან ჰქონდა გადაღებული თუ კაცთან... ჩვენ უბრალოდ ამას "გულახდილი ფოტოსესია" ვუწოდეთ. ვინმეს თუ სიტყვა "გულახდილზე" სექსუალური ფანტაზია უღვივდება და რაღაც სცენები წარმოუდგენია, ეს რა ჩვენი ბრალია?!  ასე რომ, ჯერჯერობით სასამართლოდან შეტყობინება არ მოგვსვლია და თუ მოგვივა, ყველაფრისთვის მზად ვართ!"

კახა მიქაია: ჩემთან მოვიდა მშობელი და  მოიყვანა ბავშვი, რომელმაც ჩემ თვალწინ  გახსნა ”ფეისბუქზე” ფლეთჩერის გვერდი და მისი "პროფილის"  საკმაოდ უხერხული ფოტოები გვიჩვენა. ამ პროცესს რამდენიმე ადამიანი მოწმის სახით ესწრებოდა და ყველაფერი ვიდეოკამერით გადავიღეთ. ეს ბავშვი აღნიშნულ სოციალურ ქსელში ფლეთჩერის მეგობარი იყო და ამიტომ მისთვის ხელმისაწვდომი გახდა ფოტოები, რომლებიც შემდეგ ამოვბეჭდეთ.

აღშფოთებულმა მშობელმა მთხოვა, - იქნებ ეს ამბავი გაახმაურო, ჩვენი   ხელისუფლების შიშით ხმის ამოღებას ვერ ვბედავთო. ცხადია მოსალოდნელიც იყო, რომ ფლეთჩერის ფოტოებს ”ფეისბუქიდან” გააქრობდნენ და იტყოდნენ გაყალბებულიაო. ეტყობა ხელისუფლებამ ვერ გათვალა, რომ მტკიცებულებაც გვექნებოდა. ის, რომ ფლეთჩერი მედიასაშუალებებს უჩივის, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - არავისთვის, არც პრეზიდენტისა და არც პროექტის ავტორებისთვის არ არის სასიამოვნო ისეთი მასწავლებლის ჩამოყვანა, რომელიც უხამს ფოტოებს  მოსწავლეებს ანახვებს.

მათ კარგად იციან, რომ  ფლეთჩერის ფოტოები გაყალბებული არ არის, მაგრამ საწინააღმდეგოს გაიძახიან. თანაც, ამჟამად ზუგდიდის მე-4 საშუალო სკოლაში ბრძანებაა გაცემული, რომ ფლეთჩერზე ერთი სიტყვაც არ დაძრან, დირექტორი და მასწავლებლები მასთან უცნობ პირებს არ უშვებენ. ფლეთჩერის ყოველ ნაბიჯს, შინ თუ გარეთ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აკონტროლებს და ბუნებრივია, დაინტერესებულ პირს არ ეძლევა ფლეთჩერთან ურთიერთობისა და მისი მოსაზრებების მოსმენის საშუალება. თუმცა ჩვენ მაინც მოვახერხეთ მასთან შესვლა სკოლის სამასწავლებლოში და რამდენიმე დღეში ტელევიზიით ახალ სკანდალურ კადრებს გავახმაურებთ.

თავად ფლეთჩერმა, სკოლის მასწავლებლებმა და მანდატურმა ჟურნალისტებისადმი არნახული აგრესია გამოავლინეს - მანდატურმა ერთ-ერთ ჟურნალისტს ხელიც კი გაარტყა. ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ვიდეოკადრები გაცილებით მრავლისმთქმელი იქნება.