განქორწინების ინიციატორები უმეტესად ქალები ყოფილან - კვირის პალიტრა

განქორწინების ინიციატორები უმეტესად ქალები ყოფილან

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ საქართველოში განქორწინების ინიციატორთა 94 პროცენტი ქალია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უიღბლო ქორწინებების რიცხვი ბოლო 10 წელიწადში ორჯერ და უფრო მეტადაც გაიზარდა. ამას ციფრებიც ადასტურებს:

2000 წელს ჩვენს ქვეყანაში განქორწინების 1854 შემთხვევა აღინიშნა, 2008 წელს - 3189, 2009 წელს კი - 4030. აქედან 3767 შემთხვევაში გაყრის ინიციატორი ქალი იყო, 263-ში კი - მამაკაცი. ეს მხოლოდ სტატისტიკური მონაცემებია, სინამდვილეში იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც განშორება ოფიციალურად არ გაუფორმებიათ, გაცილებით მეტია. რაც შეეხება ქორწინებებს, მათი რაოდენობა ბოლო ხანებში უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც მატულობს: 2008 წელს 31 414 წყვილმა დაუკავშირა ბედი ერთმანეთს, ხოლო 2009 წელს - 31 752-მა.

რამ გამოიწვია განქორწინების შემთხვევების გახშირება? - ამ კითხვით ფსიქოლოგ ნინო სხირტლაძეს მივმართეთ:

- განქორწინების შემთხვევათა გახშირება განაპირობა იმან, რომ ოჯახის მიმართ ტრადიციული დამოკიდებულება შეიცვალა. სტატისტიკურ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, განქორწინებათა დიდი ნაწილი პირველი 7 წლის განმავლობაში ხდება. როგორც წესი, ეს არ არის უეცარი გადაწყვეტილების შედეგი. ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უსწრებს ემოციური უკმაყოფილება და მუდმივი დაძაბულობა ოჯახის წევრებს შორის.

- უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ საქართველოში განქორწინების მოსურნე და ინიციატორი ხშირად ქალია?

- ფსიქოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ თავდაპირველად ეს აზრი ქალისაგან მოდის, პირველ ნაბიჯსაც სწორედ ქალი დგამს, თუმცა ჩანაფიქრის საბოლოო რეალიზაცია შეიძლება თავის თავზე მამაკაცმა აიღოს.

მე გადავხედე შესაბამის ლიტერატურას და აღმოჩნდა, რომ განშორების ინიციატივა უმეტეს შემთხვევაში მოდის ქალებისაგან, რაც შეიძლება აიხსნას იმით, რომ ქალი თავისი ბუნებით უფრო მგრძნობიარეა. მასზე უფრო დამთრგუნველად მოქმედებს ოჯახური უსიამოვნება, ან ემოციურ ურთიერთობაში გაჩენილი ბზარი. 

- ქალბატონო ნინო, ოჯახის დანგრევის მიზეზად ხშირად მეუღლეებს შორის სექსუალური თანაცხოვრების პრობლემებს ასახელებენ, უფრო ხშირად კი - ყოფით პრობლემებს.

- ეს არ არის მარტივად ასახსნელი საკითხი. ერთი რომელიმე პრობლემის დასახელება არ შეიძლება, არც ზოგადი ფორმულა არსებობს, რომელიც ოჯახის დანგრევის მიზეზად შეიძლება დასახელდეს. ოჯახის ფუნქციიდან გამომდინარე, შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც მის სიმტკიცეს განაპირობებს: ემოციური კავშირი ოჯახურ ურთიერთობაში ძალზე მნიშვნელოვანია.

ასევე დიდ როლს ასრულებს სოციალური ველი, სადაც წყვილს უწევს ცხოვრება, (მეუღლის დედა, მამა, ძმა და ა.შ…)  ძალიან საყურადღებოა სექსუალური, ეროტიკული მხარე ცოლ-ქმრის ურთიერთობისა და სამეურნეო-ყოფითი მხარე. ეს ასპექტები ერთობლივად ახდენს გავლენას ოჯახურ ცხოვრებაზე.

როგორც წესი, ამ პროცესში ჩართულია ბევრი სხვადასხვა მომენტი და ფსიქოლოგიური მექანიზმი. ერთ-ერთი, რომელზეც ძალზე ხშირად საუბრობენ, არის გაუმართლებელი მოლოდინის მომენტი. ძალიან ხშირად ახალგაზრდებს, რომლებიც ადრე ქორწინდებიან, იდეალიზებული და არასწორი წარმოდგენა აქვთ ოჯახურ ცხოვრებაზე. მათ აქვთ სულ სხვა მოლოდინი და როდესაც იძულებული ხდებიან რეალობას თვალი გაუსწორონ, ემოციურ სამყაროში მძიმე, ნეგატიური ცვლილებები მიმდინარეობს, რაც ხშირად ურთიერთობის დარღვევის მიზეზი ხდება.

- ერთი სიტყვით, როდესაც რამდენიმე პრობლემა ერთად იყრის თავს, ნგრევაც მაშინ იწყება?

- თუ ყველა ფაქტორი ჩართულია, რასაკვირველია. ეს ხდება ოჯახის დანგრევის მიზეზი, თუმცა შეიძლება ერთი ფაქტორი იყოს წამყვანი და ყველა დანარჩენი მას მიჰყვეს. ერთმა ფაქტორმა გამოიწვიოს მეორე და ცოლ-ქმრის ურთიერთობაში უფრო მეტი დაძაბულობა გაჩნდეს.

განქორწინების ძირითადი მიზეზები, ოღონდ ძალიან განზოგადებული, უკვე ჩამოგითვალეთ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალური და განსაკუთრებულია.

ბევრი წყვილი შორდება ერთმანეთს ოჯახური ძალადობის გამოც, რადგან ძალადობა უამრავ შინაგან კონფლიქტს წარმოშობს ადამიანში.

- არ შემიძლია არ გკითხოთ იმ წყვილებზე, რომლებიც 20-21 წლის განმავლობაში ცხოვრობენ ერთად და შემდეგ შორდებიან…

- ფსიქოლოგები ამას `ცარიელი ბუდის~ ფენომენს უწოდებენ. ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, როცა შვილები იზრდებიან და ტოვებენ მშობლების სახლს, ამ ურთიერთობის გამამყარებელი ჯაჭვი წყდება, ცოლ-ქმრის გამაერთიანებელი ფაქტორი ქრება და ოჯახი იშლება.

- გამოდის, რომ ამ ოჯახს შვილები ინარჩუნებენ?

- არა, რა თქმა უნდა. ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი შეიძლება იყოს ეს. ამასთანავე, წლების შემდეგ ემოციურ ურთიერთობაში ჩნდება სირთულე, შეიძლება მოხდეს პიროვნების ტრანსფორმაცია და წყვილისათვის ეს ურთიერთობა აღარ იყოს ხელშემწყობი, შემავსებელი.

- ცნობილია, რომ კონფლიქტურ ოჯახებში ყველაზე მეტად შვილები იჩაგრებიან. ასეთ დროს ბავშვისთვის უმჯობესია იყოს მშობლებთან, რომლებიც მუდმივად ჩხუბობენ თუ ერთ-ერთ მათგანთან იზრდებოდეს?

- თუ ოჯახში არის მუდმივი კონფლიქტი, დაძაბულობა, სტრესული გარემო, მაშინ მიზანშეწონილია მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ და ცდილობდნენ, შვილებს მეტ-ნაკლებად სტაბილური გარემო შეუქმნან. რასაკვირველია, უმჯობესია, თუ მეუღლეებს შორის ურთიერთობა მოწესრიგებულია, რადგან მშვიდი ოჯახი ყველაზე საუკეთესო გარემოა ბავშვის აღსაზრდელად.

ხათუნა ჩიგოგიძე