მოერიდეთ ქუჩაში კვებას, ანუ ”სიურპრიზი” ჰამბურგერისგან - კვირის პალიტრა

მოერიდეთ ქუჩაში კვებას, ანუ ”სიურპრიზი” ჰამბურგერისგან

ე.წ. სწრაფი კვების მოყვარული ხართ და გიყვართ ჰამბურგერები, ჰოთ-დოგები და ათასგვარი ნუგბარი? - მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს სტატია და თვითონ გადაწყვიტეთ, როგორ უნდა მოიქცეთ: სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებმა ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაყიდ ჰამბურგერებში ნაწლავური ჩხირის მიკრობები აღმოაჩინეს. ამ შემთხვევის შესახებ გვესაუბრება ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი - ნანა საყვარელიძე, რომელიც ამ ინსტიტუტის სანიტარიული მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელია:

- ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ვაგზლის მოედანზე ნაყიდი ჰამბურგერით ადამიანი მოიწამლა, რის შემდეგაც ვიყიდეთ რამდენიმე ჰამბურგერი და ერთ-ერთი მათგანის მიკრობიოლოგიური შემადგენლობა სანიტარიული მოთხოვნებისა და სტანდარტის მიხედვით შევისწავლეთ.

დათესვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მიკრობთა საერთო რაოდენობა ნორმას აჭარბებდა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ათასის ნაცვლად, რაც ნორმად ითვლება, ჰამბურგერში 5000 ნაწლავური ჩხირის მიკრობი იყო.

ამ რაოდენობის ნაწლავური ჩხირის არსებობა ერთ გრამში დაუშვებელია. უფრო მეტიც, ეს იმის მანიშნებელია, რომ ფეკალურ დაბინძურებას აქვს ადგილი და იმ ადგილის სანიტარიული მდგომარეობა, სადაც ჰამბურგერი დამზადდა, არ არის კეთილსაიმედო.

- ქალბატონო ნანა, თუ იცავს კანონი ჩვენს მოქალაქეებს მსგავსი "სიურპრიზებისგან"? 

- კანონის მიხედვით ამგვარ წარმოებებს უნდა ჰქონდეთ სერთიფიკატი და მათი პროდუქტი საიმედო უნდა იყოს. სამწუხაროდ, ამ სფეროს კონტროლი არ ხდება, სერთიფიკატის აღებაც ნებაყოფლობითია, თანაც მის ასაღებად ფულის გადახდაა საჭირო. რა თქმა უნდა, მწარმოებლები ზედმეტ ხარჯს თავს არიდებენ.

- სასურველია თუ საკვებ პროდუქტს ქუჩაში არ შევიძენთ, მაგრამ თანამედროვე ცხოვრების რიტმი ამის საშუალებას არ იძლევა, თანაც მსგავსი საკვები ყველაზე მეტად პატარებს უყვართ…

- მართლაც თავი უნდა ავარიდოთ ქუჩაში საკვები პროდუქტის შეძენას იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით სად და როგორ იწარმოება, დაცულია თუ არა მისი შენახვის პირობები, არ ვიცით, რა ხარისხის პროდუქტისაგან არის დამზადებული…

ეს ყველაფერი თუ არ ვიცით, რასაკვირველია, ჩვენს ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვაყენებთ. ყველაზე დაუცველები მაინც ბავშვები და მოხუცები არიან იმიტომ, რომ მათი ორგანიზმი შედარებით სუსტი და მგრძნობიარეა. მოწამვლა განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ორგანიზმისთვის.

ამიტომ მწარმოებელი, რომელიც ამგვარ პროდუქტს ამზადებს, პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს. ჩვენ სხვა არაფერი შეგვიძლია, თუ მოქალაქეები მოგვაწვდიან ინფორმაციას, შეგვიძლია მხოლოდ გავაკონტროლოთ ესა თუ ის პროდუქტი.

- ქალბატონო ნანა, სამწუხაროა, რომ კანონი სურსათის უვნებლობის შესახებ შეჩერებულია 2015 წლის ბოლომდე.

- დიახ, ასეა. მართალია, სურსათის უვნებლობის სამსახურიც ატარებს  მონიტორინგს გარკვეული კატეგორიის პროდუქციაზე, მაგრამ ეს შერჩევით ხდება. სურსათის უვნებლობის შესახებ კანონის მოქმედება რამდენიმე წლით გადაიდო, მაგრამ  იმედია სახელმწიფო რაღაც მექანიზმს მაინც მოიგონებს, რომ მსგავსი შემთხვევები აღიკვეთოს.

იმან, ვინც ამ ჰამბურგერს ამზადებდა, ან ხელი არ დაიბანა, ან სალათის ფოთოლი, კიტრი თუ პომიდორი არ გარეცხა და სწორედ ამის გამო აღმოჩნდა ჰამბურგერში ნაწლავური ჩხირები. გაცილებით მძიმე შედეგს მივიღებდით, პროდუქტში სალმონელას, ან სტაფილოკოკის ბაქტერია რომ აღმოჩენილიყო. შეიძლება დღეს გადარჩა ვინმე, მაგრამ ყოველთვის კოკა წყალს არ მოიტანს. ამიტომაც, ამ სფეროში სიფრთხილე და კანონით მიღებული ნორმების დაცვა აუცილებელია.

ხათუნა ჩიგოგიძე