საქინე აშტიანი - ირანელი მარიტა?! - კვირის პალიტრა

საქინე აშტიანი - ირანელი მარიტა?!

43 წლის საქინე მოჰამედი აშტიანი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. საქინე ეთნიკური აზერბაიჯანელია, ცხოვრობდა ირანში და არაფრით გამოირჩეოდა სხვა ირანელი ქალებისგან, მაგრამ 2006 წელს მის ცხოვრებაში ტრაგედია დატრიალდა: ქალს ქმრის ღალატი დასდეს ბრალად, გაასამართლეს და გაშოლტვა მიუსაჯეს... 2010 წელს ძველ დანაშაულს, რომელიც ვერავინ დაამტკიცა, ქმრის მკვლელობის ბრალდებაც დაემატა. ასეთ შემთხვევაში მუსლიმანური სამართალი ქალის  მიმართ დაუნდობელია.

შარიათის კანონების მიხედვით საქინე აშტიანს ქვებით ჩაქოლვა მიუსაჯეს. განაჩენი სისრულეში სექტემბრის დასაწყისში უნდა მოეყვანათ, მაგრამ მაშინ საქინე რამადანის დღესასწაულმა იხსნა. საქინე აშტიანი ორი შვილის დედაა, შვილები თავგამოდებით იცავენ მას.

ალბათ მსოფლიოში არც ერთ მსჯავრდებულს არ ჰყოლია იმდენი მხარდამჭერი, რამდენიც ამ უბრალო ირანელ ქალს ჰყავს: მის საქმეში ჩაერია იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრანტინი, რომელმაც პირდაპირ მოუწოდა ირანის ხელისუფლებას გულმოწყალებისა და ქალისთვის სიცოცხლის შენარჩუნებისკენ.

საქინე აშტიანის გადასარჩენად ვატიკანის წარმომადგენლებიც იბრძვიან. მათი აზრით, ქვებით ჩაქოლვა სასჯელის უკიდურესი, დაუშვებელი ფორმაა. ცნობილია, რომ რომის კათოლიკური ეკლესია ირანელი ქალის დასახმარებლად კულუარული დიპლომატიის მეთოდებსაც იყენებს.

საქინეს დასაცავად გამოვიდა საფრანგეთის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ბერნარ კუშნერიც. ქვებით ჩაქოლვა ბარბაროსობის მწვერვალია - განაცხადა მან და თეირანში წასვლაზეც განაცხადა თანხმობა, ოღონდ მსჯავრდებული სიკვდილისაგან იხსნას.

საქმეში ჩაერივნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, ისინი ყველანაირად ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ ირანის მთავრობაზე. საქინე აშტიანი დაიცვა ნიკოლა სარკოზის მეუღლემ - კარლა ბრუნიმ, რითაც ირანელების რისხვა გამოიწვია.

სტინგი, კეტრინ ზეტა ჯონსი, იოკო ონო და სხვა ცნობილი ადამიანები მხარდაჭერას უცხადებენ საბრალო საქინეს, რომელსაც ახლობლების მტკიცებით, არც ქმარი მოუკლავს და თავის დროზე მისთვის არც უღალატია.

ირანის ხელისუფლებამ მეტად ცინიკური ნაბიჯი გადადგა, როდესაც უდანაშაულო ქალს ქვებით ჩაქოლვა ჩამოხრჩობით შეუცვალაო - ამტკიცებენ ევროპელი ადამიანის უფლებათა დამცველები და ვარაუდობენ, რომ საქინე აშტიანს ციხეში ახლაც აწამებენ.

ბევრი მას უმწეო მსხვერპლად მიიჩნევს, სხვები კი ფიქრობენ, რომ ირანის მთავრობა შარიათის კანონსაც არღვევს, რადგან ამ კანონის მიხედვით ქმრის ღალატის მოწმე არც მეტი, არც ნაკლები, ოთხი კაცი უნდა იყოს.

დედაჩემი აწამეს და დანაშაული ისე აღიარებინეს, ნამდვილი მკვლელი კი თავისუფალია და მშვიდად განაგრძობს ცხოვრებას - ამბობს საქინე აშტიანის ვაჟი. თუმცა, შვილის თქმით, გადატანილი ტანჯვის მიუხედავად, საქინე ძალიან მადლიერია - მას ხომ თითქმის მთელი მსოფლიო ამოუდგა მხარში... 

ხათუნა ჩიგოგიძე