ქაჯთა სახეები ქართულ პოლიტიკაში - კვირის პალიტრა

ქაჯთა სახეები ქართულ პოლიტიკაში

ის მეტეორივით შემოიჭრა ქართულ პოლიტიკაში და როდესაც ყველას ეგონა, რომ ახლა ყველაფერს მილეწ-მოლეწავსო, ატმოსფეროში ისე დაიწვა, დედამიწამდე მისმა ფერფლმაც კი ვერ ჩამოაღწია. გახსოვთ ალბათ ის  დრო, როდესაც სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იპოდრომზე რომ გაიჭრა და რამდენიმე ათეულ-ათასი ადამიანი შეკრიბა. მაშინ ვინ მართავდა ასეთ მასშტაბურ მიტინგებს?! ხალხი რევოლუციური ბანგისგან ჯერ კიდევ ფხიზლდებოდა, ოპოზიცია ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა, "ნაციონალების" მზეს ლაქები ჯერ კარგად არ დასტყობოდა... სწორედ ამ დროს გაიშვირა ხელი ზურაბიშვილმა ხელისუფლებისკენ და განაცხადა: "ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიანო". ალბათ უნდოდა ეთქვა, წავლენო. იმ დროს მისთვის მთავარი ქაჯი ნინო ბურჯანაძე იყო, ვისი დიდი მეცადინეობითაც დაატოვებინეს მთავრობა და რომელსაც მოგვიანებით გვერდით დაუდგა. თუმცა მანამდე კიდევ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბურჯანაძემაც აღმოაჩინა, რომ ხელისუფლებაში ქაჯები არიან... ეს სხვა ისტორიაა.

ეს იყო და ეს, სალომე ზურაბიშვილის ერთდღიანი გაელვება, ერთდღიანი რეიტინგი. ამ კუთხით იგი ალბათ რეკორდსმენია ყველა დროის პოლიტიკოსებს შორის. ის იმედები, რომლებიც მას დანარჩენმა ოპოზიციამ დაუკავშირა, ვერაფრით გაამართლა - ვერ იქცა ახალ ლიდერად. ის კი არა, ახალ სახედაც ვერ იქცა. რატომ ჩაქრა ასე სწრაფად მისი ვარსკვლავი? უცებ აენთო და ჩაქრა, თანაც ისე, რომ მისი დანახვა ყველაზე მგძნობიარე ტელესკოპითაც შეუძლებელი გახდა.

თუმცა, მანამდე იმედები მან პრეზიდენტს გაუცრუა. გახსოვთ ალბათ, ზურაბიშვილის "გამოსახსნელად" სააკაშვილმა ჟაკ შირაკი პირადად შეაწუხა და შემდეგ ასეთი სიტყვებით წარუდგინა ქალბატონი სალომე ქართველ ხალხს: - ასეთ დიპლომატზე ვოცნებობდი ყოველთვისო. ქალბატონმა სალომემ კი პრეზიდენტს  იმედები გაუცრუა.

მართალია, სააკაშვილისთვის იმედების გაცრუება ვიღაცისთვის ღირსების საკითხიც შეიძლება იყოს, მაგრამ კარიერული დიპლომატისთვის ეს ნამდვილად მარცხი იყო... მაშინ ქალბატონი სალომე "კარის ინტრიგებში" დამარცხდა სწორედ იმ ნინო ბურჯანაძესთან, რომელსაც შემდეგ გვერდით დაუდგა და რომელიც მხოლოდ რამდენიმე წლის შემდგ მიხვდა, რომ ხელისუფლებაში ქაჯები იყვნენ. თუმცა,  ეს ხომ სხვა ისტორიააა...

ზემოთ ვთქვი, ქალბატონი სალომე ვერაფრით გახდა ოპოზიციის ლიდერი, ის კი არა, ახალ სახედაც ვერ იქცა-მეთქი. არადა, ამისი შანსი ნამდვილად არსებობდა - ხალხი ითხოვდა ახალ სახეს პოლიტიკაში. ელოდა (დღესაც ელის), მაგრამ საბოლოოდ სალომე ზურაბიშვილი სხვა ქართველ პოლიტიკოსებს დაემსგავსა. მათში გაითქვიფა და სახეც დაკარგა.

იმისათვის, რომ ქართული პოლიტიკის ახალი სახე გამხდარიყო, პარიზული ქართულით ლაპარკი საკმარისი არ აღმოჩნდა. ამაში არც დიპლომატიური გამოცდილება გამოადგა (დიპლომატიური გამოცდილება მოგვიანებით ვერც სხვა ქართველ პოლიტკოსს დაეხმარა), არც ენერგია და ქარიზმა აღმოაჩნდა საკმარისი. გაცემული ავანსები გაანიავა და საბოლოოდ ერთკაციანი (უფრო სწორად, ერთქალიანი) პარტიის ლიდერად იქცა.

ბუნებრივია, მის პარტიაში სხვა წევრებიც იყვნენ, მაგრამ პოლიტიკური ფიგურა -  არცერთი. მერე დაიწყო ტრადიციული ქართული ვარიანტი: ხან ერთ ბლოკში შევიდა, ხან - მეორეში... ხან ერთი ბლოკიდან გამოვიდა, ხან - მეორედან. ხან მიტინგებზე იდგა, ხან არჩევნებზე მიდოდა (თუ კოსმოსური მეტაფორების გამოყენებას გავაგრძლებთ, ხან ერთ ორბიტაზე იტრიალა, ხან - მეორეზე). ერთი ორჯერ იმღერა კიდეც, ერთხელ ვარდებზე (საახალწლო პროექტში), მეორეჯერ -  ეშმაკზე (მიტინგზე გამოსვლისას). საბოლოოდ განსხვავება იცით, რა იყო? ის არ ამბობდა, სხვა ქართველი პოლიტიკოსების მსგავსად, ინგლისურ სიტყვას "მესიჯი". არამედ, ამბობდა ფრანგულად - "მესაჟი".  დიდხანს ვერც ბურჯანაძის გვერდით გაჩერდა, რომელიც უკვე მიხვედრილი იყო, რომ ხელისუფლებაში ქაჯები იყვნენ, თუმცა, როგორც გითხარით, ეს სხვა ისტორიაა...

საბოლოოდ, ზურაბიშვილი სხვა ქართველი პოლიტიკოსებისგან მაინც გამოირჩა. ის მიხვდა, რომ უნდა წასულიყო და მე არ შემიძლია, მისი საქციელი არ დავაფასო. მართალია, იქვე დაიბარა, დავბრუნდებიო, მაგრამ... წარმოიდგინეთ, რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ყველა ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც წასასვლელია, ხვდებოდეს, რომ წასასვლელია... ხვდებოდეს და რაც მთავარია, მიდიოდეს, თუნდაც იმ იმედით, რომ ოდესმე ისევ დაბრუნდება. აი, ეს მართლა იქნებოდა სხვა ისტორია...

P.S. ქალბატონი სალომე წავიდა, მაგრამ დაგვიტოვა მარადიული თემა: "ქაჯთა სახეები ქართულ პოლიტკაში" და მარადიული კითხვა: "ქაჯები მოდიან, თუ მიდიან?"