13 წელი და რკინის ქალამანი სამართლიანობის აღსადგენად - კვირის პალიტრა

13 წელი და რკინის ქალამანი სამართლიანობის აღსადგენად

ცოტამ თუ იცის, რომ საქართვლომ ევროსასამართლოში 2010 წელს განხილული ყველა  საქმე წააგო. ამჯერად ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლება სიცოცხლის უფლების დარღვევაში დაადანაშაულა და განმცხადებლების სასარგებლოდ 12.000 ევროს გადახდა დააკისრა.

ეს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში კანონი გავლენიანი პირებისთვის არასოდეს კანონობდა და არც ახლა კანონობს.

ეს ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენთან კანონი კი არ არეგულირებს გავლენიანი პირების ქცევებს, არამედ მათი გავლენა ”არეგულირებს” სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებს.

გივი ხაინდრავა 1997 წლიდან იბრძვის სამართლიანობის დასადგენად. მას 13 წელი და რკინის ქალამნები დასჭირდა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.

1997 წელს მარტვილში ხაინდრავების ოჯახს თავს დაესხნენ. თავდამსხმელები ოჯახის უფროსს გივი ხაინდრავას სასტიკად გაუსწორდნენ. სამმა პირმა იარაღის კონდახით და წიხლებით ისე სცემა ხაინდრავა, რომ ის სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. მეორე დღეს ოჯახმა პოლიციაში საჩივარი შეიტანა, მაგრამ ამას ძალოვნებისგან რეაგირება არ მოჰყოლია.

ხაინდრავამ თავად დაიწყო გამოძიება. 1998 წლის 24 სექტემბერს 2 თავდამსხმელი მოძებნა,  განაიარაღა და თავის ბინაში გამოკეტა, სადაც რაიონის პროკურორი და მისი მოადგილე მიიწვია, აჰა, ბატონო, აგერ მყავს დამნაშავეები დაკავებული და მიხედეთო.

რაიონის პროკურორის და მისი მოადგილის თანდასწრებით, თავდამსხმელებმა დანაშაული აღიარეს, მესამე თანამონაწილეც დაასახელეს და განაცხადეს, რომ ხაინდრავებზე თავდასხმა ამავე რაიონის ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა დაუკვეთა.

ეს შეხვედრა და კრიმინალების აღიარება ხაინდრავამ ვიდეოფირზე აღბეჭდა, სადაც თავდამსხმელები ადასტურებდნენ, რომ დანაშაული ჩაიდინეს. იმასაც ამბობდნენ, რომ ხაინდრავას მოკვლა ჰქონდათ განზრახული. ასევე ასახელებდნენ თავდასხმის ორგანიზატორს ვინმე ა.გ.-ს, რომელიც მათ ხაინდრავას მოკვლის სანაცვლოდ 50.000 აშშ დოლარს დაჰპირდა, ხოლო თუ მხოლოდ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, 1.500 აშშ დოლარს გადაუხდიდა.

თავდასხმის ორგანიზატორი ორი მაღალჩინოსანი პოლიციელის მამა აღმოჩნდა... იმის ნაცვლად, რომ ხაინდრავას ცემისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისიხლის სამართლის საქმე აღძრულიყო, ამასთან, პროკურორმა და მისმა მოადგილემ კარგად იცოდნენ, რომ ხაინდრავას დაკავებული ხალხი მკვლელობასა და გატაცებაში იყვნენ ბრალდებული, ერთ-ერთი მათგანი კი ციხიდან გაქცევის გამო იძებნებოდა, პროკურორმა მათ დანებება შესთავაზა, რაზედაც თავდამსხმელები არ დათანხმდნენ(?!).

2000 წლის იანვარში გივი ხაინდრავა დააპატიმრეს გამოძალვის, იარაღის უკანონო ტრანსპორტირებისა  და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ბრალდებით - თითქოს მან 1994 წელს მასზე თავდასხმის ორგანიზატორის ა.გ.-ს ვაჟი გაიტაცა. გივი ხაინდრავას 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

თავად ხაინდრავა ამ დანაშაულს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდამსხმელის პოლიციელმა ვაჟებმა უზრუნველყვეს მამის უსაფრთხოება და შეთითხნილი ბრალდებით დამაპატიმრეს სწორედ იმიტომ, რომ შეეშინდათ, შური არ მეძია მათ მამაზეო.

2001 წლის 17 მაისს ხაინდრავამ საჩივრით მიმართა გენერალურ პროკურორს და მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მარტვილის პროკურორს გადაეცა ვიდეოფირი საუბრის ჩანაწერით, მაგრამ გამოძიება შეჩერდა! ხაინდრავამ საქმე ზემდგომ ორგანოში გაასაჩივრა. საქმე 2002 წელს განახლდა, მაგრამ პროკურატურამ საქმეზე მოკვლევა ისევ შეწყვიტა.

2002 წლის 27 მარტს ხაინდრავას მეუღლემ, მარი ძამაშვილმა ხელახლა მიმართა მარტვილის პროკურორს, რათა ბოლოს და ბოლოს მისი მეუღლის საქმეზე გამოძიება დაწყებულიყო. საქმეში პრესაც ჩაერთო და  სკანდალი ატყდა. შეხვედრაში მონაწილე პროკურორმა კი თავი იმით იმართლა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ მან ყველაფერი რეგიონულ პროკურატურას და პოლიციის ორგანოებს შეატყობინა და სხვა ზომების მიღება არ შეეძლო.

მიუხედავად ხაინდრავას დიდი მცდელობისა, 2002 წელს სისიხლის სამართლის საქმე მაინც არ აღძრეს. ვარდების რევოლუციის შემდეგ ხაინდრავამ გენერალურ პროკურატურას ისევ მიმართა იმ იმედით, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში  მაინც მოხდებოდა ამ საქმის გამოძიება. მისი მოთხოვნა გადაეგზავნა სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონულ პროკურატურას, მაგრამ არც ამჯერად იქნა რაიმე ზომები მიღებული.

ერთი სიტყვით, ხაინდრავამ საკუთარ ქვეყანაში სამართალი ვერ იპოვა, ვერც ძველ და ვერც ახალ მთავრობას შეასმინა რამე და იძულებული გახდა ევროსასამართლოსთვის მიემართა. ევროსასმართლოს გადაწყვეტილებით სადავო არ გამხდარა ის, რომ ხაინდრავას მიმართ განხორციელდა სიცოცხლისთვის საშიში ქმედება. შესაბამისად, თავდასხმასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება უნდა ყოფილიყო ყოველმხრივი, მიუკერძოებელი და ჯეროვანი. ხელისუფლების წარმომადგენლები ვალდებული იყვნენ, მიეღოთ მათ ხელთ არსებული ნებისმიერი გონივრული ზომები, რათა მოეპოვებინათ ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებანი.

აპლიკანტის სიცოცხლეზე თავდასხმას პროკურატურის მხრიდან უნდა მოჰყოლოდა შესაბამისი რეაქცია. პროკურატურა ვალდებულია ნებისმიერ დროს გადაამოწმოს ინფორმაცია და თუ საჭიროა, აღძრას კიდეც სისხლის სამართლის საქმე. ამ ვალდებულებაზე ვერც 2005 წლის 25 მარტის რეფორმამ მოახდინა გავლენა. მიუხედავად აპლიკანტის განმეორებითი მოთხოვნებისა, ხელისუფლების მხრიდანაც არავითარი რეაგირება არ ყოფილა.

საქართველოს მთავრობამ ევროსასამართლოზე თავის დასაცავად ვერავითარი მტკიცებულებები ვერ წარადგინა. დადგინდა, რომ ხაინდრავას მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება არც კი უწარმოებიათ. გენერალურმა პროკურატურამ კი იმის ნაცვლად, რომ ქვესტრუქტურებისთვის გაფრთხილება მიეცა, ან კანონის შესაბამისად გამოძიების დაწყება მოეთხოვა, საქმე  გამოსაძიებლად ისევ  მარტვილის პროკურატურას გადასცა, რაც, თავისთავად ცხადია,  ვერ  უზრუნველყოფდა გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების იერარქიულ, ინსტიტუციონალურ და პრაქტიკულ დამოუკიდებლობას.

P.S.12.000-ევროიანი სასჯელი, ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლებას უკანონობის ჩადენაზე ხელს ვერ ააღებინებს, ეს თანხა არც უსამართლობით გამოწვეული ტანჯვის საზღაურად გამოდგება, თუმცა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უფრო მეტია, ვიდრე კუპიურებში გამოხატული ზარალი ან თანაგრძნობა.