მეგ რაიანი ჯულია რობერტსის წინააღმდეგ, ანუ როგორ იღებდნენ ”ლამაზმანს” - კვირის პალიტრა

მეგ რაიანი ჯულია რობერტსის წინააღმდეგ, ანუ როგორ იღებდნენ ”ლამაზმანს”

ოცი წლის წინ რომანტიკული კომედია ”ლამაზმანი” კრიტიკის ცეცხლში გაატარეს, მხოლოდ გაზეთმა ”ნიუ-იორკ თაიმსმა” უწინასწარმეტყველა ფილმს წარმატება, მთავარი როლის შემსრულებელ ჯულია რობერტს კი ბრწყინვალე მომავალი... მართლაც, ”ლამაზმანმა” რომლის ბიუჯეტი 14 მლნ დოლარი იყო, ეკრანებზე გასვლის შემდეგ 464 მლნ მოგება ნახა. ჯულია რობერტსი კი, რომელიც ვივიანის როლზე იმიტომ დაამტკიცეს, რომ ჰოლივუდის არც ერთ ვარსკვლავს არ სურდა მეძავი გოგონას როლის განსახიერება, ნომერი პირველი ვარსკვლავი გახდა.

80-იანი წლების მიწურულს, ჰოლივუდში მოხვედრაზე მეოცნებე ღარიბი სცენარისტი ჯონათან ლოუტონი საათობით იჯდა ჰოლივუდის ბულვარის ერთ პატარა კაფეში და უძველესი პროფესიის მშვენიერ წარმომადგენლებთან მუსაიფში კლავდა დროს. ქალები გულახდილად უყვებოდნენ თავის ცხოვრებაზე, ნარკოტიკებზე, სუტენიორობაზე და ყველაფერზე, რამაც ამ ბულვარზე გამოსასვლელად უბიძგათ. KvirisPalitra.Geზოგიერთი ამბავი რომანტიკული და ნაღვლიანი იყო - მდიდარ, მომხიბლავ მამაკაცს ბულვარის ქალი მოეწონა, თითქოს შეუყვარდა კიდეც, ძვირფას რესტორნებში დაჰყავდა, ათას რამეს ჰპირდებოდა, მაგრამ... კონკია ერთ მშვენიერ თუ საშინელ დღეს ისევ ქუჩას დაუბრუნდა...

რას იფიქრებდნენ ”ღამის პეპლები”, რომ მათი ნაამბობი საფუძვლად დაედებოდა ყველაზე პოპულარულ და კინოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ რომანტიკულ კომედიურ ფილმს. არადა თავდაპირველად სცენარში რომანტიკის ნატამალიც არ იყო. ლოუტონმა სტუდიაში ”შავი” დრამის ჟანრის სცენარი წარადგინა მეძავების ყოფა-ცხოვრებაზე და პროსტიტუციის პრობლემებზე. დრამის გმირს, ვივიენს, მთელი კვირა თავი უნდა შეეკავებინა კოკაინის მიღებისგან მდიდარი და სიმპათიური ”კლიენტის” გამო.

სცენარით - მდიდარმა და ლამაზმა ედვარდ ლუისმა სიყვარულს უღალატა - ქალი თავისი დიდებული კაბრიოლეტიდან ავტობუსის გაჩერებაზე გადმოსვა და თავის გზას გაუყვა. საწყალმა გოგომ კი დარდის გასაქარვებლად მთელი ”გამომუშავებული” ფული ”დისნეილენდში” დახარჯა... მაგრამ ის საოცარი და რომანტიკული თავგადასავლები, რაც ჯულია რობერტსის გმირს წილად ხვდა სცენარის ახალ ვარიანტში, ვერ შეედრება ახალგაზრდა სცენარისტის პირვანდელ ნამუშევარს.

KvirisPalitra.Geსაქმე ის გახლავთ, რომ კომპანიის - "WALT DISNEY STUDIOS"-ის გამჭრიახმა და შორსმჭვრეტელმა პრეზიდენტმა, ჯეფრი კათცენბერგმა კონცეფციის შეცვლა გადაწყვიტა. მისი აზრით, მაყურებელს დააინტერესებდა არა სიყვარულის ქურუმთა ტრაგიკული ეპოპეა, არამედ თანამედროვე, მაგრამ საუკუნოვანი სიყვარულის ზღაპარი... ჯეფრი არ შემცდარა - ტყუილად კი არ ითვლებოდა ჰოლივუდის ყველაზე მაგარ პროდიუსერად. სიუჟეტის შეცვლა დიდ ბიუჯეტს ითხოვდა, მაგრამ ფულიც იშოვეს, ფილმს თავდაპირველი სათაურის, ”სამი ათასი დოლარის” მაგიერ "PRETTY WOMAN"-ი ანუ ”ლამაზმანი” დაარქვეს. ახლა მთავარი მსახიობების არჩევა იყო.

ვინ იფიქრებდა, რომ კასტინგი ასე გაჭირდებოდა. რეჟისორ გერი მარშალს მამაკაცის მთავარ როლში კეანუ რივზი უნდოდა, მაგრამ სტუდიამ მისი კანდიდატურა უარყო და თავგამოდებით ცდილობდა ალ პაჩინოს მოხიბვლას. ალ პაჩინომ ცივი უარი განაცხადა, მაგრამ რატომღაც ჯულია რობერტსთან ერთად სცენარის კითხვა-განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღო და სწორედ მან უთხრა რეჟისორს - ჯულიაზე უკეთეს მსახიობს ვერ იპოვიო.

არადა თავდაპირველად უკვე ”ოსკარზე” ნომინირებული (ფილმი ”ფოლადის მაგნოლიები”), მაგრამ რომანტიკულ ჟანრში გამოუცდელი თმახუჭუჭა მსახიობის ამ როლზე მიწვევა აზრადაც არავის მოსვლია, ისევე როგორც რიჩარდ გირისა, მაგრამ როცა სხვებისგან უარი მიიღეს, რიჩარდს მიაკითხეს, ისიც დათანხმდა... რაც შეეხება ვივიენის როლს, სტუდიას ბოლო წუთამდე ამერიკელთა უსაყვარლესი მსახიობის, მეგ რაიანის იმედი ჰქონდა, მაგრამ მან მეძავის როლის თამაში არ ისურვა. ამავე მიზეზით უარი თქვეს ჯენიფერ ჯეისონ ლიმ, მიშელ პფაიფერმა და დერილ ჰანმა. ამ უკანასკნელმა სცენარის წაკითხვის შემდეგ განაცხადა, - ”ლამაზმანი” პლანეტის ყველა ქალს ამცირებს და მათ ქალურ ღირსებას ბღალავსო და დასძინა, - ეს როლი ჩვენს იმიჯსა და კარიერაზე იმოქმედებსო.

ამის გამო ჯულია გადაღებებზე ძალიან ნერვიულობდა. ზოგჯერ მისი გაცინება შეუძლებელი იყო. მაგალითად, ტელევიზორის წინ იატაკზე მოკალათებული გმირის გასაცინებლად რეჟისორს პირადად მოუწია მსახიობისთვის ფეხისგულებზე მოღიტინება (ცხადია, კადრს მიღმა), ხოლო როცა რიჩარდ გირთან სექსის სცენა უნდა გაეთამაშა, ჯულიას შუბლზე ვენები დაებერა და აქაც ისევ რეჟისორმა უშველა - მასაჟი გაუკეთა.

KvirisPalitra.Geეს კიდევ არაფერი, ნერვიულობისგან ჯულიას ჭინჭრის ციება დაეწყო. გადასაღებ მოედანზე დამამშვიდებელი ლოსიონი ტანზე წაუსვეს და მოთმინებით ელოდნენ, როდის დაცხრებოდა გამონაყარი...

გახსოვთ ალბათ სცენა, ვივიანი აქაფებულ ჯაკუზში რომ ნებივრობს, თან პრინცის სიმღერას მღერის, შიგადაშიგ კი ჯაკუზში ყვინთავს. მსახიობი ისე გაერთო ყურყუმელობით, რომ ვერც კი შენიშნა, როგორ დამთავრდა გადაღება. ერთ-ერთი ამოყვინთვისას აღმოაჩინა, რომ პავილიონში მარტოა.

საერთოდ, სასიყვარულო სცენებთან დაკავშირებით კურიოზები ხდებოდა: ჯულია და რიჩარდი ჯაკუზში ნებივრობენ, ქალი ნაზად უსვამს მამაკაცს აქაფებულ ღრუბელს, ლირიკული და რომანტიკული შთაბეჭდილება იქმნება, მაგრამ სინამდვილეში გირი შავ დღეში იყო - წყალში დიდხანს ყოფნით კანი გამოუშრა და საშინლად ექავებოდა. ჯულიას ჟღურტული და აქაფებული ღრუბლის ცაცუნი ნერვებს უშლიდა და ერთხელ სიმწრის ღიმილით წაუსისინა - ხელი აღარ მახლო, თორემ კანი გამისკდებაო.

KvirisPalitra.Geფილმის გადაღების პროცესშივე გავრცელდა ხმა, ჯულია დიდებულად თამაშობსო. ამიტომაც მოედანთან წარამარა ჩერდებოდნენ ლიმუზინები და იქიდან ცნობილი აგენტები გადმოდიოდნენ. ჯულიას აზრადაც არ მოსდიოდა, რატომ იჩენდნენ ასეთ ყურადღებას მის მიმართ - იჯდა თავისთვის კუთხეში და წიგნს კითხულობდა ბუდიზმზე.

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე მსხვილი სუპერპრესტიჟული და ძვირადღირებული ავტომობილების მწარმოებლებმა გადაღებებისთვის მანქანების მიცემაზე უარი თქვეს - შეეშინდათ, პროსტიტუციის თემაზე შექმნილ ფილმში მონაწილეობას ნეგატიურად არ ემოქმედა მათ რეპუტაციაზე. სამაგიეროდ, ძალიან გაუმართლა იმ კომპანიას, რომელმაც თავისი მანქანები შესთავაზა სტუდიას - ფილმის გამოსვლის დღიდან გასამმაგდა მანქანების იმ მოდელების გაყიდვისუნარიანობა, რომლითაც რიჩარდ გირი დაგრიალებდა ”ლამაზმანში”.

ოტელი, ბევერლი-ჰილზზე, სადაც ედვარდმა ვივიანი დააბინავა, ხომ ”ლამაზმანის” თაყვანისმცემელთა ნამდვილი მექა გახდა.

...ფილმის წარმატების შემდეგ, სცენარისტი ჯონათან ლოუტონი სიღარიბესა და წარუმატებლობას აღარ უჩივის და ხშირად ყვება იმის შესახებ, რომ მაღალი საზოგადოების წვეულებებზე, მდიდარი და ცნობილი მამაკაცები ჩურჩულით გულს უშლიან, - ჩვენი ცოლებიც ოდესღაც სუსტი ყოფაქცევისანი იყვნენო...

მოამზადა თინათინ მარგველაშვილმა