ღმერთო, გვაღირსე ისეთი ქართველობა, როგორიც ის 100 000 იყო! - კვირის პალიტრა

ღმერთო, გვაღირსე ისეთი ქართველობა, როგორიც ის 100 000 იყო!

ამ რამდენიმე ხნის წინ მეტროს ამოსასვლელში პატარა ბიჭმა ფურცელი მომაწოდა, - გეხვეწები, დეიდა, მოდიო. დავხედე და მისი გულში ჩაკვრა მომინდა - ეს ციდა ბიჭი ამხელა ქალს 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე მისვლას მეხვეწებოდა. ამ დღეს ყველანი სიცოცხლეში ერთხელ მაინც ისედაც უნდა მივიდეთ იმ ხიდზე 100 000 ქართველი მოწამის მოსახსენებლად! ბიჭმა - ძალიანაც კარგად ვიცი, მტრის ჯარისკაცებმა ხიდზე ხატები რომ დაყარეს, ქართველები დიდიან-პატარიანად მორეკეს - ფეხს თუ არ დააბიჯებთ, დაგხოცავთო. არ დააბიჯესო...

მერე დაამატა, - ჩემი ძმაკაცი სტიქაროსანია, ისიც არიგებს ფურცლებს და ვეხმარებიო. შავ-შავ თვალებში ისეთი ცეცხლი უგიზგიზებდა, გეგონებოდა, ჯალალედინი რომ გააცოცხლა, ხმლით აკუწავსო. გეფიცებით, არ მომჩვენებია! ან რა ფიცი უნდა, განა არ ვიცით, რომ წინაპართა ძახილს ყოველ ფეხის ნაბიჯზე გავიგონებ, თუკი ყურის დაგდებას მოვინდომებთ?

KvirisPalitra.Geიმ ბიჭის თვალები 13 ნოემბრამდე თან დამყვებოდა. ახლა კი თავად იფიქრეთ, რა ცეცხლი იგიზგიზებდა 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე, სადაც იმდენი ბიჭი და გოგო მოსულიყო, გვერდს ვერ აუვლიდი, მეტეხის კლდეებზე ასულები ქართულ დროშებს აფრიალებდნენ. გული ყელში მომებჯინა. წინაპრების მადლმა და პატრიარქის დაძახილმა რა სასწაული მოახდინა - რამდენი წელიწადია, არც ამდენი ქართველი მინახავს ასე ერთად და არც ამდენი სიავისგან დაცლილი, სიმშვიდედაფენილი სახე. ეს სხვა საქართველო იყო, ჩვენ რომ გვინდა, ისეთი!

ხიდის თავში ერთი მოხუცი ქალი დავლანდე, წინ ყვავილებით სავსე ტომარა ედო. ხელში ყველას ყვავილი ეჭირა (რათა, როგორც პატრიარქმა ბრძანა, მტკვარში ჩაეყარათ მოწამეთა სულების მოსახსენებლად). მეც ვიყიდი თაიგულს-მეთქი, მაგრამ ტომარა თვალის დახამხამებაში დაცარიელდა. მოხუცს გულდაწყვეტილმა ვკითხე, - ერთი კონაც აღარ დარჩა-მეთქი? შვილო, აქ რომ ხალხია, მაგათ სამყოფ ყვავილს როგორ მოვზიდავდი! არადა, რომ მომქონდა, ჩემმა ქალიშვილმა - დედი, მაგდენს რა გაგაყიდინებს, მაგრამ თუ ვერ გაყიდე, შენც წყალში გადაყარეო... ეგრეც ვიზამდი, მაგრამ, იმათ მადლს ეგ რას გადაიხდის, ვერ უყურებ, იმათი ფეხის მტვერიც აღარ ვართო.

ასეა, დეიდა-მეთქი. ასეც არის, მაგრამ გულში გავაგრძელე - ნუ გეშინია, დეიდა, ჩვენ, ქართველები, ასე ვართ მოწყობილნი. რამდენჯერაც გავიფიქრებთ, ჩვენი საქმე წასულია, სახე დავკარგეთ და აღარაფერი გვეშველებაო, სწორედ მაშინ გამოგვიჩნდება საშველი, ეროვნული სული აზვირთდება... ვერ ხედავ, პატრიარქის ერთ დაძახებაზე რამდენი ხალხი დგება ფეხზე-მეთქი! დედებს შვილები თან წამოეყვანათ, ჩვილებიც კი. ისინიც კი არ ტიროდნენ, თვალებს აცქრიალებდნენ - ან რაღაცას გრძნობდნენ, ანდა ტკბილ საგალობლებს უსმენდნენ.

ასევე მღეროდნენ ქართველები ჯალალედინის გამოჩენამდე... მოვიდა და ქართველთა სისხლი მტკვარს შერთო. მერე რა? ზეციური საქართველო გააბრწყინა! თბილისი გადაბუგა? ამითაც რა? თბილისი ფერფლიდან ვეღარ აღდგა? განა გლოვამ ტკბილი სიმღერები დაგვავიწყა და ვეღარ ვმღერით? ან გადავშენდით? ჩვენ არა, მისი ურდო გადაშენდა, აზიიდან ლტოლვილი და გზააბნეული. ჩაიარა საუკუნეებმა და ისევ ვდგავართ მეტეხის ხიდზე. მყარად - ვერა? დავდგებით! ბიჭები მოდიან მგლისმუხლა, თვალებანთებულნი, გოგოებიც მოდიან - მგლისმუხლა ბიჭების გამზრდელები. არ გჯერათ? მე მჯერა, მეტეხის ხიდზეც იდგა ზოგიერთი, ჩაჩოქილები ფოტოებს იღებდნენ. ყველას თეთრი მაისური ეცვა და ყველა მაისურს ეწერა ”ჩვენ ივერიელები ვართ!” ღმერთმა გააძლიეროს, ისე როგორც ”მრავალჟამიერი”, რომელიც პატრიარქის ქადაგების შემდეგ დაეფინა მეტეხს.

ბოლო აკორდიც და... ყვავილებმა იწვიმა მტკვარში ხიდიდან, კლდიდან, მოაჯირებიდან... არასოდეს მინახავს მტკვარი ასეთი ლამაზი.

მდინარეში სხვის ყვავილებთან ერთად ჩემიც მიცურავდა ზეციურ სულთა შესამკობელად. ისევე როგორც ყველას ლოცვას უერთდებოდა ჩემი ლოცვა, - ღმერთო, გვაღირსე ისეთი ქართველობა, როგორიც ის 100 000 იყო!

KvirisPalitra.Ge