ჩვენ გვაქვს უნიკალური თვისება... - კვირის პალიტრა

ჩვენ გვაქვს უნიკალური თვისება...

ჩვენ უნიკალური ქვეყანა ვართ! განა ეჭვი შეეპარება რომელიმე ქართველს ამ უდავო ჭეშმარიტებაში? ან როგორ უნდა შეიტანო ეჭვი?! საითაც გაიხედავ, ყველგან ჩვენი განსაკუთრებულობის დამადასტურებელ ნიშანს ხედავ: ის, რომ ყოველთვის გვემღერება, გვეცეკვება და გვექეიფება - ჭირშიც და ლხინშიც - უკვე ძველი ამბავია.

თოვლიანი მწვერვალიდან პირდაპირ მზიან სანაპიროზე ერთ საათში ჩამოსვლა და მთის თხილამურებიდან ზღვისაზე გადახტომა რომ ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, კარგა ხანია ვიცით. ისიც ვიცით, რომ ნებისმიერი პრობლემის გადასაწყვეტად (თუმცა, ისიც საკითხავია, ჩვენთვის პრობლემები საერთოდ არსებობს?) მხოლოდ უკვდავ ფრაზას ვჯერდებით - გვეშველება რამე?!

ჰოდა, ეს ყველაფერი რომ უკვე ასე კარგად შევითვისეთ და ყოველდღიურობის ნაწილად გვექცა, უნიკალურობა უკვე ჩვენი ცხოვრებისა და აზროვნების ნაწილი გახდა. შედეგად, ლამის გვავიწყდება, როგორი განსაკუთრებული ერი ვართ. არადა ამის დავიწყება იქნება?! ამიტომაც, მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის გამორჩეული თვისებები, რომლებიც განვითარებულობაზე პრეტენზიის მქონე ერებისგან გამოგვყოფს:

KvirisPalitra.Geჩვენ გვაქვს უნიკალური თვისება, სურვილისამებრ დავახარისხოთ ნაგავი და ყველაფერს საკუთარი ადგილი მივუჩინოთ. ასე მაგალითად: მუყაოს ყუთების, პოლიეთილენის პარკების, ბოთლების, თუნუქის ქილებისა და გარემოსათვის სხვა მსგავსი, აბსოლუტურად უვნებელი ნარჩენების ადგილი ქუჩაშია. ოღონდ, რა თქმა უნდა, სადმე, კუთხეში, ფეხებში რომ არ გამოგვედოს (ბოლოს და ბოლოს, აქ ხალხი ცხოვრობს!).

ან, თუ გნებავთ, მტკვარში გადაყარეთ, იქ მაინც არავინ ბანაობს. აი, რაც შეეხება, ანთებულ სიგარეტს, ფეთქებად სანთებელას, და სხვა ისეთ ნივთებს, რომლებმაც ადვილად შეიძლება ქუჩაში ხანძარი გამოიწვიონ, სანაგვე ურნაში ვყრით (სასურველია ურნა პლასტმასის იყოს. თუ შიგ მაკულატურაც ყრია, მთლად უკეთესი!).

ჩვენ გვაქვს უნიკალური თვისება, გავალამაზოთ ყველა და ყველაფერი, ოღონდ, მხოლოდ წინიდან. დიახ, მთავარია, შენობის ფასადი გამოიყურებოდეს მიმზიდველად, თორემ დაბზარული კედლები, მორყეული საძირკველი და დახეთქილი ჭერი ვიღას აინტერესებს!  კარგით რა, მოგცლიათ ერთი...

KvirisPalitra.Geჩვენ გვაქვს უნიკალური თვისება, უნაკლოდ შევურწყათ ერთმანეთს ძველი და ახალი. თან ისე, რომ არც წარსულს ვავნოთ და თანამედროვეობასაც კარგად ავუწყოთ ფეხი: ვაგებთ და ვტკბებით ახალაშენებული, მოლაპლაპე შუშებით მორთულ-მოკაზმული ნაგებობების ცქერით. ხოლო   ზუსტად მათ გვერდით საცოდავად წამოყუდებულ, ფანჯრებჩაცვენილ, ნახევრად ჩამონგრეულ შენობებს ხელუხლებლად ვტოვებთ. ისინი ხომ ჩვენი წარსულის უტყვი მოწმეები არიან!

ჩვენ გვაქვს უნიკალური თვისება, გავანათოთ და გავაბრჭყვიალოთ ყველა და ყველაფერი, რათა კიდევ უფრო დავრწმუნდეთ ცხოვრების საამურობაში. შეგვიძლია, დავკმაყოფილდეთ და ბედნიერები ვიყოთ იმით, რაც გვაქვს; აბა, ადრე იყო უკეთესი?! ასევე შეგვიძლია ვიყოთ ჩუმად, უშფოთველად (მაქსიმუმ, ვიმღეროთ, ვიცეკვოთ ან ვიქეიფოთ) და დაველოდოთ, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. აბა, მაგისთვის წუხილს რა აზრი აქვს, მოსახდენი ხომ მაინც მოხდება და რაც გიწერია, ვერსად გაექცევი.

ამ ყველაფრის შემდეგ კი თუ კიდევ ვერ დარწმუნდით, რომ ჩვენ უდავოდ ყველასგან გამორჩეულები ვართ, ე.ი. თქვენ არასოდეს გიცხოვრიათ საქართველოში, ან ყველაზე უნიკალური და სასარგებლო თვისებით - ღრმა ძილის ნიჭით ხართ დაჯილდოებული. ასე რომ, მეგობრებო ყოველივე ამის შემდეგ, რაღა საჭიროა, დავფიქრდეთ: „ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!“

გიორგი გოგუა

გიორგი გოგუას ბლოგი

 

 KvirisPalitra.Ge