მიხეილ სააკაშვილი: "ბათუმი ხომ გოგონაა და მე ვიშვილე"(?!) - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი: "ბათუმი ხომ გოგონაა და მე ვიშვილე"(?!)

როგორ დაპატიჟა "ბატონო მიშამ" "ნოვაია გაზეტას" მიმომხილველი ლარისა მალიუკოვა ვახშამზე, დაათვალიერებინა საყვარელი ბათუმი და ველოსიპედზე ამხედრებული სამხრეთულ ღამეში გაუჩინარდა, ამავე გაზეთში დაბეჭდილ სტატიაში შეიტყობთ.

საქართველოში რუსული კინოს ფესტივალის დამთავრებამდე ორი დღით ადრე, ამ ღონისძიების ორგანიზატორმა გია ბაზღაძემ მითხრა, - პრეზიდენტი ვახშამზე გეპატიჟებათ... ბათუმშიო. მეგონა, ფესტივალის პრეზიდენტ ელდარ რიაზანოვს გულისხმობდა. პროდიუსერი ჩემ სიბრიყვეს მიხვდა და დასძინა, - თუ მიხეილ სააკაშვილის მიპატიჟებას ღებულობთ, ორ წუთში გასამგზავრებლად მზად უნდა იყოთ. ხუთი წუთის შემდეგ რეჟისორი ნანა ჯორჯაძე (ის პრეზიდენტს ბავშვობიდან იცნობს, დედამისის მეზობელი იყო), რეჟისორი ალექსეი ფედორჩენკო, მისი მეუღლე და მე აეროპორტისკენ გავქანდით. გზად გამახსენდა, რომ პასპორტი სასტუმროში დამრჩა. ნანამ დამამშვიდა, - ყველაფერი მოგვარდებაო. სამთავრობო აეროპორტის ზონაში დოკუმენტებს არ გვთხოვენ, მხოლოდ გვარებს ვასახელებთ. "როგორ მივმართო პრეზიდენტს?" "ბატონო მიშა", - მეუბნება ნანა. ადვილი სათქმელია...

ავდივარ საპრეზიდენტო თვითმფრინავში. ლიოშა დივანზე მოკალათდა, ჩვენ - ხილით გაწყობილ მაგიდასთან. სტიუარდესა ფრანგულ ღვინოს გვთავაზობს. პრეზიდენტის მცველმა, ულამაზესმა ავტომატიანმა ყმაწვილმა თვითმფრინავის კუდისკენ გასწია... თითქოს ფილმს ვუყურებ... ელვასავით შემოიჭრა პრეზიდენტი... ვესალმებით ერთმანეთს. მივფრინავთ. გზად ვიდეორგოლით ვეცნობით, თუ როგორ შენდება და ლამაზდება საქართველო. პრეზიდენტი თითს პულტს აჭერს, "ფურცლავს" ბათუმში ჩატარებული დიდებული საახალწლო კონცერტის ფრაგმენტებს ოპერის მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით (მათ შორის დომინგოსა და ჩვენ იულია ნოვიკოვას), ვუსმენთ დუეტს "რიგოლეტოდან".

თვითმფრინავი შავად მოციმციმე ზღვას წრეს არტყამს და გირლიანდებით გაჩახჩახებული ნაპირისკენ მიემართება. მოგვიანებით ლიოშა ფედორჩენკომ ჰკითხა: - "თვალებგაბრწყინებული უყურებთ ქალაქს, ასე გიყვართ ბათუმი?" "დიახ, ის ხომ გოგონაა და მე ვიშვილე", - მიიღო პასუხად.

ჩვენთან ერთად რესპუბლიკის პროკურორი მოფრინავდა. მოწოდებით არქიტექტორი ყოფილა. "მასზე უკეთ ვინ შეამოწმებს, როგორ აშენებენ და ფულს როგორ ხარჯავენ", - ღიმილით გვეუბნება პრეზიდენტი. სანამ პროკურორ-არქიტექტორი პროკურატურაში მივიყვანეთ, პრეზიდენტის კორტეჟს ჩამოვრჩით (მისი დაწევა ადვილი არ აღმოჩნდა). მანქანა თევზის რესტორან უპ ანდ უპ-სკენ მიჰქრის. მიხაილ ნიკოლაევიჩი უკვე იქ არის. "სად დამეკარგეთ, მე აქ მარტო ვვახშმობ". ეტყობა, პრეზიდენტს მარტო ვახშმობა არ უყვარს.

სააკაშვილის პირდაპირ ვზივარ. უზარმაზარი ფანჯრები ზღვას გადაჰყურებს. ისმის ჩაიკოვსკის მუსიკა "გედების ტბიდან", ჰოლოგრაფიული ფიგურები ტალღებზე ცურავენ. რესტორანი ცარიელია. მოშორებით ერთი მცველი დგას. მაგრამ როცა ჩანთიდან კალმისტარს ვიღებ (მაგნიტოფონის ჩართვა მერიდება: მაინც სტუმრები ვართ), დეკორატიულ ხეს მოფარებული მეორე მცველი ჩნდება და გამჭოლ მზერას მესვრის.

ვცდილობ, საუბარი უშუალო გამოგვივიდეს. აღფრთოვანებული ვარ ახალი და საამიროების ნაჩუქარი პალმებით დამშვენებული უსასრულო სანაპიროთი. პრეზიდენტი შორს, გაბრწყინებულ თაღზე მიგვითითებს, - ცოტა ხნის წინ აქ ძველი ქარხნები და ტბები იყოო. რომელი ფილმები მოგწონთ-მეთქი, ვეკითხები. ბოლოდროინდელი კინოსურათებიდან მხოლოდ ალენის "ვიკი კრისტინა ბარსელონას" მოუხიბლავს. "ის ხომ ბარსელონას დაკვეთით გადაიღეს... თქვენ ხომ არ გაქვთ თბილისზე ფილმის დადგმის სურვილი?" - ვკითხე. წინადადებები უკვე გვაქვსო, - მომიგო. ახალი ჰოლივუდური ფილმები თვალში მაინცდამაინც არ მოსდის. ფილმი "ფეისბუქი" ჯერ არ უნახავს. ახალი რუსული კინოდან მხოლოდ "გასეირნებას" იხსენებს, მოსწონს ალექსეი უჩიტელის ფილმები. 90-იანი წლების ქართულ კინოში, ისევე, როგორც რუსულში, სარდაფებში მოფუთფუთე ნარკომანების ცხოვრება იყო ასახული. ახლა ახალი ქართული კინო იბადებაო.

ამ დროს კოსტიუმსა და ჰალსტუხში გამოწყობილმა თურქმა მზარეულმა ურიკით უზარმაზარი თევზი შემოაგორა და ცეცხლი მოუკიდა. აქ უყვართ შოუ, მაგრამ იმ წუთს ფედორჩენკო სუფრასთან არ იყო და მზარეულს ხელმეორედ უწევს სამზარეულოში გასვლა... დუბლი მეორე.

სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობთ. თურმე საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ოპერაა, ქართველებს მსოფლიოში საუკეთესო მომღერლები ჰყავთ. მეტროპოლიტენის, ლა სკალასა და ბერლინის საოპერო თეატრებში სეზონი ქართველ ვოკალისტებს გაუხსნიათ. 25 ნოემბერს დომინგო ჩამოვა, მასთან ერთად ათი ქართველი მომღერალი იმღერებს.

ფიგურულ სრიალზე გადავდივართ. პრეზიდენტს ბავშვობიდან უყვარს ციგურაობა. ახლა რამდენიმე ქალაქში საციგურაო სკოლები შენდება. პირველი წარმატებებიც არის - ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გახდა. "საინტერესო ფენომენია: ქართველები ოპერაში დადიან, კინოში კი - არა. ეტყობა, ინდივიდუალიზმის დრო დადგა, ფილმის ყურება შინაც შეიძლება. გადაღება უყვართ, ყურება - არა. ბათუმში მშვენიერი კინოთეატრი იყო, მაგრამ მაყურებელი არ დადიოდა და დავხურეთ. სამაგიეროდ, ოპერა თავიდან ავაშენეთ", - ამბობს სააკაშვილი.

პრეზიდენტი უცებ გადადის საზღვრების საკითხზე - ჩრდილოეთ კავკასიასთან საზღვარი გავხსენით. რუსეთის მხრიდან დღეში დაახლოებით ათასი კაცი ჰკვეთს საზღვარს. ჩეჩნებით გვაშინებდნენ, მაგრამ თუ ქვეყანაში წერიგია, ხალხიც სხვანაირად იქცევა, რუსეთში კი ქართველებს არ უშვებენო...

ამ ლაპარაკში პრეზიდენტი ძალიან ცხარე საწებელს ისხამს თეფშზე. ნანა აფრთხილებს, - უცხარესიაო. "არაუშავს, - ამშვიდებს მიხაილ ნიკოლაევიჩი, - მიჩვეული ვარ, ცხოვრებაც ხომ ცხარე მაქვსო".

ვეკითხები თბილისის ქუჩებში მოწანწალე მათხოვარი ბავშვების შესახებ. "ბოშები არიან.  ვცადეთ მათი ინტერნატში ჩაბარება, ბოშათა ბარონებთან მოლაპარაკებაც. მათთან ლაპარაკი ძნელია. სამაგიეროდ, ჩვენ ლტოლვილებსა და მათხოვრებს ქუჩებში თითქმის ვერ ნახავთ. დაბინავებულნი არიან".

"ჩვენთან დანაშაული 4,8-ჯერ ნაკლებია, ვიდრე რუსეთში, - ამბობს პრეზიდენტი, -  პატრულის მიმართ მოსახლეობის ნდობა 5-დან 87%-მდე გაიზარდა.

ჩვენთან ხომ ნამდვილი პალერმო იყო. საზოგადოებას ჰქონდა ქურდული მენტალიტეტი. კანონიერი ქურდების 70% ჩვენებურები იყვნენ. ახლა ზოგი ციხეში ჩავსვით, ზოგი გავასახლეთ. რუსეთში, უკრაინაში, ევროპაში გაემგზავრნენ. ბოლო შემთხვევას მოგიყვებით: კოლუმბიურმა მაფიამ ნარკოტიკებიანი კონტეინერები გამოგვიგზავნა. აეროპორტში შუამავალი კი ჰყავდათ, მაგრამ მან ფული მიითვისა. სვანებს დაუკვეთეს მისი "გასაღება". სვანებმა იფიქრეს, იფიქრეს და პოლიციაში გამოცხადნენ. შუამავლის ეზოში 5 მილიონი ევრო იპოვეს. აი, ასეთი მიწა გვაქვს, ევროების საბადო"...

ვთხოვ, რუსეთთან დაკავშირებით რაიმე მოიგონოს. როცა კიევის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ამბობდნენ, - ყველაზე ლამაზი გოგოები მოსკოველები არიანო, მაგრამ მათთან კავშირი არასოდეს მქონია, სამაგიეროდ, პეტერბურგელები ყველგან გამორჩეულები არიანო. 90-იან წლებში ტაქსიში საფულე დამრჩა და მძღოლმა კილომეტრი მდია მის დასაბრუნებლადო.

ლიოშა მიხეილ სააკაშვილს თავის ქალაქში, ეკატერინბურგში ეპატიჟება. პრეზიდენტი ღიმილით ამბობს: - რუსეთში ბევრი ოცნებობს ურალის საბადოებში ჩემს გამწესებასო.

- მძიმე არ არის მონომახის ქუდი, პრეზიდენტს ხომ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია? - ვეკითხები.

- ჩემი თავით ყოველთვის უკმაყოფილო ვარ. თუ დღის ბოლოს საკუთარი თავი მძულს, ესე იგი, საქმე ცუდად არის.

- პრეზიდენტობის ვადა სამ წელიწადში იწურება. შემდეგ რა მოხდება?

- შორი გეგმები არ მაქვს. თვალსაწიერ დისტანციებს ვამჯობინებ. მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, რომ შორეული გეგმების დაწყობა...

- ხელისუფლებაში დარჩენას, პრემიერ-მინისტრობას არ ფიქრობთ? ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს...

- გამორიცხულია. ჩვენთან პრემიერს კონკრეტული მოვალეობები აქვს; ამასთან, ის პარლამენტს ემორჩილება. თქვენთან კი პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის მოხსნა შეუძლია.

- სინამდვილეში არ შეუძლია.

- ჩემს გარემოცვას ვეუბნები: ამგვარ საკითხებზე ნაკლებად იფიქრეთ, საქართველო პატარა ქვეყანაა. თითქოს მისი მართვა ადვილია, მაგრამ ეს რთული ქვეყანაა მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებებით. ჩემ გვერდით ხუთი- ექვსი კაცია, რომელთაც მთავარი ინსტიტუციების მართვა შეუძლიათ. ასეთი ხალხი უფრო მეტია, ვიდრე თანამდებობები. საინტერესო ამბავია: ჩვენთან თავად ინსტიტუტი (პარლამენტი, პრეზიდენტობა, პროკურატურა) უფრო პოპულარულია, ვიდრე მისი მეთაური. მე თბილისში მოსახლეობის მხოლოდ 20% მიჭერდა მხარს, იცით რატომ? ძალიან ბევრი ფუნქციონერი გავყარეთ სამსახურიდან, გავაუქმეთ ასობით თანამდებობა. ფუნქციების 90% შევამცირეთ. მეტიც შეიძლება. დატვირთვის მიუხედავად მაქვს თავისუფალი დრო. მოხელესთვის უსაქმურობა დაუშვებელია. 10 ათასი მოხელისგან ჯერჯერობით 3 ათასი დავტოვეთ. პატარა ელექტრომობილებზე ვაპირებთ მათ გადასმას...

- ამბობენ, ხელისუფლება ნარკოტიკიაო.

- საქართველო - ეგალიტარული (თანასწორუფლებიანი) ქვეყანაა. აქ სხვა ფსიქოლოგიაა. ჩვენი მეფეები ფუფუნებაში არ ცხოვრობდნენ, ომის დროს თავად უდგნენ ჯარებს სათავეში.

დავინტერესდით პრეზიდენტის სასახლით, რომელიც რაიხსტაგს მოგვაგონებს... პრეზიდენტს ეს შედარება არ წყინს: "ეს ჟანდარმერიის ძველი შენობა იყო. რემონტისას სახურავი ჩაინგრა. მაინც თავიდან უნდა აშენებულიყო და მაშინ დავადგით გუმბათი."

ვახშამი დამთავრდა, იწყება ექსკურსია. პრეზიდენტს ძალიან უყვარს ბათუმზე საუბარი. აქ მისი ამბიციები, ოცნებები არქიტექტურულ-სკულპტურულ ფორმებს იღებს. მზად არის, მთელ მსოფლიოს მოსტაცოს იდეები საყვარელი ქალაქის გასალამაზებლად. მადრიდში, ვერონაში, ნიცაში ნანახი ოქროსფრად აბრწყინებული შადრევნები, ქანდაკებები და მონუმენტები ბათუმში "გადმოსახლდა". მომავალი "ჯადოსნური ქალაქის" მთავარი პროტოტიპი ნიცაა.

სანაპიროს მანქანებით მივუყვებით, ხშირად ვჩერდებით, მანქანებიდან სწრაფად გადმოვდივართ, რომ პრეზიდენტს დავეწიოთ, ის ჩვენ წინ მიქრის, გზადაგზა გვიყვება და გვაჩვენებს ყველაფერს. კვლავ მანქანებისკენ გავრბივართ...

"ხედავთ ამ არაჩვეულებრივ ვიტრაჟებს? ტალინში ვნახეთ. ორი პეტერბურგელი მხატვარი ქალი მუშაობს ამ ვიტრაჟებზე. ისინი აფორმებენ ექვსვარსკვლავიან სასტუმროსაც, რომელსაც ამერიკელები აშენებენ".

მთელი ბათუმი ერთი დიდი მშენებლობაა, უფრო სწორედ, ევრორემონტი. პრეზიდენტი თავის თავს სამუშაოთა მწარმოებელს უწოდებს, რომელიც ყველა დეტალს ითვალისწინებს, ყველა პრობლემას წყვეტს. ვუახლოვდებით ზღვას. პირსზე თამარ კვესიტაძის მეტალოპლასტიკის ორი ექვსმეტრიანი ფიგურა დგას. ქალი და კაცი უახლოვდება ერთმანეთს, კოცნაში ირინდებიან, ერთმანეთს ერწყმიან და ერთ მთლიან სხეულად იქცევიან, ერთმანეთში გადადიან... აღფრთოვანებას ვერ ვმალავთ. პრეზიდენტი კმაყოფლია.

"ჯადოსნური ქალაქის" ქუჩებში დავდივართ. თითქოს ქალაქ ბათუმის ზღაპარში მოვხვდით. ნასიამოვნები პრეზიდენტი გვეთანხმება...

ვცდილობ გავერკვე პრეზიდენტთან ურთიერთობის შედეგად მიღებულ ჩემს შთაბეჭდილებებში - გატაცების უნარი, აღფრთოვანება, ეკონომიკისა და პოლიტიკის სხვადასხვა სფეროს ცოდნა, ლაბილური (არამდგრადი) ფსიქიკა, ინფანტილურობა, ყველაფერში სპონტანურობა პლუს ამბიციურობა და იმის უნარი, რომ ოცნებები ცხოვრებაში აიხდინოს (თუმცა პოლიტიკოსისთვის ასეთი "ვერცხლისწყლობა" სახიფათოა).

KvirisPalitra.Geმას "პიარის გენიას" უწოდებენ. შეუძლია დამარცხება გამარჯვებად აქციოს. გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ომის და ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ მისი რეიტინგი იზრდება.

არ ვიცი, თბილისში როგორ არის, მაგრამ ბათუმში სააკაშვილი ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარია. აქ იცვლება ყველა ძველი კომუნიკაცია, იგება ქუჩები, აღადგენენ ძველ სახლებს, აშენებენ ახლებს. ამასთან, თვალში საცემია ოქროსფრის სიჭარბე, ჭახჭახა ფერები, უგემოვნო ნაგებობებიც გვხვდება. ნანა, რომელიც განათლებით არქიტექტორია, გვაწყნარებს: აქაური ხშირი წვიმები ჩამორეცხავენ ზედმეტ ბრჭყვიალებასო.

მასპინძლებს "შერატონში" მივყავართ. პრეზიდენტიც აქ ათევს ღამეს.

KvirisPalitra.Ge20 წუთში ზღვის პირას მოციონზე გვეპატიჟებიან. პროტოკოლის სამსახურის უფროსის თანხლებით ცარიელ, გაჩახჩახებულ სანაპიროზე მივსეირნობთ. უცებ სიჩუმეში საბურავების ხმა გვესმის, სამი ველოსიპედისტი წამოგვეწია. ერთი - საქართველოს პრეზიდენტია. ჩაფხუტი, ელასტიკური შარვალი და ლაქის ფეხსაცმელი აცვია. ჩვენი განცვიფრებული სახეების დანახვაზე მხიარულობს. ერთი-ორ სიტყვას ვეუბნებით ერთმანეთს, ვემშვიდობებით. მიხეილ სააკაშვილი სწრაფად უჩინარდება სამხრეთულ ღამეში. მას ჩვენი გაკვირვება უნდოდა... მიზანსაც მიაღწია...

მოამზადა თინათინ მარგველაშვილმა