ირაკლი ოქრუაშვილი - ოპოზიციის ნაწილი არანაკლებ დანაშაულს სჩადის, ვიდრე სააკაშვილი საკუთარი ხალხის წინაშე - კვირის პალიტრა

ირაკლი ოქრუაშვილი - ოპოზიციის ნაწილი არანაკლებ დანაშაულს სჩადის, ვიდრე სააკაშვილი საკუთარი ხალხის წინაშე

"ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სახალხო კრებაში ჩართულ ოპოზიციის ნაწილს ხალხის იმედგაცრუებასა და ნდობით სპეკულირებაში ადანაშაულებს.

"ის შედეგი, რაც მიიღეს იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც კრების ორგანიზატორები იყვნენ, მათთვის წინასწარ იყო ცნობილი. მესამე წელია, ერთი და იმავე შეცდომებით, ერთსა და იმავე წრეზე დაჰყავთ ხალხი და მერე უკვირთ, რატომ პროტესტს არ გამოთქვამენო", - აცხადებს ოქრუაშვილი.

მისივე თქმით, ხალხმა საბოლოოდ დაინახა, რომ ოპოზიციის ნაწილი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და "საბნის თავისკენ გადაქაჩვის" პრინციპით დაარბენინებს ხალხს წინ და უკან.

"საინტერესოა, ახლა როგორ ჩანს ბურჯანაძისთვის, კიდევ შორიდან ვიყურები და რეალობას ვერ ვხედავ? მე მართლაც შეიძლება ვერ ვხედავდე შორიდან რეალობას, მაგრამ მას ახლოდან ნამდვილად ვერ დაუნახავს ის იმედგაცრუება, რაც ხალხს აქვს ოპოზიციის მიმართ", - აღნიშნავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

ოქრუაშვილის აზრით, პოლიტიკოსების იმ ნაწილმა, ვინც ხალხის იმედგაცრუებას ბოლო მარილი მოაყარა, არათუ სხვის ან საკუთარ შეცდომებზე, არამედ საერთოდ ვერაფერი ვერ ისწავლა ბოლო სამი წლის განმავლობაში.

მისივე განცხადებით, რასაც ისინი სჩადიან, არანაკლები დანაშაულია, ვიდრე სააკაშვილი სჩადის საკუთარი ხალხის წინაშე.

"ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ყველა თავის დასკვნებს გააკეთებს ხალხის გუშინდელი "გაბაიბურების" შემდეგ.

"ჩვენ ვამბობთ, რამდენიმე თვე გვჭირდება იმისთვის, რომ საკმარისი ძალა შევიძინოთ და ხალხი ასე უნამუსოდ არ ვატაროთ წინ და უკან", - აცხადებს ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილის ეს განცხადებები დღეს მისმა თანაშემწემ გაავრცელა.

"ინტერპრესნიუსი"