გია ჭანტურია - სახალხო კრების პრესცენტრის ხელმძღვანელი ვერ გავხდები - კვირის პალიტრა

გია ჭანტურია - სახალხო კრების პრესცენტრის ხელმძღვანელი ვერ გავხდები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი გია ჭანტურიას განცხადებით, წარმომადგენლობითი სახალხო კრების წარმომადგენელთა პრეტენზია პირდაპირი ეთერის უქონლობის შესახებ რეალობას არ შეესაბამება.

როგორც გია ჭანტურიამ განაცხადა, პარლამენტთან გუშინ გამართული წარმომადგენლობითი სახალხო კრება I არხის ყველა საინფორმაციო გამოშვებაში გადაიცა. გარდა ამისა, II არხზე აღნიშნული მიტინგი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ხოლო პირდაპირ ეთერში – დათო პაიჭაძის გადაცემაში "თავისუფალი ტრიბუნა" – მოწვეული იყო სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელი ეკა ბესელია, რომელსაც თავისუფალ ეთერში საშუალება ჰქონდა, ესაუბრა იმ საკითხებზე, რაც გუშინდელ მიტინგზე ხდებოდა.

გია ჭანტურიას განცხადებით, ნებისმიერი ასეთი ზეწოლა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ტოლფასია. ”მე სახალხო კრების პრესცენტრის ხელმძღვანელი ვერ გავხდები”,- აღნიშნა მან.

ამასთან, ტელევიზიასთან მიმდინარე მიტინგზე გაუგებრობა შეიქმნა, ვინაიდან ეკა ბესელია, გოგი ქავთარაძე და ელიზბარ ჯაველიძე ტელევიზიის ფოიეში იმყოფებოდნენ და გია ჭანტურიასთან შეხვედრას ითხოვდნენ, ხოლო გია ჭანტურია ამ დროს ტელევიზიის წინ მდებარე ეზოში იმყოფებოდა და ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობდა.

პარლამენტის წინ დღეს გამართული აქციის მონაწილეების ნაწილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლა, სადაც სახალხო კრების მიერ ორგანიზებული აქიცების პირდაპირ ეთერში გადაცემას ითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"