სააკაშვილთან 80-90-იანი წლების მიჯნის მეთოდებით ბრძოლა, რბილად რომ ვთქვათ, გაუმართლებელია - კვირის პალიტრა

სააკაშვილთან 80-90-იანი წლების მიჯნის მეთოდებით ბრძოლა, რბილად რომ ვთქვათ, გაუმართლებელია

სახახლო კრებისა და "ქართული პარტიის" ყრილობის პოლიტიკურ შედეგებზე და ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ვითარებაზე "ინტერპრესნიუსი" ფილოსოფოსს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, როგორ შეაფასებდით სახალხო კრებას. თქვენი აზრით, რა როლს შეასრულებს კრება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში? რამდენად რეალისტურია დაუმორჩილებლობისთვის მზადება და რა რეალური შედეგი შეიძლება მოჰყვეს კრების მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი უნდობლობის გამოცხადებას?

- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ელოდნენ თავად კრების ორგანიზატორები კრების დღისგან. თუ ისინი ასიათასობით ადამიანის მოსვლას და ასეთი საყოველთაო მხარდაჭერის ფონზე პარალელური ხელისუფლების შექმნას ვარაუდობდნენ, არ უნდა დარჩენილიყვნენ კმაყოფილები. ის განცხადება, რომ პარლამენტის წინ შეკრებილი 15000 ადამიანი 850000 ადამიანის არჩეული დელეგატი იყო, დიდად არ ცვლის ვითარებას. არ არის გამორიცხული, მათ იმედი აქვთ, რომ ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი მივა. ეჭვი მეპარება, ასე მოხდეს. რაც შეეხება დაუმორჩილებლობის გამოცხადებას, ამგვარ რამეს მხოლოდ საყოველთაო მხარდაჭერის შემთხვევაში თუ ექნებოდა აზრი. ამის ნიშნები, ჯერ მაინც არ ჩანს. ალბათ, ამიტომაც გამოაცხადეს დაუმორჩილებლობისთვის მზადება.

აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას ჟანრის კრიზისი დაუდგა. 2007 წლის შემდეგ რადიკალურმა განცხადებებმა დაკარგა ძალა და გავლენა. 2007 წელს რიგითი ადამიანებისთვის მთავარი სატკივარი ხელისუფლება იყო, ადამიანთა უდიდესი მასებიც სწორედ ხელისუფლების წინააღმდეგ ამოძრავდა და არა - ვინმეს მხარდასაჭერად. ადამიანებს მხოლოდ საბაბი სჭირდებოდათ და ოპოზიციამ მისცა ეს საბაბი. პროცესების გაჭიანურებამ კი, ყოველ ჩვენგანს დაანახა, რომ საქმე არ ეხებოდა მხოლოდ ხელისუფლებისთვის პროტესტის გამოცხადებას, რომ ამით უნებურად მხარს ვუჭერდით იმათ, ვინც ნამდვილად არ იყო ხელისუფლებაზე უფრო სასურველი. ვფიქრობ, სწორედ ეს არის არსებითი მომენტი. სააკაშვილმა სწორედ ეს კარტი გაათამაშა და საკმაოდ წარმატებულადაც. მან პროცესების გაჭიანურებით დაგვანახა, რომ ჩვენი სატკივარია არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც, მითუმეტეს, რომ ეს უკანასკნელი სრულიად უმწეო აღმოჩნდა, საპროტესტო მუხტი და ენერგია რეალურ პოლიტიკურ ძალად ექცია. ამგვარი ოპოზიცია უმალ ხელისუფლების მეხამრიდის როლს ასრულებს. მავანთა რადიკალური და რევოლუციური ფრაზეოლოგიით საინფორმაციო სივრცის გაჯერებით ხდება ოპოზიციური აზრისა და მოძრაობის სიმულირება, თუ გნებავთ, მოდელირება. ხდება ის, რაც სინამდვილეში არ ხდება და მავანი პოლიტიკური მოღვაწეები, სურთ თუ არა, მოდელირებული პროტესტის მონაწილეებად გვევლინებიან.

სიტუაცია ბოლომდე კარიკატურულ სახეს მიიღებს, თუ ქვეყანას კიდევ ერთი "კანონიერი და ხალხის მიერ არჩეული" ხელისუფლება მოევლინება, რომელსაც მაშინვე სათავეში ჩაგვიყენებენ, როგორც კი პროტესტი გაგვიჩნდება.

კრების ორგანიზატორებმა შეცდომით მიიჩნიეს კრების დღე 2007 წლის 7 ნოემბრისა და სხვა გიგანტური აქციების გაგრძელებად და დაავიწყდათ, რომ იგი, ამავე დროს წაგებული საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების გაგრძელებაცაა და ლაპარაკი იმაზე, რომ შეკრებას რაიმე ლეგიტიმურობა შეიძლებოდა ჰქონოდა, სულ მცირე, უხერხულია. სააკაშვილმა მიაღწია მთავარს: ამგვარი რადიკალური ოპოზიციის მეშვეობით მან დაფანტა ოპოზიციური მუხტი, ყველა ტიპის არჩევნები მოიგო, კონსტიტუცია გაინაღდა და დასავლეთთან წამხდარი ურთიერთობაც ერთგვარად გამოაკეთა.

უბედურება მხოლოდ ის კი არ არის, რომ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ძალაუფლება შეინარჩუნა, არამედ ისიც, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა რაღაც მიახლოებაშიც კი ვერ აუღო ალღო საზოგადოებრივ პროცესებს და ადამიანებს ჯიუტად სთავაზობდა ერთი და იმავე რეპერტუარს. არადა, სააკაშვილმა 2007, 2008, 2009 წლების კრიზისებს გაუძლო და მასთან გასული საუკუნის 80-იანი და 90-იანი წლების მიჯნის მეთოდებით ბრძოლა, რბილად რომ ვთქვათ, გაუმართლებელია.

- კრებამ შექმნა ადამიანის უფლებების დაცვის, ოსურ და აფხაზურ საზოგადოებებთან ურთიერთობის, საერთაშორისო ურთიერთობების, რეგიონული და ახალგაზრდული კომიტეტები. თქვენი აზრით, კრებამ ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნაზე თუ პარალელური სტრუქტურტების შექმნაზე იზრუნა?

- გარკვეულად ეს ასეა. პარალელური სახელისუფლო ცენტრის შექმნისა და ხელისუფლების ხავერდოვანი განიარაღების იდეა ქართულ პოლიტიკაში გაისმოდა ჯერ კიდევ გამსახურდიას დროს. გაიხსენეთ ეროვნული კონგრესი. იყო მცდელობები შევარდნაძის დროსაც. არც ისე შორეულ წარსულში ბევრი პოლიტიკოსი მონარქიული ოჯახის შექმნას სააკაშვილის ხელისუფლების პარალელური ხელისუფლებით ჩანაცვლების შესაძლებლობად განიხილავდა. ჩანს, იდეა, ჯერ მაინც, უკვდავია, თუმცა _ უშედეგო. კრებაზე 100 000 ადამიანი რომ მისულიყო, ამ აქციას ლეგიტიმაციის ხარისხიც მაღალი ექნებოდა და, შესაბამისად, უკვე სამთავრობო სტრუქტურების პარალელური სხვა კომიტეტების შექმნასაც შეიძლებოდა შევსწრებოდით.

- დარჩა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ორგანიზებულ აქციას საპროტესტო მუხტი აშკარად აკლდა. რა ხდება, ხალხი დაიღალა, ოპოზიციამ საზოგადოებას მოქმდების რეალური გზა ვერ დაანახა, თუ ოპოზიციური სპექტრის გარკვეულ ნაწილს ხალხის ნდობის პრობლემა გაუჩნდა, როგორც ამას ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს?

- ხალხი არ დაღლილა. უბრალოდ, იგი გრძნობს, რომ სცენარი, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია მას სთავაზობს, განხორციელების შემთხვევაში მასვე უქმნის საფრთხეს. განვლილმა წლებმა ბევრ ადამიანს ასწავლა, რომ მკვეთრი და ფართო მონასმებით ისიც შეიძლება დაიკარგოს, რაც გააჩნია, რომ პოლიტიკური ცხოვრება პროცესია და ნახტომისებური ცვლილებები უფრო მეტი ხიფათის შემცველია, ვიდრე სიკეთისა. სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება, ვფიქრობ, ისეთივეა, როგორიც იყო 2007 წელს. თუ უბრალო ადამიანი თავისი პროტესტს არ აკავშირებს კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფთან, ეს არ ნიშნავს, რომ იგი დაიღალა ან პასიურია. უბრალოდ, იგი სხვა შემსრულებლებს და პოლიტიკური ქცევის სხვა პარადიგმას ეძებს. ვფიქრობ, რადიკალურ ოპოზიციას სწორედ ამისი აღიარება უჭირს და ისევ და ისევ 2003 წლის განმეორებას ცდილობს. როგორც ვნახეთ, ბრძოლაში ეკლესიის იერარქთა ავტორიტეტიც იქნა მოშველიებული, თუმცა უნდა გითხრათ, ეკლესიისადმი ნდობის მაღალი ხარისხი სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ადამიანები მას პოლიტიკურ ინსტიტუციად განიხილავენ. მისი ნდობა კულტურულ-რელიგიური რიგისაა. მთავარია, ადმიანებმა ეკლესიასთან დაპირისპირებულად და ამით კულტურულ-ისტორიული იდენტობის ხელმყოფად არ მიგიჩნიონ. ამას კარგად მიხვდა სააკაშვილი _ ცოტა გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა.

- ექპერტთა ერთი ნაწილის შეფასებით, კრების ორგანიზატორებმა საერთაშორისო ასპარეზზე მომხდარი ცვლილებები ვერ გაითვალისწინეს. საუბარია აშშ-რუსეთის, ევროპა-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე და იმაზე, რომ საქართველოში არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლის გზა პრაქტიკულად იმის გამოა გამორიცხული, რომ ასეთ ცვლილებას მხარს არავინ დაუჭერს...

- სააკაშვილი ახერხებს, საერთაშორისო საზოგადოებისათვის გასაგებ და მისაღებ ენაზე იმეტყველოს. დასავლეთში მას თავისიანად აღიქვამენ _ შესაძლოა, რაღაცეებში დამნაშავე, შემცდარ, მაგრამ მაინც თავისიანად. იგი ახერხებს, გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნის მითი "ვარდების რევოლუციის" შესახებ _ ფრანგულ გაზეთ "ფიგაროში" გამოქვეყნებული მასალა ამის მშვენიერი მაგალითია. ვკითხულობდი და ისეთი გრძნობა მქონდა, რომ 2003 თუ 2004 წელი იყო დაწერილი, როდესაც ვარდების მოვლენებით ნაშობი ილუზიები ჩვენშიც და დასავლეთშიც ათასგზის უფრო ძლიერი გახლდათ. სააკაშვილის არასაარჩევნო გზით დამხობის იდეა მხოლოდ აღვიძებს და აძლერებს ამ ილუზიებს. ასეთი რამ, თუნდაც მოხდეს, ახალი ხელისუფლება იზოლაციაში აღმოჩნდება. ხოლო ის, თუ რომელი ქვეყნის ხელისუფლებას უყვარს ამგვარი გარიყული ქვეყნები და ვინ იყენებს მათ თავისი ნეოიმპერიალისტური მიზნებისთვის, ვფიქრობ, ძნელი გამოსაცნობი არ არის. მეორე მხრივ, ძნელია, ამგვარი პერმანენტული რევოლუციებისა თუ გადატრიალებების მცდელობების ფონზე დასავლეთმა სერიოზულ პარტნიორად განგვიხილოს.

საქმე, ვფიქრობ, სხვა რამეა. ჩვენ ვერ შევქმენით კონსერვატიზმის თანამედროვე კონცეფცია, ანუ კონცეფცია იმისა, თუ თანამედროვე ვითარებებში როგორ უნდა გადარჩეს ჩვენი კულტურა თვითიზოლაციის გარეშე. რუსული მოტივის რეანიმაცია ჩვენს იდეოლოგიურ სივრცეში 2003 წლის შემდეგ აგრესიული ლიბერალიზმის მოძალებასთან არის დაკავშირებული. მის გაწონასწორებას დღეს ჩვენ კონსერვატიზმის ეროვნული მოძრაობის დროინდელი ფორმებით ვცდილობთ. ამას ემატება ისიც, რომ ბევრისთვის რუსეთი დღეს ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებასთან ასოცირებს და ასე მივიღეთ ქართული ნაციონალიზმისა და რუსოფილური განწყობილებების უცნაური ნაზავი, 80-იანი წლების ბოლოს კოშმარადაც რომ არავის დაგვესიზმრებოდა. არადა, თითქოს ცხადია, რომ კონსერვატიზმი, რომელსაც რუსეთი გვთავაზობს, სხვა არაფერია, თუ არა ჩვენის სულიერების ზერელე ოპერეტული კონცეფცია, თუ არა მთელი ჩვენი კულტურის ქცევა მკვდარ სამუზეუმო ექსპონატად და უხერხულიც არის, იგი საკუთარ თავს რეალურ პოლიტიკურ პროექტად შევთავაზოთ.

დასავლელი იდეოლოგებისგან განსხვავებით, რომლებიც აგრესიულად ცდილობენ ლიბერალიზმის გავრცელებას მთელს მსოფლოში და ჩვენშიც, რუსი იდეოლოგები, ერთი შეხედვით, ჩვენი ტრადიციული ღირებულებების მნიშვნელობაზე აკეთებენ აქცენტს, მაგრამ დიდი დაფიქრება არ არის საჭირო იმის აღმოსაჩენად, რომ მათ ჩვენ მხოლოდ ერთგვარ იოლად სამართავ სამუზეუმო ექსპონატებად ვჭირდებით, მხოლოდ ეთნოგრაფიულ წარმოდგენათა ერთგვარ პერსონაჟებად და ცხადია, ესეც კვდომაა, ოღონდ ისეთი, თავი ცოცხალი რომ გგონია.

თუ შევძლებთ და დღევანდელ ზერელე ნაციონალიზმს თანამედროვე სამყაროში ჩვენი სულიერების განვითარებისა და დამკვიდრების სერიოზული კონცეფციით ჩავანაცვლებთ, სააკაშვილის ეპოქაც ლოგიკურად დასრულდება და რუსეთიც ვეღარ ითამაშებს ჩვენს ეროვნულ გრძნობებზე. რაც მთავარია, ლიბერალიზმს გამოუჩნდება სერიოზული საპირწონე, რაც, დამეთანხმებით, თანამედროვე სამყაროში ნორმალური სახელმწიფოებრივი განვითარების აუცილებელი პირობაა. ასეთ შემთხვევაში ბრძოლა აზრიანიც იქნება, შედეგის მომტანიც და ცივილიზებული სამყაროსათვის გასაგებიც.

- მიმდინარე კვირაში "ქართული პარტიის" დამფუძნებელი ყრილობაც ჩატარდა და სახალხო კრებაც. თქვენი აზრით, ამ მოვლენების შემდეგ როგორ განვითარდება პროცესები, ერთი მხრივ რადიკალურ ოპოზიციაში და მეორე მხრივ ოპოზიცია-ხელისუფლების ურთიერთობებში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ საარჩევნო კანონისა და საარჩევნო გარემოს შეცვლაზე კონსულტაციები დაიწყეს?

- "ქართულ პარტიასთან" დაკავშირებით მიჭირს ლაპარაკი, მისი თავმჯდომარე გახდა ადამიანი, ვისაც მე პატივს ვცემ და ვფიქრობ, რომ მან სერიოზული შეცდომა დაუშვა. როგორ პოლიტიკურ წარმატებებსაც არ უნდა მიაღწიოს, ეს შეცდომა შეცდომად დარჩება.

რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნავენ: პოლიტიკა მრავალფუნქციური რამ არის და არც მხოლოდ კაბინეტებში თამაშდება, არც მხოლოდ მედიაში და არც მხოლოდ მიტინგებზე. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი ძალზე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, ოღონდ ჰერმეტულად ჩაკეტილ კაბინეტურ გარემოში და რიგით მოქალაქეებთან ურთიერთობა მთლიანად რადიკალებს გადააბარეს.

ყველაზე ნათლად ალბათ ახლა ჩანს, როგორი დარტყმა იყო ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის "ალიანსის" დაშლა. იმის ნაცვლად, რომ სხვა, თუნდაც მხოლოდ კულტურულად და ფსიქოლოგიურად მსგავსი პოლიტიკური ძალები მიეზიდა, იგი დაიშალა. უფლება რომ მქონდეს, მოვთხოვდი მის ყოფილ სუბიექტებს, აღედგინათ "ალიანსი", პიროვნული დაპირისპირებები და ამბიციები დაეძლიათ. "ალიანსის" დაშლა უკვე ირაკლი ალასანიას შეცდომაა, რომელიც კიდევ კარგახანს გაჰყვება მის პოლიტიკურ პორტრეტს. ვფიქრობ, მან რაღაც მომენტში გადაჭარბებით შეაფასა თავისი პოლიტიკური წონა. და მაინც, მიუხედავად მომხდარისა, "ალიანსის" აღდგენა ალბათ ჯერ კიდევ შეიძლება.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"