ჩრდილოეთ კავკასია წარსულსა და მომავალს შორის - კვირის პალიტრა

ჩრდილოეთ კავკასია წარსულსა და მომავალს შორის

"ჯეიმს თაუნის ფონდის" და ილიას უნივერსიტეტის თაოსნობით, 19-21 ნოემბერს თბილისში ჩატარდა მეორე საერთაშორისო კონფერენცია "მიჩქმალული ერები, ბოროტმოქმედებები გრძელდება: ჩრდილოეთი კავკასია წარსულსა და მომავალს შორის".

კონფერენციაზე კავკასიის ყველა ხალხი იყო წარმოდგენილი, ასევე მსოფლიოში მოქმედი ჩრდილოკავკასიელთა თითქმის ყველა გაერთიანება. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსები და ექსპერტები: ანდრე გლუკსმანი, ლორდი ფრენკ ჯადი, მაირბეკ ვაგაჩიევი, იად იუარი, ჰაჯი მურად დონოგო, ვალერი ძუცევი, მოშე გამერი, პიტერ რედუეი და სხვები.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს კავკასიელი ხალხის ბედთან დაკავშირებული ყველა აქტუალური საკითხი: ადამიანის უფლებები ჩეჩნეთში, საქართველოს პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა ერთიანი კავკასიის შექმნის შესახებ, სოჭის ოლიმპიადა და ჩერქეზი ხალხის დამოკიდებულება ოლიმპიადისადმი, ჩერქეზების გენოციდის საკითხები და სხვ. კონფერენცია მედიისთვის დახურული იყო.

თბილისში ჩატარებული კონფერენციის შესახებ გვესაუბრებიან ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ოლეგ პანფილოვი.

- რა მიზნებს ემსახურება ესოდენ მასშტაბური კონფერენციების ჩატარება, თანაც თბილისში?

ოლეგ პანფილოვი: - ამა წლის გაზაფხულზე ჩატარებულმა პირველმა კონფერენციამ უფრო ჩერქეზული პრობლემა განიხილა. ამჯერად ჩამოვიდა ჩეჩნების დიდი დელეგაცია, თანაც არა მარტო ჩეჩნეთიდან, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩეჩენთა დიასპორების წარმომადგენლები. ცხადია, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონენი. კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს არა მარტო ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა, არამედ დიასპორის წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის მოქმედმა და ყოფილმა დეპუტატებმა. ამგვარად, შესაძლებელი გახდა პრობლემათა დიდი სპექტრის განხილვა.

- როგორი იყო კონფერენციის მონაწილეთა საერთო განწყობა?

ოლეგ პანფილოვი: - ამგვარ კონფერენციებში განსაკუთრებული არაფერია. კრემლი აკი ძალიან გააღიზიანა, თითქოს მოსკოვის ბრძანების გარეშე არაფრის განხილვა არ შეიძლებოდა. მოსკოვი გააცოფა იმან, რომ თბილისში და არა რუსეთში შეუძლია ხალხს გულახდილად ილაპარაკოს თავის ისტორიაზე, განსაკუთრებით კი კრემლის იმპერიულ პოლიტიკაზე. მე რომ მკითხოთ, სწორედ რუსი პოლიტიკოსებისთვის იქნებოდა სასარგებლო ამ გამოსვლების მოსმენა, რათა შეეგნოთ, რა ჩაიდინეს კავკასიაში. კავკასიური პრობლემა კი არსებობს და მას აქტიურად განიხილავენ, საუბრობენ არა იმდენად რუსეთის იმპერიის მონაპოვარზე, არამედ ამ პოლიტიკის შედეგებზე, როცა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა დიდი ნაწილი განადგურდა ომებისა და საბჭოთა რეპრესიების დროს... კარგი რა უნდა თქვან ჩერქეზებმა, რომელთა მეხუთე-მეშვიდე თაობა მოწყვეტილია მშობელ მიწას, ან ჩეჩნებმა, რომლებიც "რუსეთის კონსტიტუციური წყობის აღდგენას" შეეწირნენ? როგორ მოიქცნენ ოსები და ინგუშები, რომლებიც ერთმანეთს გადაჰკიდეს, ან ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხები, რომლებსაც იძულებულს ხდიან, თავი იმართლონ, რომ ისინი კავკასიელები არიან? რუსეთში ქსენოფობიის მასშტაბები ისეთი საზარელია, რომ რუსული პასპორტის მქონე არარუს ხალხს რფ-ის ტერიტორიაზე მშვიდად გადაადგილდება არ შეუძლია?

კონფერენციის მონაწილეებს უხაროდათ, რომ კავკასიაში არსებობს ქვეყანა - საქართველო, რომელსაც ჩრდილოეთის მხრიდან იმპერიული ღრიალის არ ეშინია. გაჩნდა იმედი, რომ ჩრდილოეთ კავკასიელები სწრაფად და უპრობლემოდ გაუგებენ ერთმანეთს.

- კონფერენციის მონაწილეები როგორ შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას ერთიანი კავკასიის შესახებ?

გიგი თევზაძე: - ვფიქრობ, პირველ რიგში საქართველომ ბოდიში უნდა მოუხადოს კავკასიელ ხალხს იმის გამო, რომ მე-19 საუკუნეში რუსეთს მხარს უჭერდა კავკასიელთა წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებსა და ომებში. პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო მაქსიმალურად უნდა ეცადოს, გზა გაუხსნას კავკასიელებს ევროპისკენ, ცივილიზებული სამყაროსკენ, ევროპა შეიტანოს კავკასიაში.

ოლეგ პანფილოვი: - ჩემი აზრით, "ერთიანი კავკასიის" მიზანია, ბოლო ასწლეულებში დანგრეულის აღდგენა. მიუხედავად რწმენისა და ენების სხვადასხვაობისა, კავკასიელებს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო, ერთად ცხივრობდნენ, საერთო ენის გამონახვას ცდილობდნენ, ერთმანეთის კულტურებს ამდიდრებდნენ და თუ მათ ისტორიულ ძეგლებს ნახავთ, ფოლკლორს, სამზარეულოს გაეცნობით, ძალიან ბევრ საერთოს აღმოაჩენთ. მათ შორის ცხოვრების წესს, ეროვნულ მსოფლმხედველობას, მენტალურ ფილოსოფიას. ეს არის მთავარი, რომ "საერთო კავკასია" აერთიანებს. ჯერჯერობით ამ იდეას, მოწოდებას პირველები ჩრდილოკავკასიელები გამოეხმაურენ, იმედი მაქვს, მათ აზერბაიჯანელები და სომხებიც მიბაძავენ.

- ისტორიულად საქართველო კავკასიის ცენტრად, ცივილიზებული სამყაროსკენ გადებულ ხიდად ითვლებოდა. საქართველოს ხელისუფლებას ამ სტატუსის აღდგენა სურს. შესძლებს თუ არა მას?

ოლეგ პანფილოვი: - რასაკვირველია, შეძლებს. საერთოდ, როცა ქვეყანა, ხალხი თავისუფლდება, ცდილობს, თავისუფლების მოპოვებაში სხვებსაც დაეხმაროს. საქართველომ თავისი სტატუსი აღიდგინა და სერიოზულად მიიჩნევს თავის როლს კავკასიაში. უნდა მოგესმინათ და გენახათ ის აღფრთოვანება, რაც სტუმრებმა გამოხატეს იმ 2-3 დღეში ნანახის გამო. ამიტომაც თითქმის ყველა გამომსვლელი კავკასიელ ხალხთა გაერთიანების პროცესში საქართველოს ლიდერობაზე ლაპარაკობდა.

გიგი თევზაძე: - მეც მგონია, რომ პროცესი ნელ-ნელა ვითარდება. გასაგებია, რომ ჯერჯერობით კავკასიელებიც და ევროპელებიც ეჭვით უყურებენ ამ მოძრაობას, მაგრამ საფუძვლიანი იმედი გვაქვს, რომ ასეთი პოლიტიკით საქართველო აღიდგენს კავკასიის ცენტრის სტატუსს.

- კონფერენციაზე სოჭის ოლიმპიადასთან ჩერქეზი ხალხის დამოკიდებულების საკითხიც განიხილეს. ამავე დროს, საქართველოს პარლამენტში საგანგებო დახურული თათბირი ჩატარდა და გადაწყდა, მსოფლიო თანამეგობრობას გააგებინონ, რომ სოჭის ოლიმპიადის ჩატარების წინააღმდეგ სამი ძირითადი არგუმენტი არსებობს - ეკოლოგიური, უსაფრთხოების ადა ისტორიული ფაქტორი. როგორია ამ საკითხთან დაკაბშირებით კონფერენციის და, კერძოდ, ჩერქეზების პოზიცია?

ოლეგ პანფილოვი: - რასაკვირველია, ეს არის პოლიტიკური, ამავე დროს ეკოლოგიური და ზნეობრივი პრობლემა. სამხრეთ კავკასია აღშფოთებულია იმით, რაც ბოლო ათწლეულებში ხდებოდა - რეპრესიები, დეპორტაცია, ომები, ეკოლოგიური უმსგავსობები, მძულვარება ძირძველი მოსახლეობის მიმართ, რუსული ცინიზმი, რომელსაც არავინ იბრძვის და სოჭის ოლიმპიადა - საბაბი იმისა, რომ ხალხებს ყველანაირი წყენა გაახსენდეთ. ყველა, ვინც ამ პრობლემის განხილვაში იყო ჩართული, ერთსულოვანია - რუსეთი უზნეოდ იქცევა და ამიტომაც არ აქვს უფლება, სამხრეთ კავკასიაში ოლიმპიადა ჩაატაროს.

გიგი თევზაძე: - კონფერენციის მონაწილეებს სურთ, მსოფლიოს გააგებინონ, თუ რა ისტორიული დატვირთვა აქვს სოჭს. ჩერქეზი ხალხისთვის ამ ადგილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან იქ XIX საუკუნეში უპტეცენდენტო გენოციდი მოხდა. ასევე უნდა გამოაშკარავდეს ის ეკოლოგიური კატასტროფა, რაც აფხაზეთს ემუქრება სოჭისთვის მიწოდებული საშენი მასალების გამო. მსოფლიომ უნდა გაიგოს რას აკეთებს რუსეთი სოჭში.

- როგორ შეაფასა კონფერენციამ ჩრდილოეთკავკასიელთათვის სავიზო რეჟიმის გაუქმება?

ოლეგ პანფილოვი: - ერთმა დაღესტნელმა დელეგატმა იხუმრა, - კრემლს მადლობა უნდა ვუთხრათ საბჭოთა გადმონაშთისთვის. პასპორტში ჩაწერის შტამპის წყალობით თავისუფლად შეგვიძლია თქვენ ქვეყანაში შემოსვლაო. ევროპიდან და აშშ-დან ჩამოსული ოსი დელეგატებიც განაცვიფრა თბილისის აეროპორტში მესაზღვრეების მოპყრობამდა ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლამ.

კონფერენცია კავკასიელ ხალხთა თავისებური იმედის ნაპერწკალი იყო. მონაწილეები მეუბნებოდნენ, - ახლა კი ვიცით, რომ არსებობს ადგილი, სადაც უპრობლემოდ შეიძლება კავკასიურ პრობლემებზე საუბარიო.

მოამზადა თინათინ მარგველაშვილმა