მიშას დამხობას ისევ მიშა თუ შეძლებს... - კვირის პალიტრა

მიშას დამხობას ისევ მიშა თუ შეძლებს...

ქართულ ოპოზიციას ერთი გამოსავალი აქვს – მოახდინოს მიხეილ სააკაშვილის კლონირება და სცადოს, რომ იმ მიშამ ეს მიშა დაამხოს, ან ორგანიზებულობა უნდა ისწავლოს. თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ოპოზიციამ თავის შეცდომებზე ჭკუა ვერ ისწავლა და ციყვივით კვლავ მოჯადოებულ ბორბალზე დარბის, სჯობს ისევ სააკაშვილის კლონირება სცადოს.

25 ნოემბერს დაგეგმილ სახალხო კრებას ანონსი კარგი ჰქონდა – ოპოზიცია რაღაც არგაგონილ, მანამდე არნახულ, გრანდიოზულ შეკრებას გვპირდებოდა. საბოლოოდ მივიღეთ რიგითი, დაუგეგმავი და გაუთვლელი აქცია. კრება რომ აქციად ექცია, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა – კრების ორგანიზატორებს არც დარბაზი მიაქირავა და არც სტადიონი. ოპოზიცია ისევ “ძველ ადგილას”, პარლამენტთან შერეკა, რომელიც უკვე იქცა ხელისუფლების მოწინააღმდეგეების პერმანენტულ ვატერლოოდ.

კრება გრანდიოზული არ გამოვიდა – იქ თავი 10 ათასზე ცოტა მეტმა ადამიანმა მოიყარა. თუმცა კრების ორგანიზატორები ამტკიცებდნენ, რომ 12500 მარტო დელეგატე იყო.

KvirisPalitra.Geასე იყო თუ ისე, კრების პირველმა ნაწილმა მეტ-ნაკლებად ორგანიზებულად ჩაირა – მონაწილეებმა მიიღეს მრისხანე რეზოლუციები, უნდობლობა გამოუცხადეს პრეზიდენტს, კონსტუტუციას, კრების თავმჯდომარედ ნონა გაფრინდაშვილი აირჩიეს და მიიღეს გადაწყვეტილება ეროვნული დაუმორჩილებლობის კომიტეტების შექმნის შესახებ.

ბუნტი მაშინ დაიწყო, როდესაც კრების ორგანიზატორებმა მონაწილეებს გამოუცხადეს – ღონისძიება დამთავრდა, აბა სახლებში მიბრძანდითო. აღმოჩნდა, რომ რეგიონებიდან ჩამოსულებს მისაბრძანებელი თბილისში არსად ჰქონდათ, ბევრ მათგანს კი უკან დასაბრუნებელი გზის ფულიც არ გააჩნდა  ჯიბეში.

ეს კრების ორგანიზატორების მთავარი შეცდომა იყო – შე დალოცვილო, ხალხი რომ ჩამოგყავს, მინიმალური პირობები მაინც შეუქმენი, რომ არავინ წამოგაძახოს – რამდენიმე ათასი კაცისთვის ვერ მიუხედავთ და ამათ ხელისუფლებაში უნდათ მოსვლაო.

“ვარდების რევოლუციის” მაგალითი მაინც არ ჰქონდეთ წინ, როდესაც იმ თავსხმა წვიმაში მდგომებს სასმელ-საჭმელი არ აკლდათ.

ერთი სიტყვით, კრების ორგანიზატორებმა ხალხს ხელი დაუქნიეს და შინ წასვლა დააპირეს. ხალხი კი მაინც არ იშლებოდა... სტვენა-სტვენით მიაბრუნეს ოპოზიციის ლიდერები პარლამენტთან და იქ ღამის სამ საათამდე აყურყუტეს.

KvirisPalitra.Geშემდეგ, ალბათ ბედის ირონიით, შეეცადნენ იმის გაკეთებას, რაზეც ხელისუფლება ყოველგვარი ოპოზიციური შეკრებების დროს ოცნებობს – მოინდომეს შეკრებილთა დაშლა.

რეგიონებიდან ჩამოსულებს ეგონათ, რომ თბილისში კრება კი არა, სააკაშვილის დასამხობად საპროტესტო აქციები უნდა გამართულიყო. საქმეს პოლიტიკოსების ახსნა-განმარტებამაც ვერ უშველა _ რეგიონებიდან ჩამოსულები მაინც არ დაიშალნენ. შემდეგ კი ოპოზიციამ იმპროვიზაციას მიმართა. ჯერ პარლამენტის წინ შეკრებილებს სახალხო კრების იმ სტრუქტურებში გაწევრებისკენ მოუწოდა, რომელთა შესახებ აქციის მონაწილეებს წარმოდგენა არ ჰქონდათ. შემდეგ კი პოლიტიკოსები ხალხს ტელევიზიისკენ გაუძღვნენ.

ამან ოპოზიციის კიდევ ერთი სენი წარმოაჩინა – შეუთანხმებლობა. “ეროვნული ფორუმი” გაიბუტა – ეს გადაწყვეტილება ჩვენთან შეთანხმებული არ იყოო და ლამის სახალხო კრების წევრობაზე თქვა უარი.

რაც შეეხება ცენტრალურ ტელევიზიებს – ამერიკელებმა სირცხვილის შკალა გამოიგონეს, რომლის უმაღლესი მაჩვენებელი 100-ია. ჩვენს ტელეკომპანიებს თამამად შეგვიძლია, რომ 200 დავუწეროთ. შენი ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში რამდენიმე ათასი შენი მოქალაქე კი არა, ნაურუელებიც რომ შეკრებილიყვნენ, ეს შენთვის მეორეხარისხოვანი თემა არ უნდა ყოფილიყო.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა “მოწყალება მოიღო” და ორ თოქ-შოუში სახალხო კრების წარმომადგენლებს ეთერი დაუთმო. ისე, ეს, როგორც ჩანს ხელისუფლების მორიგი ვერაგული ჩანაფიქრია – ჯერ პირველი არხის თოქ-შოუების რეიტინგი არ გაიშვას არსად და მერე ჩვენი ოპოზიციისა.

მომავალი აქციის თარიღს ოპოზიცია სამ დღეში დაასახელებს. ეტყობა, იმედი აქვთ, რომ რეგიონებიდან ჩამოსულებს ბოლოს და ბოლოს მობეზრდებათ წინ და უკან სიარული და ფეხით დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში.

ჩვენი მხრიდან, ოპოზიციას ერთ რაიმეს ვურჩევთ – მომავალი აქციის თარიღი 3 დღეში კი არა, 30 წელიწადში დაასახელონ. ამასობაში მიხეილ სააკაშვილიც დაბერდება და რა იცი, იქნებ ”ვარდების რევოლუცია-2”-ის გათამაშების სურვილი გაუჩნდეს.

გიორგი კვიტაშვილი