ვინ იქნება მემკვიდრე? - კვირის პალიტრა

ვინ იქნება მემკვიდრე?

ჩვენი ოპოზიციის გადამკიდე, ნათელია, რომ 2013 წელი ძალზე მშვიდად და წყნარად მოვა და სახელისუფლებო როქი განხორციელდება – ცოტა ხნით, მიხეილ სააკაშვილი პრემიერის სავარძელში გადაბრძანდება, პრეზიდენტად კი ვინმე იქსი დაინიშნება.

ისე, ამ “მემკვიდრეებზე” მკითხაობა არ გვშორდება – ჯერ შევარდნაძის დროს ვჩხიბაობდით ამ თემაზე და ახლა ახალი თავსატეხი სააკაშვილმა გაგვიჩინა. ძნელი სავარუდოა, რომ სადმე, თავისუფალ ტურისტულ ზონაში, “ოქროს სკუტერი” ირწეოდეს. ამიტომაც, მიშას არჩევანის გაკეთება თავისი გარემოცვიდან მოუწევს.

ხელისუფლების მომავალი გეგმები ტელესიუჟეტებიდან უნდა გამოიცნო...

ამ ლოგიკით, სააკაშვილის დროებითი მემკვიდრეობის #1 კანდიდატი თბილისის მერი გიგი უგულავაა.

მაგალითად, თუ ტელევიზორში პრეზიდენტი ზღვაში ბანაობს, იქვე ცურავს გიგიც, თუ ბოლიდში ჯდება მიშა, იქვე არის გიგიც, თხილამურზე თუ დგას მიშა, იტანჯება გიგიც და ა.შ.

გარდა ამისა, გიგის აზრებს სააკაშვილი ხშირად იშველიებს ხოლმე. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთის გზის გახსნისას თქვა – ეს გზა გიგისაც ძალიან მოეწონაო, თითქოს თბილისის მერი ასფალტის დეგუსტატორი იყოს. გაგიკვირდებათ და უგულავას მესტიის აეროპორტიც ძალიან მოსწონებია, ოღონდ ერიდება და ეს სააკაშვილს ათქმევინა.

თბილისში გიგის რა მოსწონს, ამის თაობაზე მიშას არაფერი უთქვამს. ისე, თუ უგულავას პრეზიდენტობა უნდა, სჯობს რეგიონებს “მიაწვეს”, რადგან შესაძლოა, მალე დედაქალაქში აღარ დაედგომებოდეს.

მაგალითად, თბილისელებს წყლის ტარიფი გაუძვირდათ და სულზე 3.15 ლარი გახდა. ხელისუფლებამ “დაამტკიცა”, რომ თბილისელები იმდენ წყალს მოიხმარენ, რომ თითქოს ეს ქალაქი კი არა, თეთრი ვეშაპების ნაკრძალი იყოს.

29 ნოემბრიდან კი გაძვირდება მეტრო და ავტობუსები – 50 თეთრი გახდება. გიგიმ ინამუსა და პრესსამსახურს გაავრცელებინა ინფორმაცია, რომ თურმე უგულავა წინააღმდეგი იყო, მაგრამ “უკიდურეს აუცილებლობას გვერდი ვერ აუარა”.

ეს ზღაპრები იმ ბავშვებს მოუყვნენ, ლეპტოპებს რომ ჰპირდებიან. რომელიმე ბიზნესმენს თბილისში რაიმე პროექტის განხორციელება რომ მოუნდეს და გიგი წინააღმდეგი იყოს, ერთი ვნახავდით, გადაახტებოდა თუ არა “უკიდურეს აუცილებლობას”. ასე რომ, რეგიონებს მიაწექი გიგი!

მემკვიდრეობის ლოგიკაში ჯდება ისიც, რომ ამ ბოლო დროს უგულავა მოკრძალებული გახდა. კერძოდ, არ კითხულობს ტელელექციებს იმ თემებზე, რომლებიც მას არ ეხება. ალბათ გახსოვთ გიგის მიმართვები საოკუპაციო მუზეუმიდან საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, რუს ჯაშუშებზე, ნატო-ზე, ევროინტეგრაციაზე და ყველა იმ საკითხზე, რომელთანაც კავშირი მას, როგორც თბილისის მერს, არ ჰქონდა.

ალბათ, უგულავამ კარგად იცის პატრონის ხასიათი – არ უნდა შეგამჩნიოს რაიმე პოლიტიკური ამბიცია, თორემ მემკვიდრეობა კი არა, მერობაც უკან მოგრჩება. სააკაშვილის მეგობრობაც არ გიშველის. აგერ ერთს, ირაკლი რომ ერქვა და მიშასთან ძმაკაცობდა, ამბიციები გაუჩნდა და... ჯერ ტელევიზორში ილაპარაკა თავჩაღუნულმა და შემდეგ, პარიზში გადაიხვეწა.

რა თქმა უნდა, ტელევიზიით თავჩაღუნულ პოზაში ცოდვების მონანიებას, გიგის ურჩევნია მხოლოდ გამწვანებაზე და ასფალტზე ისაუბროს.

თუმცა სააკაშვილის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა ჩვენი მკითხაობა ერთ მშვენიერ დღეს წყალში ჩაიყაროს. არავინ იცის, ხვალ მიშა რა ხასიათზე გაიღვიძებს. როგორც ვანო მერაბიშვილმა ერთ-ერთ ტელეინტერვიუში თქვა, “ჩემისთანა ფავორიტი პრეზიდენტს ოცდაათი ჰყავსო”.

გიორგი კვიტაშვილი