"მე ხომ ყოველთვის საქართველოს ვემსახურებოდი და არა - მთავრობებს!" - კვირის პალიტრა

"მე ხომ ყოველთვის საქართველოს ვემსახურებოდი და არა - მთავრობებს!"

ვეტერანი მფრინავი, ბორტგამცილებელი ლუიზა კენჭოშვილი სისხლის გადასხმის სადგურში გავიცანი. ლეიკემიით დაავადებული პაციენტისთვის სისხლის გადასასხმელად იყო მისული, მაგრამ: "ჩემი სისხლი არ ჩაიბარეს, როგორც ყოფილ მფრინავს, ჟანგბადის ნაკლებობა გაქვთ სისხლში და დონორად უვარგისი ხართო. არადა, იმედი მქონდა, გაყიდულ სისხლში ერთი კვირის პურის ფულს მაინც ავიღებდი. ახლა რა ვქნა, რა ვუყო 80 წელს გადაცილებულ დედას? სახლში გასაყიდიც აღარაფერი დამრჩა, რომ მშრალ ხიდზე გავიტანო. ჩემი და დედაჩემის პენსია 200 ლარამდეც არ გროვდება. ეს ფული ერთი კვირაც არ გვყოფნის წამლებისთვის."

2011 წლის ბიუჯეტშიც არ გაითვალისწინეს თავდაცვისა და სამართალდამცავი სტრუქტურების ვეტერანთა მოთხოვნა, მიიღონ პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან დაკავშირებით ხელისუფლება  დამატებითი ვალდებულებების აღებას არ აპირებს, შესაბამისად, ვეტერანი ძალოვნებიც ვერ ისარგებლებენ დიფერენცირებული პენსიით, როგორც ეს იყო 2005 წლის დეკემბრამდე. პენსიების გადაანგარიშების წესის გაუქმების გამო მრავალწლიანი სამუშაო სტაჟისა და დამსახურების მიუხედავად, ვეტერანი ძალოვნები და სხვა პროფესიების წარმომადგენლები ისეთ მოქალაქეებს გაუთანაბრდნენ, რომელთაც არასდროს უმუშავიათ. ვეტერან ძალოვანთა საპენსიო გადაანგარიშების წესის აღდგენას მოითხოვს ვეტერან მფრინავთა მცირერიცხოვანი ჯგუფი. მათ შორის არის ლუიზა კენჭოშვილიც.

ლუიზა კენჭოშვილი: - სომხეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში უზარმაზარი  პენსიები აქვთ ვეტერან მფრინავებს, თითქმის ათას დოლარამდე. ჩვენ კი უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ვართ, შიმშილით ვიხოცებით. არადა, იმდენად მძიმეა ჩვენი პროფესია, რომ 45 წლის ასაკში გვიშვებენ პენსიაზე, ერთი სამუშაო წელიწადი ორად გვეთვლება, შესაბამისად, მე 43 წელი გამომდის ნამუშევარი. ეს უზარმაზარი  სტაჟია, ასეთს დღევანდელი მფრინავები ვერ მიაღწევენ. წინათ სტაჟის დაანგარიშების ასეთი სისტემა იყო: შვიდწელ-ნახევარი ფრენის სტაჟი უნდა გქონოდა, ამდენივე - ხმელეთზე მუშაობის. ყოველი წლის განმავლობაში უნდა გეფრინა არანაკლებ 500 საათისა. დღეს საქართველოში არ არის იმდენი ფრენა, რომ წელიწადში 500 საათი იფრინო. დღევანდელი მფრინავები ვერც ამდენ საფრენ საათს შეაგროვებენ და შესაბამისად, დამსახურებულ პენსიასაც ვერ მიიღებენ. ამასთან, დღეს სრულიად დაუცველია მფრინავიც და ბორტგამცილებელიც. უმიზეზოდ შეუძლიათ სამსახურიდან დაგითხოვონ, სხვას მოიყვანენ და შენი სტაჟიც იკარგება.

- თქვენი პენსია რიგითი მოქალაქეების პენსიისგან არ განსხვავდება?

- რიგით მოქალაქეს, რომელსაც არასოდეს  უმუშავია, 90 ლარი აქვს. თბილისის მერის, გიგი უგულავას განკარგულებით კიდევ ათი ლარი ემატება და გამოსდის 100 ლარი, ჩვენ კი 94 ლარი გვაქვს და გვეუბნებიან, თუ ასი ლარი გინდათ, სტატუსი მოიხსენითო. მართალია, არაფერს მაძლევს ეს სტატუსი, მაგრამ მაინც არ მოვიხსნი. ვითხოვ, რაც მეკუთვნის, მომცენ.

1995 წლიდან პენსიონერი ვარ და პენსიის გამო სულ მრცხვენია, მგონია, არაფერი გამიკეთებია ამ ქვეყნისთვის. თუ სახელმწიფოს ვემსახურები, ხომ უნდა დამიფასოს გარჯა!

- უფასო სამედიცინო დაზღვევით ან სხვა შეღავათებითაც არ სარგებლობთ?

- გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, ინფარქტი მფრინავების პროფესიული დაავადებებია, სახსრები გვიავადდება...

მიკროინფარქტი მაქვს გადატანილი, ძვირად ღირებული წამლები მჭირდება, მაგრამ სამედიცინო დაზღვევა არ მაქვს. მომცეს ვითომ სადაზღვევო პოლისი, მაგრამ რად გინდა, იოდი, ბამბა და ასეთი რაღაცების მოცემის უფლება აქვთ თურმე, წამალი კი მე უნდა ვიყიდო. ეს რომ შემეძლოს, მაგათი დახმარება რაღად მინდა? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სახელმწიფო სასიკვდილოდ გვიმეტებს. აბა, რა ვიფიქრო?

მთელი ცხოვრება ვმუშაობდი იმ იმედით, რომ  შრომა დამიფასდებოდა და ტკბილი სიბერე მექნებოდა. ახლა რა მაქვს? მე ხომ ყველა რეჟიმის დროს საქართველოს ვემსახურებოდი და არა - მთავრობებს! ჩვენი კოლეგა იულია ბადალოვაც საშინელ მდგომარეობაშია, ავადმყოფი ქალია, რაც უშრომია, ყველაფერი წყალს გაჰყვა, მისი ქონება წამლებში წავიდა. მეც წამლებისთვის გავყიდე ყველაფერი.

- ალბათ  ბევრი განსაცდელი გადაგიტანიათ... 

- ყოველი გაფრენა უდიდეს რისკთან არის დაკავშირებული. მგზავრებმა არ იციან, რა ხდება მფრინავის კაბინაში. ახლა უკეთესი პირობებია.

მე მინახავს ფრენის დასრულების შემდეგ ხელებდალურჯებული მფრინავები, რომელთაც მთელი რეისის განმავლობაში, შტორმში მოხვედრის გამო, ხელით ეკავათ შტურვალი. არასდროს დამავიწყდება მათი სახეები! ისინი უკვე აღარ არიან, ყველა მათგანი გულით კვდება. ძნელია, გაუძლო ამ უზარმაზარ დატვირთვას და მერე იმას, რომ შენს ღვაწლს სახელმწიფო არაფრად აგდებს.

ფრენის შემდეგ უკანასკნელი მგზავრიც რომ დატოვებდა სალონს, სიხარულით ვტიროდით, რომ მშვიდობიანად დაფრენა გვეღირსა. ზოგჯერ მხოლოდ ნახევარ საათს ვისვენებდით და შემდეგ რეისზე მივდიოდით. დავფრინავდით ძალიან არაკომფორტული თვითმფრინავებით, ძირითადად ÒÓ-154-ებით, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოლონეთის პრეზიდენტი იმსხვერპლა. ძველი თვითმფრინავები იცით, როგორი იყო? ისეთივე განცდა დაგეუფლებოდა, როგორიც ორღობეში ავტობუსით ჩაქჩაქის დროს.

ნუთუ არ შეიძლება, ასეთი მძიმე ცხოვრების შემდეგ ნორმალური პენსია მაინც გვქონდეს? ჩვენ ისედაც ცოტა ხანს ვცოცხლობთ და სანამ ვართ, იქნებ მოგვხედოს ვინმემ, ნუ დაგვხოცავთ შიმშილით.