"თუ საქართველო შეცდომებს არ დაუშვებს, დრო ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს" - კვირის პალიტრა

"თუ საქართველო შეცდომებს არ დაუშვებს, დრო ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს"

 

სავარაუდოდ, თუ როგორი იქნება ოფიციალური მოსკოვის პასუხი სააკაშვილის ინიციატივაზე მოსკოვსა და თბილისს შორის მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, განიცდის თუ არა კრემლი საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროპისაგან რამე სახის ზეწოლას, რა ხდება რუსეთში და რა მოსაზრებებს გამოთქვამენ რუსი ექსპერტები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ამ და სხვა საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ევროკავშირში, ნატო-სა და რუსეთში საქართველოს ყოფილ ელჩს, ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა, რომელიც ქართველ ექსპერტთა მცირე ჯგუფთან ერთად მოსკოვიდან ახლახან დაბრუნდა.

- ბატონო ზურაბ, ერთ კვირაზე მეტი გავიდა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან რუსეთს მოსკოვსა და თბილისს შორის მოლაპარაკებების უპირობოდ დაწყება შესთავაზა. ოფიციალური მოსკოვის დუმილის ფონზე ქართულ პოლიტიკურ წრეებში არ ცხრება სააკაშვილის შეთავაზებაზე კამათი. ზოგი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა კრემლის წინაშე პრაქტიკულად კაპიტულაცია გამოაცხადა, მეორენი მიიჩნევენ, რომ სააკაშვილმა სწორი და დიპლომატიური თვალსაზრისით წაუგებელი ნაბიჯი გადადგა. მესამენი კი თვლიან, რომ მის შეთავაზებას აზრი არ ჰქონდა, ვინაიდან სააკაშვილთან საუბარს არც მედვედევი და არც პუტინი არ აპირებენ.

თქვენი აზრით, ამ მოსაზრებებთაგან რომელი უფრო ახლოს არის სინამდვილესთან? და კიდევ, მედვედევსა და პუტინს სააკაშვილის წინადადებაზე პასუხის გაცემა თუნდაც დასავლეთის ზეწოლით მოუწევთ და თქვენი ვარაუდით, ორივეს პასუხი ერთნაირი იქნება თუ - განსხვავებული?

- ისევე როგორც ზოგადად, პოლიტიკაშიც, კონსტრუქციულობას მეტი დადებითი შედეგი მოაქვს, ვიდრე - დესტრუქციულ ქმედებასა და მაქსიმალიზმს. ამიტომ შესარიგებლად გაწვდილი ხელი სჯობს საჩხუბრად შემართულ მუშტს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყნისათვის, რომელიც თავის საერთაშორისო ავტორიტეტზე ზრუნავს. მცირე ქვეყნისათვის კი კონსტრუქციულობა, გარკვეულწილად, თავდაცვის მექანიზმიცაა.

რუსეთს ამ მხრივ სხვა ამოცანა აქვს. პირიქით, ამ შემთხვევაში იგი ცდილობს, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ "მაგარი ბიჭია" და დასავლეთის ზეწოლას არ იმჩნევს. ჩემი აზრით, საქართველომ კონსტრუქციული გზით უნდა იაროს, რაც, ბუნებრივია, უპრინციპობას არ ნიშნავს. ამავე დროს, მცირე ქვეყნის ყველაზე ეფექტური თავდაცვის მექანიზმი მისი დემოკრატიულობის ხარისხია. ამიტომ ჩვენ მარტო იმაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, თუ რას ითხოვს დასავლეთი რუსეთისგან, არამედ იმაზეც, თუ რას ელოდებიან ჩვენი პარტნიორები საქართველოსგან დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით. თუ ჩვენ სწორად ვივლით, მაშინ დასავლეთის მეტი მხარდაჭერაც გვექნება და რუსეთსაც მოუწევს თავისი პოზოციების გადახედვა.

- ბრძანეთ, რომ მოსკოვზე დასავლეთისა და აშშ-ს ზეწოლა არ შეიმჩნევა. თუ ასეა, მაშინ რა გამოდის? აშშ-ს, იგივე ევროკაშირისა და ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერას მნიშვნელობა არა აქვს, თუ რუსეთი ამ მხარდაჭერას უბრალოდ არ იმჩნევს?

- იცით რა, ათეული წლების განმავლობაში რუსეთი უარყოფდა კატინის ტყეში მეორე მსოფლიო ომის დროს 15 ათასი პოლონელი ოფიცრის დახვრეტას. სულ რამდენიმე დღის წინ კი, უკვე სახელმწიფო დუმამ აღიარა სტალინიზმის ეს დანაშაული. 2007 წელს პრაღაში ვიზიტით ჩასულმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა რუსეთის მორალური პასუხისმგებლობა 1968 წლის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით. ესეც კონსტრუქციული ნაბიჯი იყო რუსეთის მხრიდან და მსოფლიომაც ასე შეაფასა. ყოველივე ეს (და კიდევ მრავალი სხვა) დასავლეთის ზეწოლის შედეგიც არის და თვით რუსეთის ტრანსფორმაციის გამოვლინებაც. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც რუსეთს მოუწევს პასუხისმგებლობის აღება 2008 წლის ომის გამოც, მაგრამ ამას დრო დასჭირდება.

- რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით მოსკოვიდან? საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის საექსპერტო წრეებში რა მოსაზრებებს გამოთქვამენ?

- მოსკოვში სულ რამდენიმე დღე მომიწია ყოფნა. ჩემი რუსი კოლეგების დაკვირვებით, ბოლო თვეების მანძილზე მედიაში ნაკლებად არის ნეგატიური ინფორმაცია საქართველოს შესახებ, რაც გარკვეულად სტატისტიკაზეც აისახება. სხვადასხვა წრეებში, მათ შორის ოფიციალურშიც, გაჩნდა ინტერესი კორუფციის წინააღმდეგ საქართველოში არსებული გამოცდილების მიმართ. რუსეთში, ტოტალური კორუფციის პირობებში, ეს თემა უაღრესად აქტუალურია.

რამე თვისობრივ ცვლილებებს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ახლო მომავალში არ ელიან და თვლიან, რომ უფრო რეალურია პატარ-პატარა ნაბიჯებით წინსვლა. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური კავშირების აღდგენას გულისხმობენ. იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები ნაწილია გლობალური პოლიტიკისა, კერძოდ, რუსეთის ურთიერთობისა დასავლეთთან, ასევე მიიჩნევენ, რომ თუკი მიღწეული იქნება დიდი შეთანხმება ევროპის უსაფრთხოების სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებით, მაშინ საქართველოს პრობლემების მოგვარებასაც შეიძლება გაუჩნდეს ახალი შანსები.

ყველას აწუხებს ვითარება ჩრდილო კავკასიაში. ზოგი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით საჭიროა საქართველოსთანაც თანამშრომლობა. იმასაც გვირჩევენ, რომ უაღრესად ფრთხილად ვიყოთ ამ რეგიონთან მიმართებაში, ეს კრემლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე თემაა და რამე შემთხვევითობამ ან გაუგებრობამ შეიძლება, ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთი ტურბულენტურ ზონაში შედის.

ზოგადად კი, ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილი და ინფორმირებული ადამიანები, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, თვლიან, რომ თუკი საქართველო შეცდომებს არ დაუშვებს, დრო ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს.

- ამას წინათ, რუსეთის სათათბიროს დეპუტატმა გუდკოვმა განაცხადა, რომ თუ ხელისუფლებამ რეფორმების გატარება ზემოდან დროულად არ დაიწყო, რუსული ბუნტი ქვევიდან ყველაფერს წალეკავს. ბატონო ზურაბ, რუსეთში მართლა ამგვარი რევოლუციური ვითარება და განწყობებია?

- ეკონომიკურმა კრიზისმა რუსეთში მართლაც ფრიად რთული სოციალური ვითარება შექმნა. 2008 წლამდე ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის ასეთი არაფორმალური შეთანხმება იყო: ხალხი მდიდრდებოდა იმ პირობით, რომ პოლიტიკაში არ ჩაერეოდა. ენერგორესურსებზე მაღალი ფასების გამო, მაშინ რუსეთს დიდი შემოსავალი ჰქონდა და ეს სახსრები საკმაოდ დიდ ფენაზე ნაწილდებოდა. ამიტომ, აღნიშნული ფორმულა თითქმის ყველას აწყობდა. ახლა უკვე სახელმწიფოს ფული შემოაკლდა, ამიტომ ყველა ჩივის.

პრეზიდენტმა მედვედევმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში სტაგნაციის ნიშნებია. სტაგნაციას არადიპლომატიური ენით კრიზისსაც უწოდებენ. მისივე თქმით, თუკი კომუნალური პრობლემები რადიკალურად არ მოგვარდა, ხუთიოდე წლის შემდეგ რუსეთს კატასტროფა ელის. საქმე ის გახლავთ, რომ რამდენიმე რეგიონში მოსახლეობა გათბობის გარეშე დარჩა. რუსეთის სუსხიანი ზამთარი კი ჯერ წინაა. ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია. ყველა საუბრობს უდიდეს კორუფციაზე, კრიმინალზე, ჩინოვნიკების უგულობაზე. მიუხედავად ამისა, რუსეთში რევოლუციური ვითარება ამჟამად არ არის, მაგრამ თუ სერიოზული რეფორმები არ დაიწყო, მაშინ მართლაც შეიძლება გამართლდეს დეპუტატ გუდკოვის წინასწარმეტყველება.

- გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია სააკაშვილის შეხვედრის შესახებ კომპანია "სელფორდის" მფლობელთან, პრეზიდენტ მედვედევთან დაახლოებულ ოლიგარქ ანისიმოვთან. რამდენად სავარაუდოა გავრცელებული მოსაზრება, რომ სააკაშვილი მედვედევთან კულუარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს და მედვედევ-სააკაშვილის შეხვედრა მზადდება?

- ამ შეხვედრის შესახებ მე ინფორმაცია არა მაქვს, ამიტომ რამე კომენტარის გაკეთება არასერიოზული მეჩვენება.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"