ჭანდრის წმინდა გიორგის ეკლესია შველას ითხოვს! - კვირის პალიტრა

ჭანდრის წმინდა გიორგის ეკლესია შველას ითხოვს!

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში ამაღლების სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია განადგურებულია. ეს იყო უძველესი ტაძარი, რომელიც VII-VIII საუკუნეებში აიგო. როგორც იქაურები ამბობენ, სავალალო მდგომარეობაშია სოფელ ჭანდარში მდებარე ეკლესიაც, რომელიც უკვე დანგრევის პირასაა. გვესაუბრება "კონსერვატიული პარტიის" თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიაშვილი.

- გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კედლები დარღვეული აქვს. თუ ეკლესიას სარესტავრაციო სამუშაოები არ ჩაუტარდა, ის მთლიანად დაინგრევა. ეს არის უძველესი ტაძარი, რომელიც XI-XII საუკუნეებშია აგებული. სამწუხაროა, რომ ტაძრის გადასარჩენად არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

KvirisPalitra.Geასეთივე დაუდევარი მოპყრობის გამო სოფელ ვეჯინში არსებული უძველესი ეკლესიაც დაინგრა. ეს არ მომხდარა ერთ დღეში, სწრაფად და მოულოდნელად. ვეჯინში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა კედლების რღვევა, ჩამოდიოდა წყალი და ეს უძველესი, უნიკალური ტაძარი ჩვენ თვალწინ, თანდათან დაინგრა. იგივე ბედი ელის სოფელ ჭანდრის წმინდა გიორგის ეკლესიასაც, თუ მშველელი არ გამოუჩნდა… ხელისუფლება უზარმაზარ ფულს ხარჯავს პოლიციის შენობების რეაბილიტაციისათვის. მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების გადასარჩენად კი ფული არ ჰყოფნით?!

არც კულტურის სამინისტრო შეწუხებულა ვეჯინის უძველესი ეკლესიის შესანარჩუნებლად და არც ადგილობრივი ხელისუფლება, ჭანდრის წმინდა გიორგის ეკლესიასაც იგივე ბედი ელის! არსებობს ფოტომასალა, სადაც კარგად ჩანს, რომ ტაძარი ინგრევა. ჭანდრის ეკლესიას 15-20 სანტიმეტრის სიგრძის ნაპრალი აქვს შუა კედელზე. წვიმის დროს ჭერიდან წყალი ჩამოდის, კედლები ირეცხება და ზიანდება.

- როგორც ვიცი, ეს არ არის მოქმედი ეკლესია…

- მართალია, მოქმედი ეკლესია არ არის, მაგრამ ყოველ გიორგობას იქ ხალხი დადის, ლოცულობს და სანთელს ანთებს. რაც მთავარია, თვითონ ნაგებობაა უნიკალური და უძველესი.

- არის იმედი, რომ ჭანდრის ეკლესია გადარჩება? - ჯერჯერობით ამის იმედი ნაკლებად გვაქვს. ერთი რამ ძალიან მაკვირვებს: ხელისუფლება გვიმტკიცებს, საქართველო ტურიზმის ცენტრად უნდა იქცესო. ტურისტების მოზიდვის ყველაზე კარგი საშუალება ის არის, რომ მათ ჩვენი კულტურა, უძველესი ისტორიული ძეგლები გავაცნოთ. სწორედ ამგვარი, უნიკალური ძეგლია ჭანდრის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც შველას ითხოვს და სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებს!

ხათუნა ჩიგოგიძე