"ეს ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მიმართული ტერაქტი იყო" - კვირის პალიტრა

"ეს ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მიმართული ტერაქტი იყო"

28 ნოემბერს თბილისში ორი აფეთქება მოხდა: პირველი - ღამის ორ საათზე, ჯავახიშვილის ქუჩაზე, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისთან ახლოს, რომელსაც 65 წლის ნინო გორდეზიანის სიცოცხლე შეეწირა, მეორე კი, დაახლოებით სამ საათზე, მუხიანის დასახლებაში. სამართალდამცველების თქმით, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის კიბეზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. მუხიანის ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ცნობილია, რომ ორივე შემთხვევაში აფეთქებისთვის ტროტილი გამოიყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ორივე აფეთქების დეტალებს შეისწავლიან და დროულად აცნობებენ საზოგადოებას. "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი კი აცხადებს, რომ ეს აფეთქება შემთხვევითი სულაც არ ყოფილა. მის მოსაზრებას იზიარებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილიც:

- ბატონო სოსო, რატომ ფიქრობთ, რომ ეს "ლეიბორისტული პარტიის" წინააღმდეგ მიმართული ტერაქტი იყო?

- დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის "ლეიბორისტული პარტიის" წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტი, რომელიც იმ ტერაქტების გაგრძელებაა, რომელიც ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მრავალჯერ განახორციელა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ. ეს არის დაშინების მცდელობაც და ამასთანავე, სამაგიეროს გადახდაც ჩვენი საქმიანობის გამო. აფეთქება ჩვენი ოფისის კედელთან მოხდა. დაიღუპა "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ნინო გორდეზიანი და დაშავდა დაცვის წევრი ზაზა ქოქიაშვილი, რომელიც იმ დროს ოფისში იმყოფებოდა.

- როგორ დაიღუპა ქალბატონი ნინო გორდეზიანი?

- ნინო გორდეზიანი ათ წელიწადზე მეტია ჩვენი პარტიის წევრია. მისი სახლი ჩვენი ოფისის პირდაპირ მდებარეობს. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ დამსხვრეული მინის ნაწილებმა მას გულ-მკერდი გადაუსერა და აორტა დაუზიანა, რის გამოც გული გაუჩერდა. ნინო გორდეზიანმა საავადმყოფოში მიყვანამდე იცოცხლა, შემდეგ კი გარდაიცვალა. ზუსტად ასეთივე ტერორისტული აქტი შესრულდა მუხიანშიც, ოღონდ მას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია.

- ამბობენ, რომ ორივე აფეთქების ხელწერა ერთნაირია და ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს.

- სავარაუდოდ, ეს ერთი ადამიანის, ან ერთი დამკვეთის მიერ განხორციელებული ტერაქტები იყო.

- თუ მიმართეთ ამ ფაქტის გამოსაძიებლად საერთაშორისო ორგანიზაციებს?

- ჩვენ განცხადებით მივმართეთ აშშ-ის კონგრესს, რათა გამოგზავნონ დელეგაცია, რომელიც შეისწავლის თბილისში განხორციელებულ ტერაქტებს. არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევას, არამედ ადრე მომხდარ ფაქტებსაც.

ობიექტურმა ხალხმა უნდა შეისწავლოს ზურაბ ჟვანიას, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა, ან თუნდაც ადრინდელი აფეთქებები ჩვენს ოფისთან. შესასწავლია შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტიც, რის გამოც აუცილებელი გახდა მისთვის  გულის ოპერაციის გაკეთება. უცხოელი სპეციალისტები ამ ყველაფერს ადგილზე უნდა გაეცნონ და შეისწავლონ.

- ქართველმა გამომძიებლებმა თუ შეისწავლეს საფუძვლიანად აფეთქების ადგილი?

- მათ მთელი ღამე იმუშავეს, ჩვენც გადავეცით ყველა ინფორმაცია, რაც ჩვენს ხელთ იყო, ვგულისხმობ ვიდეოთვალის მიერ ჩაწერილ კადრებს.

- ბატონო სოსო, თქვენ ალბათ ნახეთ, რა ჩანს ამ ვიდეოკადრებში.

KvirisPalitra.Ge- ვიდეოთვალმა დააფიქსირა, რომ დაახლოებით პირველის ნახევარზე ვიღაც მოქალაქემ ცელოფანში გახვეული ფუთა დადო ჩვენი პარტიის ოფისის წინ. დაცვის სამსახურს ეგონა, რომ მან ნაგავი გადაყარა. ერთი საათის განმავლობაში ფუთა იქ იდო. 2-ის ნახევარზე დიდი სიჩქარით ჩამოიარა ავტომანქანამ, რომელმაც გაიარა თუ არა, აფეთქების ხმა მაშინვე გაისმა. ეტყობა დისტანციური მართვის აპარატი ამოქმედდა. გამოიყენეს ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი.Aამ ნივთიერებაზე ხელი ადვილად არ მიუწვდებათ ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს. ეს არის ნივთიერება, რომელიც მხოლოდ სპეცსამსახურებს აქვთ, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი, რომელიც ხელისუფლების მიერ განხორციელდა.

- ჩანს თუ არა ვიდეომასალაში იმ პიროვნების სახე და მანქანის ნომერი?

- ვიდეოთვალმა სახე დააფიქსირა, მაგრამ ამ ადამიანის ამოცნობას რამდენად მოინდომებენ, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული. კადრში მკვეთრად არ ჩანს მისი სახე. შესაძლებელია მას ნიღაბი ეკეთა. რაც შეეხება მანქანის ნომერს, ის ბუნდოვნად ჩანს, მაგრამ ალბათ ავტომანქანის ნომერიც შეცვლილი იყო.

ხათუნა ჩიგოგიძე