რას აპირებს "ქართული პარტია?" - კვირის პალიტრა

რას აპირებს "ქართული პარტია?"

ჩვენი ქვეყანა პოლიტიკური პარტიების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის - მემარჯვენეები თუ მემარცხენეები, ლიბერალები თუ რადიკალები... ბოლო ხანებში ამ მრავალფეროვან სპექტრს "ქართული პარტიაც" შეუერთდა. სოზარ სუბარი, ირაკლი ოქრუაშვილი, ეროსი კიწმარიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე - ამ ადამიანებს საქართველოში თითქმის ყველა იცნობს. ამიტომ, ბუნებრივია ჩნდება კითხვა - რას აპირებს "ქართული პარტია", როგორია მისი სამომავლო გეგმები და ამოცანები? სწორედ ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ "ქართული პარტიის" გენერალური მდივანთან - კოკა გუნცაძესთან:

- ჩვენი პარტიის მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერდეს და ჩამოყალიბდეს ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად. ეს არის ძირითადი საშუალება საიმისოდ, რომ მიხეილ სააკაშვილი უმოკლეს ხანში, უმტკივნეულოდ ჩამოშორდეს მართვის სადავეებს. მეორე მთავარი ამოცანაა  შეიქმნას თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მყარი საფუძვლები და დაიწყოს ქვეყნის გამოყვანა იმ უმძიმესი კრიზისიდან, რომელშიც დღეს იმყოფება. ამასთანავე, უნდა აშენდეს პოლიტიკური ინფრასტრუქტურა მთელ საქართველოში, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამაღლდეს ჩვენი პოლიტიკური ძალის ავტორიტეტი და ხალხში გაჩნდეს სერიოზული ნდობა "ქართული პარტიის" მიმართ. ეს არის მთავარი პარამეტრები, რომლებიც მიგვანიშნებს, რამდენად მზად არის ესა თუ ის პოლიტიკური ძალა ქვეყანაში არსებული უმძიმესი პრობლემების გადასაწყვეტად.

- ბატონო კოკა, მგონი თქვენი მთავარი პრობლემა სწორედ ხალხის ნდობაა, რადგან ბოლო ხანებში ნდობა ოპოზიციის მიმართ შეირყა.

- გეთანხმებით, ხალხის ნდობა ოპოზიციის მიმართ საგრძნობლად არის შერყეული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნდობა საერთოდ არ არსებობს. უნდობლობა გამოწვეულია იმ უშედეგო მოვლენებით, რომლის მოწმენიც ვიყავით ბოლო წლებში, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო, განვითარების ლოგიკა და კანონზომიერება. მსგავსი განწყობა ხალხში მართლაც არსებობს და ეს უნდა ვაღიაროთ. რაც შეეხება პოლიტიკური ძალისადმი ნდობას, მან ეს თავისი ქმედებით, სწორი ნაბიჯებით უნდა მოიპოვოს და ამ გზით მიიმხროს მოსახლეობა, თავისი ამომრჩეველი.

- ჩვენ ვნახეთ, როგორ შეხვდა მოსახლეობა სახალხო წარმომადგენლობითი კრების იდეას, თუმცა 25 ნოემბრის შემდეგ ბევრს იმედი გაუცრუვდა. როგორ ფიქრობთ, ეს კიდევ ერთი უსუსური წარმონაქმნი ხომ არ არის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში?

- წარმომადგენლობით სახალხო კრებას შეუერთდა ბევრი ძალიან პატივსაცემი პიროვნება. ამ მოვლენებმა დაგვანახა მთავარი: ხალხს უნდა ოპოზიციის ერთიანობა და ელოდება ძალას, რომელიც ამ მოძრაობის ცენტრი გახდება. დაუშვებელია ხალხს ქუჩაში უხმო, როდესაც არ არსებობს ერთიანობა რეჟიმის მოწინააღმდეგეებს შორის, არ არსებობს მოქმედების გეგმა და თავად სტრატეგიის გაგება. ასეთი გამოსვლები მხოლოდ აპათიისა და გაწბილების პროვოცირებას ახდენს.

სინანულით უნდა აღვნიშნო მათი მთავარი შეცდომა: კრებამ დროზე ადრე, ყოველგვარი კონსოლიდაციისა და ერთობის გარეშე შეკრიბა ხალხი. ეს იყო აბსოლუტურად მოუმზადებელი მოვლენა, რის გამოც კიდევ ერთი, ყალბი გასროლა მივიღეთ...

ჩვენ აღარა გვაქვს უფლება ხალხს იმედი კიდევ ერთხელ გავუცრუოთ. ეს საერთო მდგომარეობაზე ძალიან ცუდად აისახება და საყოველთაო სკეპტიციზმს გამოიწვევს. სხვათა შორის, იმავე შეცდომას უშვებენ  პოლიტიკური ძალები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მარტო ერთი-ორი პარტია შეძლებს ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ეს არის ჩვენი თვალთახედვით ყველაზე დიდი შეცდომა, რომელმაც ხალხის იმედგაცრუება გამოიწვია.

- ფაქტია, რომ არჩევნების გზით ამ ხელისუფლების გასტუმრება  ოპოზიციამ ვერ შეძლო... ერთი შეხედვით გამოუვალი სიტუაცია იქმნება. რა გზას აირჩევს ამ სიტუაციაში "ქართული პარტია"?

- უნდა გამოვიყენოთ ყველა პოლიტიკური ხერხი და საშუალება, რაც ამქვეყნად არსებობს, იქნება ეს ქუჩის აქციები თუ სხვა რამ. არსენალი საკმაოდ დიდია, მთავარია პოლიტიკურ ძალას ხალხის ნდობა და მხარდაჭერა ჰქონდეს.

- ჩვენ გვახსოვს 7 ნოემბერი, როდესაც ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა მომიტინგეებს, ამისთვის მზად ხართ?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ!

- უცილებლად უნდა გკითხოთ ირაკლი ოქრუაშვილზე, რა გეგმები აქვს, როდის აპირებს საქართველოში ჩამოსვლას?

- ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს ერთობლივი გეგმები, ვართ პარტნიორები და ერთი პოლიტიკური ძალის დამფუძნებლები, ასე რომ, ბევრი საერთო გვაქვს. როდესაც საჭირო იქნება და როდესაც პოლიტიკური სიტუაცია უკარნახებს, ირაკლი აუცილებლად ჩამოვა. ირაკლი აუცილებლად გააკეთებს იმას, რაც დასჭირდება მოცემულ სიტუაციას და ქვეყნის ინტერესებს.

- ბატონო კოკა, ოპოზიციური პარტიები აქამდე გაერთიანებას ვერ ახერხებდნენ, როგორ წარმოგიდგენიათ მომავალში მათი ერთობა?

- მოკლედ გეტყვით - არის დრო ქვების შეგროვებისა და მათი გაბნევისა. ახლა პოლიტიკური ძალების გაძლიერების დროა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში დემოკრატიისა და თავისუფლების დამყარება სურს, გაერთიანდება და საერთო მიზნისათვის ერთად იბრძოლებს.

- კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - საერთაშორისო ძალების მხარდაჭერის იმედი თუ გაქვთ?

- საერთაშორისო ძალები მხარს დაუჭერენ თავისუფლებასა და დემოკრატიას, და რაც ყველაზე მთავარია, მხარს დაუჭერენ ხალხის ნებას. როდესაც ქართველი ხალხი მოინდომებს დაიბრუნოს ამ ხელისუფლების მიერ წართმეული უფლებები, მის ნებას წინ ვერავინ აღუდგება.

- ამბობენ, რომ საპროტესტო აქციები გაზაფხულიდან დაიწყება.

- ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რას გვიკარნახებს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია, წინასწარ არაფრის თქმა არ გვინდა. პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების სურვილის მიხედვით სერიოზული ცვლილებები საზოგადოებაში მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ამისთვის თავად საზოგადოება არის მზად.

ხათუნა ჩიგოგიძე