”რას გვირჩევთ, ძაძები ჩავიცვათ და ხმამაღლა ვიყვიროთ - მიშა წადიო?!” - კვირის პალიტრა

”რას გვირჩევთ, ძაძები ჩავიცვათ და ხმამაღლა ვიყვიროთ - მიშა წადიო?!”

ხალისიანი, სიცოცხლით სავსე და ენერგიული - ასეთს იცნობდა ჩვენი საზოგადოება ინგა გრიგოლიას. ქალბატონი ინგა დღესაც არ შეცვლილა და პოლიტიკაში მოსვლის შემდეგაც არ დაუკარგავს ჩვეული ენთუზიაზმი.

გთავაზობთ ინტერვიუს მასთან:

- ქალბატონო ინგა, ბევრს გული წყდება, რომ ჟურნალისტიკაში აღარ ხართ, თქვენც ხომ არა გაქვთ ნოსტალგია ტელევიზიის მიმართ?

- სხვათა შორის, მე არავისთან არ მილაპარაკია ამ თემაზე, ახლა კი თქვენ გაგიმხელთ - ბოლო დროს ძალიან ხშირად დამიჭერია ჩემი თავი, რომ მენატრება ჩემი პროფესია. ეს განსაკუთრებით ბოლო ორი საკრებულოს სხდომის დროს ვიგრძენი, როდესაც ტელევიზიაში პრაქტიკულად არაფერი გაშუქებულა იმ ხარისხით, რა ხარისხითაც უნდა გაშუქებულიყო. ყველაზე საყურადღებო სხდომებსაც კი არ აშუქებენ მაშინ, როდესაც ბევრ ადამიანს აინტერესებს, რას აკეთებს ოპოზიცია საკრებულოში.

ვაღიარებ, ასეთ დროს კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ჩემი მომავალი ალბათ ისევ ტელევიზიას დაუკავშირდება. შეიძლება ეს ძალზე შორეული პერსპექტივაა, მაგრამ საბოლოოდ ალბათ მაინც ტელევიზიას დავუბრუნდები. მართალია, არანორმალურად შემიყვარდა ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ, მომავალშიც ძალიან ბევრი რამ გვაქვს მისაღწევი, სერიოზული ბრძოლა გვაქვს მოსაგები, მაგრამ მაინც. სიამოვნებით ვიქნებოდი რომელიმე კარგი გადაცემის პროდიუსერი, ან ტელევიზიის დირექტორი, რატომაც არა?

- ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ თქვენს საქმიანობას, ქრისტიან-დემოკრატების და საერთოდ, საპარლამენტო ოპოზიციის მიმართ ხშირად ისმის საყვედური...

- ალბათ გულისხმობთ ბრალდებას, რომ ჩვენი ფრაქცია გარიგებულია ხელისუფლებასთან?

- მარტო ეს არა, ისიც მომისმენია, რომ ეს ფრაქცია კი არა, ჟურნალისტების პარტიაა…

- არ მინდა პარალელი გავავლო ”ნაციონალურ მოძრაობასთან”, მაგრამ ხომ არ იცით რა პროფესია ჰქონდათ ადრე გიგი უგულავას, გიგა ბოკერიას, ან გივი თარგამაძეს? ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ პოლიტიკური პარტია ჟურნალისტებისგან იყოს დაკომპლექტებული. თანაც, შეგახსენებთ, რომ ჩვენი ფრაქციის ხელმძღვანელი გიორგი თარგამაძე ვიდრე ”იმედში” წავიდოდა, სერიოზული პოლიტიკური ფიგურა იყო ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან  პარტიაში, რომელსაც ”აღორძინება” ერქვა. მისთვის ეს საქმე ნამდვილად არ ყოფილა უცხო.

მეტსაც გეტყვით, ცუდი არაფერია იმაში, თუ ჟურნალისტების პარტიას გვეძახიან. მე ვერ გავიხსენებ რევოლუციის შემდეგ ვერც ერთ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც იმდენი საქმე გაეკეთებინოს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, საზოგადოების გამოფხიზლების, სიმართლის თქმის თვალსაზრისით, რამდენიც ჩვენ, მაშინაც კი, როდესაც ჟურნალისტები ვიყავით.

რევოლუციის შემდგომ ქართული პოლიტიკა შეიქმნა სწორედ გიორგი თარგამაძისა  და მისი გუნდის წყალობით - ტელეიმედმა გამოაფხიზლა ჩვენი საზოგადოება მაშინ, როდესაც ეძინა თითქმის ყველა პარტიას. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ჩვენს ფრაქციაში ყველაზე ნაკლებად არის პოლიტიკოსი მე ვარ, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ვაკეთებდი პოლიტიკურ გადაცემას, ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა პოლიტიკა.

მართალია, ბევრს არ მოსწონს ”ქრისტიან-დემოკრატიული” მოძრაობა, თქვენც თქვით და ძალიან ხშირად ისმის ხელისუფლებასთან გარიგების შესახებ ბრალდებაც. ჩვენ არავის არაფერს ვუმტკიცებთ. ფაქტია, რომ ადგილობრივი არჩევნების დროს გაორმაგებული იყო ჩვენი მხარდამჭერების რიცხვი და მე მჯერა, რომ ეს რიცხვი მომავალ არჩევნებზე გაოთხმაგდება. პოლიტიკური ძალისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას ფიქრობენ მისი ოპონენტები, მთავარია ხალხი რას ფიქრობს.

- ყველაზე მეტი კრიტიკა მაინც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გამო დაიმსახურეთ. უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს უიმედო გზაა.

- მართლაც ბევრი გვაკრიტიკებს ამის გამო. ეთერში როცა ვარ, აგრესიული ზარებიც მომისმენია ჩემი მისამართით, ლამის წყევლა-კრულვაც კი. უკვირთ, რას  ელოდებით არჩევნებისგანო. ამ ხალხს მინდა საპირისპირო კითხვა დავუსვა - რას გვთავაზობენ ისინი, რისი იმედი აქვთ? კარგი, უარი ვთქვით ამ გზაზე და გავედით ქუჩაში - რა, გადადგება მიშა?

ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ, უკვე დავიწყეთ მუშაობა მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, გვინდა როგორმე ხელისუფლებას დავათმობინოთ და საარჩევნო გარემოც შევცვალოთ. იმედი გვაქვს, რომ ამას შევძლებთ. დავუშვათ, რომ დღესვე გადადგა მიშა, ვინ ჩაატარებს არჩევნებს? - ისევ ხელისუფლება, ანუ დათო ბაქრაძე, ისევ მათი დაკომპლექტებული საარჩევნო კომისია. იქმნება ანეკდოტური სიტუაცია: გადადგება სააკაშვილი და ისევ ”ნაციონალები” გაიმარჯვებენ.

ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა საარჩევნო გარემოს შეცვლა. ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ ხალხი ქუჩაში გამოსული, 300 ათასამდე ადამიანიც კი, მერე რა? ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არ ვართ რევოლუციური გზის მომხრენი. რომ ნახოთ რამდენი გაუბედურებული, ხელგაწვდილი ადამიანი მოდის ჩვენთან ყოველდღე, ამ ადამიანებს მინიმალური საარსებო წყაროც არა აქვთ და მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში იყოს ელემენტარული სტაბილური გარემო.

დაუშვებლად მიგვაჩნია კიდევ ერთხელ აირიოს ეს ქვეყანა. ეს არის ქრისტიან-დემოკრატიული გზა, ვისაც არ მოსწონს ეს გზა, რასაკვირველია, ვერ იქნება ჩვენი მხარდამჭერი. მეც ვისურვებდი, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალოს. თუ ის საარჩევნო ცვლილებები, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით განხორციელდა, გაძლევთ პირობას, რომ ოპოზიცია დიდი უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში.

- თუმცა საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ყველა გზა უნდა გამოიყენოს.

- ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ რას ნიშნავს ერთმანეთისთვის ლაფის დასხმა? ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი - ”ნაციონალური მოძრაობა” წავიდეს ხელისუფლებიდან, ამ მიზნის მისაღწევად ყველას აქვს არჩევანის უფლება. მე ჯერ არ მინახავს აქცია, რომელიც დასრულდება იმით, რაც სურს ოპოზიციას. ალბათ ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია, პოლიცია და სპეცრაზმი შევარდებოდა ტელევიზიაში, ან მიტინგზე ხალხს ხელკეტებით დაერეოდა და ლამის გაჟუჟავდა. ასეთი რამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო.

ცხადია, როგორც კი რაიმე მოხდება, ხალხს ძალოვანი სტრუქტურების დახმარებით გაუსწორდებიან. ჩვენ არ ვართ მომხრენი სადმე შეჭრისა, მე მძულს ის პერიოდი, როდესაც სააკაშვილის აღტყინებული გუნდი პარლამენტში შევარდა, იქ მაგიდებზე დახტოდნენ და ჩაქუჩებს უკაკუნებდნენ. მაშინაც არ ვიყავი რევოლუციის მომხრე.

ჩვენ გვინდა ეს ხელისუფლება შევცვალოთ არჩევნებით. ამის გამო ჩვენი იმიჯი არ უნდა გაიგდონ ფეხქვეშ, არავის აქვს უფლება სხვას დაასხას ლაფი. თუ დააკვირდებით, ”ქრისტიან-დემოკრატები” არასოდეს არავის ვლანძღავთ. ჩვენ სულ ვთხოვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, შეეშვან ერთმანეთის ლანძღვას, ერთი მიზნისკენ მიმავალი გზა შეიძლება ყველამ გაიაროს ისე, როგორც ეს მას წარმოუდგენია.

- ძალიან დიდი კამათი მოჰყვა თქვენს წინასაარჩევნო დაპირებებსაც, მათ შორის იყო ”წყალი უფასოდ”.

- დიახ, ამის გამო ბევრი გვაკრიტიკებდა. ამ დღეებში, როდესაც წყალი გაძვირდა, სწორედ ისინი გაიძახიან, როგორ შეიძლება თბილისში წყალი ფასიანი იყოსო. როგორც ჩანს აღიარეს, რომ ეს არ იყო ჩვენი პოლიტიკური აფიორა. გვსაყვედურობენ, საკრებულოში რატომ შეხვედითო. აბა რა ვქნათ, ჩამოვუშვათ ხელები, ძაძები ჩავიცვათ და რუსთაველზე ვიყვიროთ - მიშა წადიო? მიშა კი წასვლის ნაცვლად ერთ დიდ კონცერტს მოაწყობს და ჩვენ დავრჩებით თამაშგარე მდგომარეობაში, რასაც ნამდვილად არ ვაპირებთ.

ხათუნა ჩიგოგიძე