მოსკოვში რობერტ დე ნიროს ვარსკვლავი გაიხსნა - კვირის პალიტრა

მოსკოვში რობერტ დე ნიროს ვარსკვლავი გაიხსნა

ნოემბერში მოსკოვში, დიდების ხეივანში, ამერიკელი მსახიობის, რობერტ დე ნიროს ვარსკვლავი გაიხსნა. ცოტა ადრე კი თავად მსახიობმა რუსეთის დედაქალაქში იაპონური რესტორანი გახსნა. მას მეგობრული ურთიერთობა აქვს რუს კინემატოგრაფისტებთან - მიხაილ კოზაკოვთან, ნიკიტა მიხალკოვის ოჯახთან და სხვებთან.

KvirisPalitra.Geმსოფლიო კინემატოგრაფის ცოცხალ ლეგენდას არ უყვარს ინტერვიუების მიცემა, ეჭვით უყურებს დიქტოფონს და საკუთარი ფილმების ყურებისას ეშინია, არ ჩამოეძინოს... კრიტიკოსები ამბობენ, რომ ბოლო დროის მისი საუკეთესო როლი ციხის პოლიციელია კინოფილმ "სტოუნში". მსახიობი იხსენებს, ფილმის გადაღებისას ჩვენთან ციხის მუშაკი თანამშრომლობდა, ისეთი ამბები მომიყვა ციხის რეალური ცხოვრებიდან, როგორსაც ვერსად ნახავთ, ინტერნეტშიც კიო.

ამბობენ, მილა იოვოვიჩი, რომელიც ამ ფილმში ერთ-ერთ როლზე მიიწვიეს, სიხარულით ცას ეწია, რომ გაიგო დე ნიროსთან ერთად მიღებენო, იმავეს ამბობენ ჯესიკა ალბაზეც. ბევრი მსახიობი ოცნებობს დე ნიროსთან პაწაწინა როლის თამაშს.

- განდიდების მანია არასოდეს მქონია. ვცდილობ, კოლეგებს რითაც შემიძლია დავეხმარო, ყოველ შემთხვევაში, სიძნელეებს არ ვუქმნი. მე წყნარი, მორცხვი და მშვიდი ადამიანი ვარ. რატომღაც ეს ბევრს უკვირს და აღაფრთოვანებს. შიში და მოკრძალება სწრაფად ქრება, როგორც კი მუშაობას ვიწყებთ. მსახიობმა გადაღებისას საქმეზე უნდა იფიქროს და არა იმაზე, ვინ ვის როგორ შეხვდა, - ამბობს დე ნირო.

KvirisPalitra.Geრობერტ დე ნირომ, თანამოაზრეებთან ერთად, 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ, ნიუ-იორკში თავისივე მშობლიური უბნის (მანჰეტენის) "ტრაიბეკის” სახელწოდების კინოფესტივალი დააფუძნა. გაისად ამ ფესტივალს 10 წელი უსრულდება.

"იმ დროს მანჰეტენზე საქმეზე ვიყავი. დავინახე, როგორ ცვიოდა ხალხი ცათამბჯენის ფანჯრებიდან, "ტყუპის” ჯერ სამხრეთი კოშკი, ხოლო შემდეგ  ჩრდილოეთისა ჩამოინგრა. პირდაპირ სიურეალისტური სანახაობა იყო", - იხსენებს მსახიობი. დე ნირო დიდ თანხებს სწირავს დაღუპულ მეხანძრეთა დახმარებისა და დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენის ფონდში.

ის არ მონაწილეობს ფესტივალისთვის ფილმების შერჩევაში, სამაგიეროდ, საკუთარ აზრს გამოთქვამს ფესტივალის დასრულების შემდეგ, როცა გამარჯვებულები გამოვლენილნი არიან.

- მიყვარს რჩევა-დარიგებების მიცემა, მაშინაც კი, როცა ვიცი, რომ ამ რჩევას არ გაიზიარებენ. ჩემი შვილებიც კი არ იღებენ ყურად დარიგებებს. მათ ჩემი გამოცდილება და ცხოვრება არ აინტერესებთ, მაგრამ მე მაინც ვმოძღვრავ, ცხადია, სინდისის დასამშვიდებლად.

ჩემს შვილთაგან ზოგიერთს ბაბუად ვერგები. ყველაზე კარგად უფროს ვაჟთან, 34 წლის რაფაელთან ვგრძნობ თავს. ქალიშვილთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ხანდახან ზედმეტი მომდის - წარამარა ვაკონტროლებ და მეტი მზრუნველობით ნერვებს ვუშლი (39 წლის დინა დე ნირო მისი პირველი ცოლის, დაიან ებოტის შვილია, რობერტ დე ნირომ ის იშვილა). ტყუპს - არანს და ჯულიანს 15 წელი შეუსრულდათ, უმცროსი ელიოტი კი 12 წლისაა. ვცდილობ, ბავშვებთან ერთად ბევრი ვიმოგზაურო. შვილიშვილები კი ჩემი სისუსტეა, ვგიჟდები მათზე და ვცდილობ, ჭკუის დარიგებით არ შევაწუხო.

ჩემი შვილიშვილები თავიან-ფეხებიანად ინტერნეტში არიან შემძვრალნი და ჩემზე ათასნაირ ჭორს კითხულობენ. ეს აინტერესებთ. იციან ჩემზე ის, რაც თავად არ ვიცი. ჩემს ფილმებსაც არ უყურებენ. ჩემი მშობლები მხატვრები იყვნენ. ძალიან მიყვარდა მამაჩემის ნახატები, მაგრამ გამოფენებზე არასოდეს ვყოფილვარ და არც მის ცხოვრებაში ვმონაწილეობდი. მხოლოდ მამის გარდაცვალების შემდეგ ჩავუდექი სათავეში სხვადასხვა ქვეყანაში მისი ნახატების გამოფენების ორგანიზებას. არც ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს აინტერესებთ ჩემი საქმიანობა. მაგრამ იმედი მაქვს, იმავე ინტერნეტიდან მაინც იგებენ რაღაცას ჩემს შემოქმედებაზე, ფილმებზე.

ბედისწერისა მჯერა, რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი დაგეგმილი იყო. თუმცა ხშირად მიხდებოდა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მოვლენების განვითარებაზე გავლენას ახდენდა. ახლა ვხვდები, რომ ის ჩემი საქციელიც რაღაც გეგმის ნაწილი იყო. შეხედეთ ფრინველებს - როგორ იკვლევენ გზას ქვეყნიერების ერთი ბოლოდან მეორემდე მისაღწევად?

"7 დნეი"

მოამზადა თინათინ მარგველაშვილმა