შსს-მ საქართველოში მომხდარ აფეთქებებში ბრალდებულები დააკავა - კვირის პალიტრა

შსს-მ საქართველოში მომხდარ აფეთქებებში ბრალდებულები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში მომხდარ რამდენიმე აფეთქებასთან დაკავშირებით 6-კაციანი ჯგუფი დააკავა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯავახიშვილის ქუჩაზე, "ლეიბორისტების" ოფისთან აფეთქება. ასევე, მუხიანის I მკ/რ-ში ნონეშვილის ქუჩაზე, ამერიკის საელჩოს სიახლოვეს, თბილისის რკინიგზის სადგურთან მომხდარი ორი აფეთქება და ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდთან სარგინიგზო ხიდის აფეთქების მცდელობა.

6 დაკავებულის გარდა, აღნიშნულ დანაშაულებებში ეჭვმიტანილია კიდევ 2 პირი, რომლებზეც ძებნაა გამოცხადებული.

დაკავებულები არიან: გოგიტა არქანია, აფეთქების შემსრულებელი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ჯონი აბულაძე, თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი; მარიამ ნიკოლავა, თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი; გოჩა ხურცილავა, თანამონაწილე, ასრულებდა მძღოლის ფუნქციას; გოდერძი არქანია, თანამონაწილე; ლელა ხურცილავა, თანამონაწილე.

ძებნაა გამოცხადებული 2 ეჭვმიტანილზე - მერაბ ყოლბაიაზე, მეტსახელად "კოჭოიაზე", რომელიც აფეთქების ორგანიზატორი და შემსრულებელია, ასევე მუხრან ცხადაიაზე, აფეთქების ორგანიზატორზე და შემსრულებელზე. ისინი ამჟამად ოკუპირებული გალის რაიონში იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არქანიას და ყოლბაიას თანამზრახველის ჯონი აბულაძის სახლში აღმოაჩინა 13 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის ჰექსოგელით სავსე 9 ქილა, რომელთაგანაც, 4 ქილაში ლურსმნები იყო გარეული, 1 ქილაში ტყვიის გულები. სულ ამოღებულია 10 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა გოგიტა არქანიას, გოჩა ხურცილავას, მარინა ნიკოლავას, ლელა ხურცილავას აღიარებითი ჩვენებები.

"ინტერპრესნიუსი"