ორშაბათის წინასწარმეტყველებანი - კვირის პალიტრა

ორშაბათის წინასწარმეტყველებანი

ეს კვირა წინასწარმეტყველებებით დაიწყო. საქართველოს მთავარმა საინფორმაციო სააგენტომ ”ინტერპრესნიუსმა” ორშაბათს ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ვინმე ედვარდ ლუკასის 2020 წლის პოლიტიკური ტენდენციების შესახებ პროგნოზი გამოაქვეყნა. ”პროგნოზი” ამ საქმეს მათ ენაზე ჰქვია, თორემ ჩვენებურად -  წინასწარმეტყველებაა.

რას წინასწარმეტყველებს ბატონი ლუკასი? იმას, რომ ”2020 წლისთვის საქართველო ევროკავშირთან კვლავ კარზე კაკუნის მდგომარეობაში იქნება”. ეგრევე გული ნუ შეგიღონდებათ და ნუ დაიწყებთ: როგორია კიდევ ათი წელი ვიღაცის კარზე კაკუნი? კიდევ ათი წელი: კაკუ-კაკუ, ჩვენ ვართ, შემოგვიშვითო...

თქვენ ხომ არ იცით, აფორიაქებული სულის დასამშვიდებლად რას გვთავაზობს ბატონი ლუკასი? აი, რას ამბობს: ”იმის გამო, რომ საქართველოში ევროკავშირის ზოგიერთ წევრზე უფრო მაღალი ცხოვრების სტანდარტები და მთავრობა იქნება, თბილისისთვის უარის თქმა გართულდება”. აი, ხომ ვამბობდი? (მართალია, მე კი არა სააკაშვილი ამბობდა, მაგრამ მაინც), ხომ ვამბობდი სწორი გზით მივდივართ-მეთქი?! ეს უკვე სულ სხვაა!

ევროკავშირს თუ გავუსწრებთ (მართალია, ლუკასმა თქვა ზოგიერთ ქვეყანასო, მაგრამ სადაც ზოგიერთი, იქ მთელი ევროკავშირიც), რაღა გვინდა ევროკავშირში, მაგ ჩამორჩენილ ორგანიზაციაში?! თუმცა დავუბრუნდეთ ლუკასს, რომელიც კიდევ უფრო ახარებს ჩვენს ისედაც აღტყინებულ სულს:

”რუსეთის პოზიციების შესუსტება 2020 წლისთვის საგრძნობი გახდება. შეშფოთების მიზეზი კი არა რუსეთის ძალა, არამედ მისი სისუსტე იქნება.” ამასაც ხომ ვამბობდი? (სააკაშვილთან საკუთარი თავის გაიგივება შემაშფოთებელ ხასიათს იღებს). მოკლედ რუსეთი დასუსტდება, ჩვენ გავიზრდებით, ევროკავშირი კი ღმერთმა იცის, რა მდგომარეობაში იქნება. მშვენიერი წინასწარმეტყველებაა, ამაზე უკეთესსაც კი ვერ წარმოვიდგენდი (აქ უკვე სააკაშვილამდე ვეღარ გავქაჩე).

თუმცა არ იფიქროთ, რომ ორშაბათ დღეს ლუკასის წინასწარმეტყველებები ერთადერთი იყო. ”რუსეთი 10-15 წლის შემდეგ ეკონომიკითა და მოსახლეობით მსოფლიოში მე-20 ქვეყანა გახდება” - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა "კომერსანტთან" ინტერვიუში განაცხადა.

ბატონმა ვანომ თავის წინასწარმეტყველებებში რუსეთი არ დაინდო: ”მე თქვენ გასახელებთ ქვეყნად, რომელსაც ათი წლის შემდეგ ეკონომიკითა და მოსახლეობით გაუსწრებენ თურქეთი, ირანი, ნიგერია, ვიეტნამი, ეთიოპია, ინდონეზია, ბრაზილია. წარმოიდგინეთ, ათი წლის შემდეგ რუსეთი ეკონომიკურად იქნება ბევრად სუსტი, ვიდრე თურქეთი. 30 წლის წინ საბჭოთა კავშირი იყო პირველი სახელმწიფო მსოფლიოში. ახლა რუსეთი იქნება მე-20. ვის აინტერესებს მე-20 ქვეყანა მსოფლიოში?”

ყოჩაღ ვანოს! ეგრე უნდათ მაგათ. ეს ლუკასი რა წინასწარმეტყველია, ზოგადი ფრაზებით რომ იფარგლება. აგერ ჩვენმა შს მინისტრმა ისიც კი იცის, რომელ ადგილზე იქნება რუსეთი. ვანომ კიდევ ბევრი რამ იცის, მაგრამ არ ამბობს, ან მხოლოდ რუს ჟურნალისტებთან ამბობს.

მაგალითად, მან კარგად იცის, როგორ გაუხეთქოს გული რუსებს: ”საქართველოს მოსახლეობის ნახევარმა უკვე აღარ იცის, ვინ არის რიაზანოვი”, - სიამაყით აცხადებს ვანო. ამას რომ ეტყვი რუსს, ამის შემდეგ გული გაქვს?! ადამიანი ხარ?! რა მართალი ყოფილა ოპოზიცია, ვანო მერაბიშვილის გასამართლებას რომ ითხოვს. ეგ დაუნდობელი ეგა!

ფიქრობთ, რომ შს მინისტრი ამით დაკმაყოფილდა? როგორ გეკადრებათ! განადგურებულ რუსებს წიხლიც დააჭირა: ”ყველაზე საშინელი, რაც რუსეთში ხდება, ელიტის დეგრადაციაა. ადრე რუსული ლიბერალური ელიტა ქართულზე გაცილებით ლიბერალური იყო. ის იყო ათჯერ განათლებული და ჰუმანური ვიდრე ჩვენი და ახლა პირიქით, ის მარგინალური ხდება. რუსეთში ლიბერალები მარგინალებად იქცნენ".

აზარტში შესული ვანო არც აქ გაჩერდა და რუსებს ”კანტროლკა” დაახალა: ”საქართველოს პარლამენტში ჩერქეზების გენოციდის აღიარება მზადდება”. წარმომიდგენია, რა ფერი ედო საცოდავ რუს ჟურნალისტს ამას რომ ისმენდა. ძლივს ამოილუღლუღა: სოჭში ოლიმპიადის გამართვას საქართველო რატომ ეწინააღმდეგებაო? ალბათ, პასუხის მოლოდინში ცივ ოფლში იწურებოდა. პასუხად კი მიიღო: ”არ ვიცი, რადგან სპორტი არ მიყვარს”.

ეტყობა, გული ზოგჯერ ყველაზე დაუნდობელ ადამიანსაც შეიძლება მოულბეს და დამარცხებული და განადგურებული მტრის დანახვაზე გულჩვილი გახდეს: ”განვიცდი, რომ რუსეთი ცივილიზებულ სამყაროს ეთიშება” - ასე დაამშვიდა ვანო მერაბიშვილმა რუსი ჟურნალისტი.

P.S. ორშაბათი მძიმე დღეაო, ნათქვამია და არც წინასწარმეტყველების თვალსაზრისით აღმოჩნდა გამონაკლისი. დღის ბოლოს იმავე ”ინტერპრესნიუსმა” უკვე სინოპტიკოსების წინასწარმეტყველება გაავრცელა (პროგნოზი მაგათ ენაზე ქვია): ერთ კვირაში ევროპიდან ციკლონი შემოვა და ტემპერატურა ათი გრადუსით დაეცემაო. ასე რომ, ვიდრე ჩვენ მივუკაკუნებთ, იმათ მოგვიკაკუნეს.