უგულავას მანქანა ახალ მფლობელს ელოდება - კვირის პალიტრა

უგულავას მანქანა ახალ მფლობელს ელოდება

ხელისუფლების მიერ საქვეყნოდ გამოცხადებულ "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. ოპოზიცია და საზოგადოების ერთი ნაწილი ამტკიცებს, ”ქამრების შემოჭერა” მხოლოდ მითია, სინამდვილეში ”ძლიერნი ამა ქვეყნისანი” მატერიალურ კეთილდღეობაზე უარს ვერ ამბობენო...

ხელისუფლება კი ყველანაირად ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ეს ასე არ არის. ამის თვალსაჩინო მაგალითად თბილისის მერის, გიგი უგულავას საქციელიც გამოდგება: ბატონმა გიგიმ გადაწყვიტა, ღია აუქციონზე თავისი მანქანა გამოეტანა. მერიის ბალანსზე არსებული'”აუდის” მარკის ავტომობილი ვარდების რევოლუციის მოედანზე მერმა თავად მიიყვანა, რითაც მოსახლეობის საყოველთაო ყურადღება მიიპყრო.

ავტომობილების გაყიდვით შემოსული თანხა დედაქალაქის 2011 წლის ბიუჯეტში უნდა გადარიცხულიყო. ღია აუქციონი 6 დეკემბერისთვის დაიგეგმა და მასში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლო. გიგი უგულავას ავტომანქანის საწყისი ფასი 48 ათას 999 ლარი იყო.

ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, რა მოხდა აუქციონზე და ვინ შეიძინა ავტომანქანა, რომლითაც თვით ქალაქის მერი დადიოდა. მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა ნანუკა ზაქარეიშვილმა გვითხრა, რომ მერიის ბალანსზე არსებული ათამდე მანქანა უნდა გაყიდულიყო, მაგრამ აუქციონი გადაიდო. როდის ჩატარდება ის, ჯერჯერობით უცნობია.

ხალხში კი სულ სხვა ინფორმაცია გავრცელდა: ბოროტი ენები ამბობენ,  აუქციონი ჩაიშალა, რადგან საქართველოში 50 ათას ლარად ღირებული ავტომანქანის შეძენა ერთეულებს შეუძლიათო. ფაქტი ჯიუტია - გიგი უგულავას მანქანა კიდევ ერთ აუქციონს და ახალ მეპატრონეს ელოდება...

ხათუნა ჩიგოგიძე