ტკბილ-მწარე ახალი წელი - კვირის პალიტრა

ტკბილ-მწარე ახალი წელი

ახალი, 2011 წლის მოსვლამდე ორიოდე კვირაღა დარჩა. თბილისი თანდათან ირთვება ნაირფერი გირლიანდებითა და ფერად-ფერადი ნათურებით, ჰაერშიც თითქოს მომავალი დღესასწაულის სურნელი ტრიალებს და ეს სულაც არ არის გასაკვირი - ჩვენს ქვეყანაში ხომ შობა-ახალ წელს გამორჩეულად ხვდებიან... როგორი განწყობით ემზადებიან ჩვენი თანამემამულენი დღესასწაულისთვის და რას ელიან მომავალი წლისგან? - ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, ამიტომ უმჯობესია მათ მოვუსმინოთ:

ნანა ჩაბრაძე: - ყრუ და ბრმა უნდა იყო, ამ ქვეყანაში სადღესასწაულო განწყობა რომ გქონდეს. ირგვლივ ამდენი გაჭირვებულია, ხალხი ხელგაწვდილი დგას და ვერ ეხმარები. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ყველაფერი გაძვირდა, კომუნალური გადასახადებით დაწყებული, პროდუქტით დამთავრებული. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ახალი წლის მოსვლა არც ისე მახარებს. ვიცი, მომავალ წელსაც იგივე პრობლემები მექნება და აღარც იმ ასაკში ვარ, სასწაულებისა მჯეროდეს.

ანა კიღურაძე: - ძალიან მიყვარს ახალი წელი, ასე მგონია, რომ ყველაფერი შეიცვლება და ყველაფერი საუკეთესო მომავალ წელს მოხდება. ლამაზად მორთული ქუჩებიც მომწონს და 1 იანვარსაც ხალისით ველოდები, საახალწლო ნაძვის ხის მორთვაც ძალიან მახარებს. ჯერ მხოლოდ 19 წლისა ვარ და ალბათ სხვაგვარად არც უნდა ვფიქრობდე.

კახა მ.: - მიპასუხეთ, რა განწყობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომლის ოჯახიც ვალებით ცხოვრობს? ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი ადამიანისთვის საარსებო პირობები პრაქტიკულად არ არსებობს, რის გამოც ნახევარი საქართველო საზღვარგარეთ არის გადაკარგული, ნახევარი კი - დაავადმყოფებულია. Aმიტომაც არის, მარტო ბანკები და აფთიაქები რომ მუშაობენ. გზებსა და ხიდებს რა ჯობია, მაგრამ როცა ხალხი მშიერი გყავს, გონიერმა ხელისუფალმა ჯერ ხალხზე უნდა იზრუნო და მერე ქალაქის მორთვა-მოკაზმვაზე. რაც ამ ხიდებზე იხარჯება, იმ ფულით რამდენიმე საწარმო რომ გაეხსნათ, მოსახლეობის ნაწილს ხომ მაინც გაუჩნდებოდა საარსებო წყარო და საშუალება? გაღიზიანებულმა ხალხმა მაგათ აშენებულ ხიდს, რომელმაც ძველი თბილისის ხედი საერთოდ შეცვალა და დაამახინჯა, `ოლვეის ულტრა~ დაარქვა. ამით კარგად გამოხატა თავისი დამოკიდებულება მიმდინარე `აღმშენებლობის~ მიმართ. 

მარინე შ.: - შვილო, როგორ უნდა შევხვდე დღესასწაულს, როცა ყველაფერი გაძვირდა? ნიორი 6-7 ლარი ღირს, ნიგოზი 22-23 ლარი, ჩემი პენსია კი 90 ლარსაც ვერ აღწევს... ამ ფულით გადასახადების გადახდა თუ შევძელი, დიდი გმირობა იქნება. ზამთარია, ყველაფერს რომ თავი დავანებო, გათბობა ხომ მინდა? მთელი ცხოვრების ნაშრომი ბანკში მქონდა შენახული და ვიღაცამ ჩაიჯიბა. დღესასწაულზე იმ ხალხმა იფიქროს, ვინც ხალხის ხარჯზე ცხოვრებას არის დაჩვეული და ახლაც გვძარცვავს. იმ თანხით, რასაც ტაშ-ფანდურსა და ღრეობაში ფანტავენ, უამრავი კეთილი საქმის გაკეთებას შეძლებდნენ და ხალხიც კმაყოფილი ეყოლებოდათ.

მაია ბარბაქაძე:- ეკლესიურად ვცხოვრობ და 1 იანვარს ყოველთვის მოკრძალებულად ვხვდები. მით უმეტეს, რომ მარხვაა. ჩემთვის მიუღებელია ის ღრეობა და გადაჭარბებული დროსტარება, შობა-ახალი წლის დღეებში ზოგიერთ ოჯახში რომ იმართება. მართალია, ჩემი ოჯახის წევრებს ხასიათს არ გავუფუჭებ, მაგრამ ვიცი, რომ ძველით ახალ წელს გაცილებით უფრო ხალისიანად შევხვდები, ვიდრე ახალს. ყველაზე დიდი დღესასწაული კი ჩემთვის შობაა. მთელი საქართველო რომ ასე ფიქრობდეს, გაცილებით უკეთესად ვიქნებოდით როგორც სულიერი, ასევე მატერიალური თვალსაზრისით და ყველაფერს სხვა თვალით შეხედავდით. 

ხათუნა ჩიგოგიძე