სექსის უკმარისობის პრობლემა ქართულ შოუბიზნესში - კვირის პალიტრა

სექსის უკმარისობის პრობლემა ქართულ შოუბიზნესში

ძალიან ბევრი მიფიქრია ქართულ შოუბიზნესზე: ხან აქედან მივუდექი, ხან იქიდან, ხან როგორ შევხედე, ხანაც როგორ და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ აღმოვაჩინე. მოგეხსენებათ ჩვენი ესტრადა რაოდენ ყვავის, განსაკუთრებით ბოლო ათი წლის (პრინციპში ცოტა უფრო დიდი ხნისაც) განმავლობაში. ისიც ჩემზე უკეთ იცით, თუ რამდენი (მეგა)ვარსკვლავი გაზარდა ქართულმა სცენამ. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვისაც "პროფილი" ან "ნანუკას შოუ" ერთხელ მაინც გინახავთ, ამდენი ვარსკვლავისა თუ თანავარსკვლავედის ცქერით, ასტრონომიაში, ხატოვნად რომ ვთქვა, ფრიად განისწავლებოდით.

ჰოდა, იმას გეუბნებოდით, ამ ჩვენს შოუბიზნესზე ძალიან ბევრი ვიფიქრე-მეთქი და საბოლოოდ დავასკვენი, რომ ყველა კრიტიკა (დამეთანხმებით, კრიტიკა ძალიან ბევრია) საფუძველს არის მოკლებული: აქ მხოლოდ ერთი პრობლემაა – სექსის  უკმარისობა (მომიტევონ ვარსკვლავებმა), რომელიც ნათლად აისახება ჩვენი მომღერლების შემოქმედებაში.

მოდი, ჩემს თეორიას რამდენიმე საკმაოდ ცნობილი სიმღერის მაგალითზე განვიხილავ.

თუ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში (თბილისელებო, ნუ გიხარიათ, დედაქალაქშიც) ქორწილში მოხვედრილხართ, აუცილებლად გექნებათ მოსმენილი "წუხელის ქალი მესიზმრა, ქალი კი არა ქალღმერთიო", რომ გვამცნობს მომღერალი. ასეთ სიზმარში გასაკვირი თითქოს არაფერია (აბა ამხელა მომღერალ, თან ვარსკვლავ მამაკაცს სხვა კაცები ხომ არ დაესიზმრებოდა?!), მაგრამ საყურადღებოა ამ სიმღერის ტექსტის ერთი ნაწილი: "რაღაცნაირად, ალერსიანად მეფერა და მეფერაო" რომ ამბობს და თან დასძენს – "გამოღვიძება არ მსურდაო". ჩნდება კითხვა: რატომ არ სურდა გამოღვიძება მომღერალს?.. სავარაუდოდ, ცხადში მოკლებულია "რაღაცნაირ, ალერსიან მოფერებას"... მართალია, სიმღერა არ აღწერს, როგორ გაგრძელდა ეს ალერსი შემდგომში, მაგრამ საქმეში ჩახედული ადამიანი, თვალნათლივ წარმოიდგენს  სიზმრის განვითარებას.

წინა მაგალითისგან განსხვავებით ეს სიმღერა აბსოლუტურად თავისუფალია კომპლექსებისგან, არც სიზმრებში ხედავს ლამაზებს და მეტიც (წინსვლა სახეზეა) მომღერალი (მომღერლები) პირდაპირ მიმართავს სატრფოს: "როგორ მინდა მოგეფერო, შენ რა სექსი ხარო". აქაც ჩნდება ლოგიკური კითხვა: შე დალოცვილო, თუ წინ გიდგას შენი გულისსწორი, რატომ პირდაპირ არ მიხვალ და მოეფერები? მაგრამ, როგორც ჩანს, აქაც მცირე სირთულესთან გვაქვს საქმე: გამოუცდელი მსმენელი მართლაც იფიქრებს, რომ სიყვარული მომღერალთან სულ რამდენიმე ნაბიჯშია, მაგრამ... ნურას უკაცრავად! აქაც, მიუხედავად აშკარა პროგრესისა, ისეთივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როგორც წინა მაგალითში, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუ ადრე მომღერალი სიზმრად ხედავდა საოცნებო ქალს, აქ პირიქით, ცხადში წარმოიდგენს და თან ისე ნათლად, რომ ესაუბრება კიდეც.

პგოგრესი უკვე თვალშისაცემია სიმღერაში, რომელმაც ოდესღაც ლამის მთელი საქართველო დააავადა სიყვარულისა და ლექსების სენით. "მოდი, ადე, თავი მანდეო" – მიმართავს მომღერალი სატრფოს, რითაც აშკარად აგრძნობინებს, რომ არაფერს ავნებს – სრულიად სანდოა. მაგრამ მეორე წამს დასძენს: "გაერთე გათენებამდეო". მომკალით თუ გინდათ, ისევ გამიჩნდა შეკითხვა: თუ ასეთი პატიოსანი და სანდო ხარ, რატომ რყვნი ახალგაზრდა გოგოს (იმედი მაქვს, ახალგაზრდას), და ასეთ წინადადებას რატომ სთავაზობ? დავიჯერო გართობაში ჭადრაკის თამაში იგულისხმება? გამოუცდელი მსმენელი აქაც იფიქრებს, რომ ქალის მხრიდან ამ შემოთავაზებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვება, მაგრამ სიმღერა სულ სხვაგვარად ვითარდება: "მოდის ეგზომ მშვიდი რიდით ემოცია ჩვენთან დიდი". ჩანს მომღერალმა, როგორც იქნა, დაითანხმა გულისსწორი და ისინი ერთად გადაეშვნენ უზარმაზარი ემოციის მორევში. თუმცა ისიც საკითხავია, ეს სიმღერა რეალურ მოვლენას აღწერს, თუ აქაც ავტორის უზადო ფანტაზიასთან გვაქვს საქმე.

სასიყვარულო სცენის ბევრად უფრო დეტალური აღწერაა კიდევ ერთ საკმაოდ ცნობილ სიმღერაში, რომლის შემსრულებელიც გამჭოლი მხედველობით გამოირჩევა. აბა, სხვანაირად როგორ ავხსნათ სიტყვები: "მოდიხარ ჩემკენ შენ ნაზად, ვერაფერს გიმალავს კაბა". ტყობა, დიდი ხანია არ უნახავს სატრფო. აკი ეუბნება კიდეც, "როგორ მომენატრეო", შემდეგ კი გვიყვება, თუ როგორ ეხება ტუჩები ტუჩებს და იმედოვნებს, რომ წინ საოცარი ღამე ელოდება. რაღა უკმარისობის პრობლემაო, მეტყვით, მშვენიერი დრო უტარებია ამ კაცსო, მაგრამ დაუკვირდით, როგორ გრძელდება სიმღერა: "მითხარი, ისევ მითხარი, რომ ეს არ ყოფილა სიზმარი..." ვაი, რომ ისეთივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როგორც პირველ მაგალითში. ავტორმა აქაც სიზმარში აიხდინა ოცნება და ახლა ცდილობს, როგორმე დააჯეროს თავს, რომ ეს ყველაფერი ცხადში მოხდა, თუმცა ამაოდ.

თქვენი ნებართვით დავასრულებ ჩემს მცირე მიმოხილვას. მანამდე კი გამცნობთ, რომ ასევე ვიძიებ ქართულ შოუბიზნესში ზოოფილიის, სიბნელის შიშის ("ქალი ხარ, როგორ პანტერა, მერე რა, რომ ღამდებას" მიხედვით), უფულობის ("პატარა გოგო, მითხარ როგორ? ზამთარი ერთად გადავაგოროთ"), დაბალი თვითშეფასებისა ("მახინჯი ვარ...") და უსაფუძვლო ოპტიმიზმისა ("...მაგრამ შენთვის გავკარგდები") პრობლემებს...

გიორგი გოგუა

გიორგი გოგუას ბლოგი