მიცვალებული ჩვენების მისაცემად დაიბარეს(?!) - კვირის პალიტრა

მიცვალებული ჩვენების მისაცემად დაიბარეს(?!)

"აღარ დამთავრდა ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა"

"თუ მართლა სამშობლოს მოღალატე იყო, რატომ ამ მუხლით არ აღძრეს საქმე?"

რამდენიმე დღის წინ როინ შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს, ბათუმის სასამართლოდან უწყება მიუვიდა - გარდაცვლილ როინ შავაძეს სასამართლოში იბარებდნენ. ეს მით უფრო გამაოგნებელი იყო, რომ როინ შავაძის მკვლელობის საქმე ჯერაც გამოუძიებელია, ოჯახი კი პოლიციის თანამშრომლებს ადანაშაულებს.

2008 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით დღის ოთხ საათზე, აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ საზღვართან კომანდოს ბატალიონის სერჟანტის როინ შავაძის ნაწამები ცხედარი იპოვეს.

ციცინო შავაძე, როინ შავაძის მეუღლე: - აღარ დამთავრდა ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა. თითქოს ის არ  არის საკმარისი, რომ ქმარი მიწამეს, მომიკლეს და დამნაშავეები დაუსჯელი არიან, მიცვალებულსაც აღარ ასვენებენ და დაკითხვაზე იბარებენ. ჩემი მეუღლის ტრაგიკული დაღუპვისა და უსამართლობის განცდამ გამანადგურა, ამ გამოძახებამ კი სულ მომიღო ბოლო. არადა, ხომ ვიცი, ვინ მოკლა ჩემი ქმარი.

"მაიმუნა", გიორგი ჩიქოვანი, წლების განმავლობაში ასლან აბაშიძის პირად დაცვაში, კერძო ობიექტების დაცვის სამსახურში მუშაობდა. როინიც იქ მსახურობდა. ახლო მეგობრობა არ ჰქონიათ. როინი 2004 წლიდან კომანდოს ბატალიონში მსახურობდა. 23-ე ბატალიონის დაზვერვის სერჟანტი იყო. აგვისტოს მოვლენების დროს ცხინვალში იბრძოდა. იქიდან ძალზე აფორიაქებული დაბრუნდა. ძილში ბორგავდა და ღრიალებდა. ხშირად იმეორებდა, მომაკვდავ ბიჭებს წყალი სწყუროდათ და ვერ ვაწვდიდითო...

15 აგვისტოს "მაიმუნამ" მოაკითხა, საქმე გვაქვს, ჩამოდიო. როინმა მაისური გადაიცვა და ჩავიდა. მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. უკან განერვიულებული დაბრუნდა. მიამბო, მანქანაში შეიარაღებულები ისხდნენ, აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროში უცნობ პირთან მიმიყვანესო. "მაიმუნას" ჩემი მეუღლისთვის უკითხავს, რამდენი კაცია ცხინვალში მკვდარიო. უკვირდა, რატომ მკითხა ასეთი რამ, იქ მკვდრების დასათვლელად ხომ არ ვყოფილვარო.

მეორე დღეს როინმა სამსახურიდან ცოტა ხნით გათავისუფლება ითხოვა. სამხედრო ფორმის წაღება უნდოდა ატელიეში. დაახლოებით 13 საათზე ვიღაც უცნობმა დამირეკა და მეუღლის ადგილსამყოფელი მკითხა, ვინმე ცინცაძე კითხულობსო. დავურეკე როინს, მითხრა, ატელიეში ვარო. 15 წუთში მაცნობეს, რომ ჩემი მეუღლე ნიღბიანმა პირებმა ძალით ჩასვეს ავტომანქანაში, თან სამშობლოს მოღალატეს ეძახდნენო. სასწრაფოდ მივმართე სამართალდამცავ ორგანოებს. საღამოს 9 საათზე შემატყობინეს, თქვენი მეუღლე რეანიმაციულ განყოფილებაშიაო. საავადმყოფოში მისულს კი მითხრეს, გვამი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაიტანესო. 29 აგვისტოს აჭარის პროკურორ ვასილ როინიშვილს შევხვდი. მინდოდა, გამეგო, რისთვის აწამეს ჩემი მეუღლე.

პროკურორის განმარტებით, თურმე როინს ნარკოდანაშაულისთვის აპატიმრებდნენ და გაქცევის მცდელობისას მოკლეს. ჯერ ერთი, ჩემი მეუღლე ნარკოტიკის მომხმარებელი არ ყოფილა, მეორე, სასტიკად იყო ნაწამები. თუ გაქცევისას მოკლეს, რატომ ჰქონდა დამტვრეული ყბა, წელი, კისერი, ხელის თითები... ეს პროკურორსაც ვკითხე. მიპასუხა, აჯობებს, გაჩუმდე, შენი მეუღლე სამშობლოს მოღალატე იყოო. ჩემი მეუღლე არც ნარკოტიკების მომხმარებელი ყოფილა და არც სამშობლოს მოღალატე. ძალოვანი უწყებების ზეწოლა რამდენიმე თვის შემდეგ ტერორში გადაიზარდა. მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც ამ საქმეს იმჟამინდელმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა საერთაშორისო რეზონანსი მისცა; პარლამენტის ტრიბუნიდან გიორგი თარგამაძემაც ილაპარაკა და თავად მე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ თომას ჰამარბერგსა და საქართველოში საფრანგეთის ელჩ ერიკ ფურნიეს შევხვდი.

რამინ პაპიძე, ციცინო შავაძის ადვოკატი:

- რამდენიმე წლის წინ როინ შავაძე ასლან აბაშიძის სისხლის სამართლის საქმის ძიების დროს ხიდების აფეთქების საკითხზე დაჰკითხეს როგორც მოწმე-სპეციალისტი. შემდეგ საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეცა. მოგვიანებით, როცა სასამართლოში აბაშიძის საქმის განხილვა დანიშნეს, გარდაცვლილი როინ შავაძე უწყებით ჩვენების მისაცემად დაიბარეს(?).

- როინ შავაძის სიკვდილის სკანდალური ამბავი მთელმა საქართველომ შეიტყო და სასამართლომ და მისმა კურიერმა არ იცოდნენ?

- კურიერმა იცოდა, მაგრამ ვიცი, ასე "მიამიტურად" რატომ მოიქცა. მოგეხსენებათ, დღევანდელი ბიუროკრატიის ამბავი. ამიტომ  კურიერი ცდილობს უშუალოდ მხარისაგან მიიღოს ინფორმაცია და მისი თანდასწრებით შეადგინოს აქტი, რომ სამსახური არ დაკარგოს, პრეტენზია არ წაუყენონ, ვიღაცის მონაჭორს რატომ დაუჯერეო.

როდესაც წინასწარი გამოძიება მთავრდება და საბრალდებო დასკვნა დგება, მას თან ახლავს სასამართლოში გამოსაძახებელ პირთა სია. სწორედ ამ დოკუმენტშია მითითებული, ვინ უნდა გამოიძახონ ჩვენების მისაცემად. სავარაუდოდ, როინ შავაძეც სწორედ ასეთ სიაში იყო შეტანილი. საქმის მასალების მიღების შემდეგ მოსამართლის თანაშემწე ადგენს უწყებებს  გამოსაძახებელ პირთა სასამართლოში მისაწვევად. ამ აბსურდში პასუხისმგებლობის დიდი წილი პროკურატურას აკისრია, რადგან იქ იციან, რომ როინ შავაძე ცოცხალი აღარ არის, გამოძიება მის განზრახ მკვლელობის საქმეზე ხომ სწორედ იმავე პროკურატურაში მიმდინარეობს. სწორედ პროკურატურა იყო ვალდებული, ეცნობებინა სასამართლოსთვის, რომ მოწმე შავაძე აღარ გამოეძახებინათ.

თავად შავაძის საქმე თაროზე აქვთ შემოდებული და ცინიკურად აცხადებენ, კიდევ ექსპერტიზის დასკვნებს ველოდებითო. სინამდვილეში ბრძანებას ელოდებიან, დაძრან თუ არა ეს საქმე ადგილიდან. საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას ჯერ კიდევ მარტში მივმართე, რადგან საქმის მასალების გაცნობის უფლებას არ მაძლევენ და არც ციცინო შავაძეს ცნობენ დაზარალებულად. არადა, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი ხალხი, მაგრამ საქმეს სამართლებრივი მსვლელობა (რაც კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას გულისხმობს) არ ეღირსა. პოლიციის თანამშრომლები მხოლოდ მოწმის სტატუსით დაჰკითხეს.

არაოფიციალურად ვიცი, შავაძის მკვლელობა მკვლელ პოლიციელებს უკიდურესი აუცილებლობით აქვთ ახსნილი. თურმე ჩვენებაში წერენ, თითქოს შავაძე გაქცევას შეეცადა, ერთ-ერთ თანამშრომელს იარაღიც წაართვა, სროლა ატეხა, რის გამოც იძულებული გავხდით, გვესროლაო. გამოძიებას  საქმე გახსნილი აქვს, რაც იმ პირებზე ზემოქმედების ერთგვარი საშუალებაც არის. დღეს მათი უმრავლესობა ისევ ძალოვან სტრუქტურებში მუშაობს. ისინი საჭირო ხალხია, ბინძურ საქმეებს გააკეთებინებენ, რადგან მათზე  უტყუარი კომპრომატები არსებობს.

- შავაძეს სამშობლოს ღალატს აბრალებდნენ და ამ მხრივ თუ მოიპოვა გამოძიებამ მასალები?

- თუ მართლა სამშობლოს მოღალატე იყო, რატომ ამ მუხლით არ აღძრეს საქმე? ოფიციალურად მას ნარკოტიკების შეძენა ედებოდა ბრალად.

გვერდი მოამზადა

ხათუნა პაიჭაძე