გაიტანეთ ეს ნაგავი, გა-ი-ტა-ნეთ!!! - კვირის პალიტრა

გაიტანეთ ეს ნაგავი, გა-ი-ტა-ნეთ!!!

ბოლო ორი კვრის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა სულ უფრო მეტად მაგონებს "ცისფერი მთების" პერსონაჟს, რომლის თავზეც გრენლანდია ჰკიდია და მთელი ფილმის განმავლობაში გატანას ითხოვს, თუმცა ბედისწერას ვერსად გაექცევი... განსხავება მხოლოდ ერთია: ჩვენ თავს ზემოთ დიდი ტომრით ნაგავი ეკიდა და ეს ტომარა დღითიდღე ივსებოდა. გული მიგრძნობდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს გასკდებოდა და ქართული პოლიტიკის მთელი ნაგავი თავზე ჩამოგვემხობოდა, მაგრამ ასეთი მყრალი თუ იქნებოდა, აბა, საიდან უნდა მცოდნოდა? რას წარმოვიდგენდი, თუ ჩვენი ოპოზიცა იმ ტომარაში თავის ბინძურ საცვლებს ერთად ინახავდა და მერე ამ ნიფხვებს თავზე დაგვამხობდა?!

ტომარას პირი გაზეთმა "ასავალ-დასავალმა" მოხსნა და წამოვიდა, მაგრამ რა წამოვიდა! ორი კვირაა მთელი საქართველო ცხვირზეხელმოჭერილი დადის. 

ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მართალია თუ არა ის, რაც გაზეთში იბეჭდება. მართლა აიღო თუ არა ფული ლევან გაჩეჩილაძემ სააკაშვილისგან, თუ გაზეთს ნინო ბურჯანაძის მეუღლემ, ბატონმა ბადრი ბიწაძემ ტყუილი ინფორმაცია მაიწოდა.

თუ ეს ყველაფერი მართალია _ ერთი პრობლემაა, ხოლო თუ ტყუილი შეგნებულად გავრცელდა - მეორე. ორივე შემთხვევაში საქმე სიბინძურესთან გვაქვს, ანუ ნაგავთან. ქართული პოლიტიკა რომ ნაგვით იყო სავსე, ამის ეჭვი დიდი ხანია მაქვს, მაგრამ ახლა ყველაფერი ზედაპირზე ამოდის. ამ სკანდალმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, თუ რა ხდება ოპოზიციის შიგნით. ბურჯანაძე ჯერ კომენტარს არ აკეთებს. გაინტერესებთ სიმართლე? მე უკვე აღარ... როგორიც უნდა აღმოჩნდეს იგი, სურათს ვერ შეცვლის. ნაგავი უკვე თავზე გვაყრია და გვახრჩობს. უკვე ჩვენი სახლები გაავსო და თუ დროზე არ გავიტანეთ, ჩვენც ჭუჭყში ჩავიძირებით. 

ახლა კი ყველაზე მეტად სწორედ ეს მაინტერესებს - როგორ გავიტანოთ ნაგავი? ჩვენც "ცისფერი მთების" პერსონაჟივით ზემდგომის რეზოლუციას უნდა დაველდოთ? თუმცა რა მოიგო "ცისფერი მთების" პერსონაჟმა? არც არაფერი! - ვიდრე სურათს გაიტანდნენ, თავისი დაემართა და რომ გაიტანეს, თავში მაინც მას მოხვდა...