ხათუნა კალმახელიძე პასუხისმგებელია იმ გარდაცვლილ პატიმრებზე, რომელთა რიცხვი მარტო 2010 წელს ასამდე ავიდა - კვირის პალიტრა

ხათუნა კალმახელიძე პასუხისმგებელია იმ გარდაცვლილ პატიმრებზე, რომელთა რიცხვი მარტო 2010 წელს ასამდე ავიდა

ამა წლის 2 დეკემბერს გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში 23 წლის თამაზ დადვანი გარდაიცვალა. როგორც ქართველი უფლებადამცველები აცხადებენ, ახალგაზრდა პატიმარს მკურნალობაც კი არ ჩაუტარეს და მაშინ გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში, როდესაც უკვე მომაკვდავი იყო.

უფლებადამცველთა ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენს ციხეებში ათეულობით პატიმარი დაიღუპა იმის გამო, რომ მათ აწამებენ, სცემენ და არაადამინურ პირობებში ამყოფებენ. ამ მტკივნეულ საკითხზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს ეკა ბესელია, რომელიც საზოგადოებრივ მოძრაობა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ხელმძღვანელობს:

- ქალბატონო ეკა, რამ გამოიწვია თამაზ დადვანის გარდაცვალება?

- თამაზ დადვანის გარდაცვალება არის კიდევ ერთი დადასტურება იმ განუკითხაობისა, რომელიც დღეს ქართულ ციხეებში სუფევს. სრულიად ჯანმრთელი ადამიანი შევიდა საპატიმროში და მისმა ოჯახმა მიცვალებული ჩაიბარა. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ საპყრობილეში მისი შვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ცემისა და ძალადობის ფაქტებს. ვინმემ აგო ამის გამო პასუხი? არ იცის მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ პატიმართა მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ? თუ არ იცის, რა უნდა ამ თანამდებობაზე და თუ იცის, ხმას რატომ არ იღებს? ჩვენი აზრი ასეთია - უნდა გადადგეს ხათუნა კალმახელიძე და პასუხი უნდა აგონ იმ საპყრობილის ხელმძღვანელებმა, სადაც უკვე დაფიქსირებულია პატიმართა ცემისა და წამების ფაქტები. თამაზ დადვანის დაღუპვაც ამ სისტემის მუშაკთა გულგრილობისა და დაუდევრობის შედეგია.

- იცოდნენ თუ არა მისი მდგომარეობის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში?

- კანონით პატიმრობის შესახებ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საპატიმრო ადგილის ადმინისტრაცია ვალდებულია პატიმრის უსაფრთხოებასა და სიცოცხლეზე იზრუნოს. როგორ შეიძლება ადმინისტრაციამ არ იცოდეს რა ხდება მის დაქვემდებარებულ დაწესებულებაში?

- ქალბატონო ეკა, თქვენი მოძრაობა ამტკიცებს, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში საგანგაშო მდგომარეობაა.Uუფრო კონკრეტულად გვესაუბრეთ ამ საკითხის შესახებ.

-Pპენიტენციურ სისტემაში შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე დღეს ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და ადვოკატი საუბრობს. ჩვენი მოძრაობაც აწარმოებს დაკვირვებას ციხეებსა და საპყრობილეებში არსებულ ვითარებაზე. ჩვენი ორგანიზაციის წევრები უშუალოდ, ადვოკატების მეშვეობით ხვდებიან პატიმრებს, თვითონ პატიმრებიც გვეხმიანებიან და გვწერენ თავიანთ პრობლემებზე. ჩვენი შეფასებები და დასკვნები ემყარება ფაქტებს, გადამოწმებულ ინფორმაციებს და აქედან გამომდინარე, სანდოა. ქართულ ციხეებში ძალზე მაღალია პატიმართა გარდაცვალების რიცხვი, ბევრია შემთხვევა პატიმართა მიმართ სასტიკი და არადამიანური მოპყრობის, მათი უფლებების ფეხქვეშ გათელვის, ზეწოლისა და ა.შ არც ერთი საქმე პატიმართა გარდაცვალებისა ბოლომდე არ არის გამოძიებული, გვაინტერესებს - რატომ? რატომ არ გაირკვა პატიმარ ტოპოლოღლის გარდაცვალების მიზეზი? რატომ არავინ არის პასუხისმგებელი ამ და სხვა ფაქტებზე?

- ხათუნა კალმახელიძის თანამდებობიდან გადადგომას უფლებადამცველები კატეგორიულად მოითხოვენ. რამ

გამოიწვია ასეთი კატეგორიულობა?

- გეთანხმებით. კალმახელიძის გადადგომას უფლებადამცველები დიდი ხანია მოითხოვენ. მინისტრი ძირითადად პიარ-აქციებით არის დაკავებული, მაგრამ სასჯელაღსრულების სისტემაში სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ პროპაგანდა რეალობას ვერ გადაფარავს. კალმახელიძე პასუხისმგებელია იმ გარდაცვლილ პატიმრებზე, რომელთა რიცხვი მარტო 2010 წელს ასამდე ავიდა, პასუხისმგებელია ასობით პატიმრის ცემის ფაქტზეც. მინისტრმა უკვე ორჯერ მოგვწერა, რომ დრო არა აქვს უფლებადამცველებთან შესახვედრად მაშინ, როდესაც უყოყმანოდ ხვდება სატელიტ ორგანიზაციებს, რომლებიც არასოდეს აკრიტიკებენ მის უწყებას. მინისტრის პასუხისმგებლობა აშკარაა და მას ამ პასუხისმგებლობის გააზრება და საკუთარ თავზე აღება  მოუწევს. სამართალი ისეთი ფენომენია, რომელსაც საზღვრები არა აქვს. მინდა ყველა პატიმრის ოჯახს მივმართო - ნუ დუმხართ, როდესაც ციხეებში ასეთი უკანონობა ხდება, იბრძოლეთ თქვენი ოჯახის წევრებისათვის, მათი თავისუფლებისა და უფლებების დასაცავად!

ხათუნა ჩიგოგიძე