აკვალანგები, აკვალანგები ჩქარა!!! - კვირის პალიტრა

აკვალანგები, აკვალანგები ჩქარა!!!

ეს იუმორესკა სათაფლიის მღვიმეში ჩვენი პრეზიდენტისა და მინისტრების "არასაიდუმლო სერობით" შთაგონებულმა მკითხველმა გამოგვიგზავნა. როგორც ჩანს, პრეზიდენტის შემყურე საზოგადოებასაც გაეხსნა უსაზღვრო ფანტაზიის უნარი... ჩვენმა მკითხველმა სამომავლო სხდომის ჩასატარებელი ადგილის შერჩევაზე მოფიქრალ პრეზიდენტს საქმე გაუიოლა და მშვენიერი სცენარიც მიაწოდა.

ბაზალეთისა ტბის ძირას

ოქროს აკვანი არისო,

და მის გარშემო წყლის ქვეშე,

უცხო წალკოტი ჰყვავისო...

წალკოტის შუაგულშია

ის აკვანი ასვენია,

და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა

არავის გაუბედნია...

*  *  *

– მარიკა, ვარძელაშვილი გააჩინე ახლავე აქ !

– ამ წუთში, ბატონო პრეზიდენტო…

– შეიძლება?

– მოდი, მოდი, მე არ მითქვამს დაჯექი-მეთქი! კარგად მომისმინე, ახლა სასწრაფოდ დაუვლი ყველა მინისტრს, აუღებ ზომებს და იქით პარასკევისთვის  წყალქვეშა კოსტიუმებს და აკვალანგებს მოუმზადებ! ჰო, კიდევ, ერთი ოცი კოსტიუმი ჩემი პირადი დაცვისთვის და ათი ჟურნალისტებისთვის. გაქვს შეკითხვები?

– არა, ბატონო პრეზიდენტო, თუმცა, შეიძლება გავიგო, რად გვინდა ეს ყველაფერი?

– როგორ რად გვინდა, შე ... ?! წინა მთავრობის სხდომა სად ჩავატარეთ?!

– სათაფლიის მღვიმეში, ბატონო პრეზიდენტო.

– ჰოდა, მომავალი ბაზალეთის ტბის ფსკერზე იგეგმება, ასე გადავწყვიტე მე, სხვათაშორის ვენეციის კომისიამაც ასეთი რეკომენდაცია გამოგვიგზავნა. იძახონ ახლა ხალხთან არ ხართო!

– მე რომ ცურვა არ ვიცი?

– რა ჯანდაბა იცი აბა, სპორტის მინისტრმა?! დოლი გეხერხება? ერთ კვირას გაძლევთ ყველას, არ გისწავლიათ და ჩამხრჩვალხართ წიწილებივით, მე მაგი არ ვიდარდო, აჰაჰაჰაჰაჰიჰა... გაშპი ახლა და ვანოს დამიძახე სასწრაფოდ!

– აქა ვარ, ბატონო პრეზიდენტო.

– სად კაცო, სადა ხარ? გამაგიჟებს ეს კაცი...

– აქ ვდგავარ, თქვენ წინ, ბატონო პრეზიდენტო, უბრ… უბრ… უბრალოდ თქვენ ვერ მხედავთ…

– ჰო, კარგი, სადაც გინდა იქ იდექი, რაც მთავარია ყველაფერი გესმის… მოკლედ, ხვალ დილიდან წაიყვან შენს კაციჭამიებს და ბაზალეთის ტბის ფსკერზე ჩახვალ, დაათვალიერებ და მიიღებ უსაფრთხოების ზომებს. ერთი ლიფსიტა ან ღორჯო რომ მომიცურდეს ახლოს, ხომ იცი, ამოგხდი სულს...

– რას ბრძანებთ, ბატონო პრეზიდენტო, მხოლოდ ჩვენი სპეცსტავრიდები იცურებენ, ეგ გვეშლება ახლა?

– ჰო, კიდევ შეუკვეთე 15, თუ რამდენი არიან აღარც მახსოვს, ხის აკვანი მინისტრებისთვის, ზომები არ აურიო, ის ოქროს აკვანი ხომ იქ არის, ხომ არავის წაუღია..?! ჰმ, მახსოვს შევარდნაძეს უნდოდა, მარა ვერ მივართვი… იჰიჰიჰიჰი... კარგად გააპრიალე და მომიმზადე. ჰო, ისინიც დამჭირდება, რა გვარები არიან კაცო? აი, ის პოეტი როა, ხომ იცი, მეორე კიდევ არტისტი თუ მომღერალი, შტანგისტიც არ დაგავიწყდეს!

– ეგენი მთავრობის წევრები რომ არ არიან, ბატონო პრეზიდენტო?

– კი, მაგრამ ძალიან კარგად გამოსდით აკვნის რწევა. აბა, გაშეშებული ხომ არ ვიქნები, ხომ იცი, როგორ მიყვარს მოძრაობა.

– დანარჩენებს, ბატონო პრეზიდენტო?

– რა დანარჩენებს?! დანარჩენებს არტახები წამოუღე, პირში "მატყუარა" ჩაუდე და ისე გადაკოჭე თავის დაქნევის მეტი ვერაფერი შეძლონ, ესეც ბევრია მაგათთვის, აჰაჰაჰიჰიჰი… მაგარია, არა?!

– ბრ… ბრ… ბრწყინვალე იდეაა, ბატონო პრეზიდენტო, თქვენის ნებართვით, სარეკლამო ბანერებზე გამოვაკრავ სხდომის კადრებს და გად… გად… გადასარევი რეკლამაც გამოვა. ინვ... ინვ... ინვესტორების ცვენა წამოვა და ტურ… ტურ… ტურისტ...

– გავიგე, გავიგე, ნუღარ იტანჯები, თავი მეტკინა! გაქრი ახლა და საქმეს მიხედე! ჰო, ვანო, ერთი იმას, რა ჰქვია კაცო, "საპოჟნიკაო" თუ რაღაცა, ჰკითხე ერთი, უშბაზე ან თეთნულდზე კაი ამინდები როდიდან გამოდის, მომავალზეც ხომ უნდა ვიფიქროთ, კაცო?!

*  *  *

"იქნებ აკვანში ისა წევს

ვისი არ ითქმის სახელი"

მ.კ.  თბილისი