საახალწლო შეკვეთა სანტას - მინდა პატიმარი გავხდე… - კვირის პალიტრა

საახალწლო შეკვეთა სანტას - მინდა პატიმარი გავხდე…

ამ ბოლო დროს უცნაური ავადმყოფობა დამჩემდა. სულ უფრო და უფრო მეპარება ეჭვი საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებში. ეს შეტევა ყოველდღიურად საღამოობით  8-დან 10 საათამდე მემართება და ნაციონალურ არხებზე საინფორმაციო გამოშვებების დასრულებისთანავე ყოველგვარი მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე გამივლის ხოლმე.

სამსახურიდან მისულს ერთი სული მაქვს, როდის გამოჩნდება რომელიმე ნაციონალურ ტელეარხზე მოღიმარი დიქტორი და დამარწმუნებს, რა საამურია ცხოვრება საქართველოში! ამ ორშაბათს ჩვენმა ნაციონალურმა არხმა ახალი ფურცელი გადაშალა თავის პროფესიულ საქმიანობაში და იმაშიც დამარწმუნა, რომ ჩვენს ციხეში ცხოვრება  კიდევ უფრო საამური ყოფილა!

მაინც არ მესმის, რა აქვს საწუწუნო საქართველოს მოსახლეობას... გინდ ციხეში ყოფილხარ და გინდ შინ - სულერთია... უკაცრავად შემეშალა - ციხეში უკეთესია!

ნაციონალურ სიუჟეტს თუ დავუჯერებთ, ციხეებში საკვების, პირადი მოხმარების ნივთებისა და ტექნიკის ღირებულება საბაზრო ღირებულების მსგავსი ან ხშირ შემთხვევაში დაბალი ყოფილა. მაღაზიას პატიმრები ყოველდღე სტუმრობენ ...პირადი მოხმრების ნივთები, ტექნიკა, ის, რასაც ადამიანი სისტემატურად მოიხმარს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეღავათან ფასად იყიდება.

პატიმარი (სტილი დაცულია): ”მოგვწონს ისეთი ფასებია. გარეთ უფრო ძაან დიდი სიძვირეა. აქ უფრო სიიაფეა”.

მეორე პატიმარი: ”პროდუქტი უმაღლეს დონეზეა ყველაფერი, როგორც თავისუფლებაზე იყიდება ისეთია აქაც. ხარისხი, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა”.

მაღაზიის გამყიდველი: "აგერ არაჟანი ქალქში ღირს ლარი და 20 თეთრი. აქ ხუთი თეთრით ნაკლები... აქ იყიდება ყველა ის მოხმარების საგნები, რაც გარეთ... აგრეთვე პროდუქტები, თეთრეული და არის ისეთი პროდუქცია, რომელიც შედარებით ნაკლები ფასი ღირს, ვიდრე გარეთ…"

ციხეებში მაღაზიების გახსნის შემდეგ თურმე "პატიმრებს გეოგრაფიული პრობლემაც მოეხსნათ”. გეოგრაფიული პრობლემის მოხსნა კი იმით არის ახსნილი, რომ ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებამდე მისასვლელად მათ ჭირისუფალს საკმაოდ დიდი გზის გავლა უწევდა, ახლა კი დაბალ ფასად სასურველ პროდუქტს თვითონ იძენენ და ამით იხსნიან გეოგრაფიულ პრობლემას (ამ ლოგიკას რომ ვერ ჩასწვდები, ჭკუასუსტი ხარ, აბა რა! - ავტ.).

ხათუნა კალმახელიძის ზრუნვამ მსჯავრდადებულებზე და მის ოჯახებზე ხომ პირდაპირ გამაოცა: ”სწორედ იმაში არის ამ მაღაზიების აზრი, რომ მოვუხსნათ ეს პრობლემა ოჯახებს და მსჯავრდადებულებმა შეიძინონ ყველა ის ნივთი, რაც ესაჭიროებათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სრულიად ნორმალურ ფასად”. სიუჟეტი დასრულდა ფრაზით: `სასჯელაღსრულების სამინისტროში, პატიმრების პირობების გაუმჯობესებისთვის, კიდევ ბევრი სიახლე იგეგმება”.

ამ სიუჟეტის ყურების შემდეგ შემშურდა პატიმრების! და ამ საახალწლოდ თოვლის ბაბ... უკაცრავად, სანტა-კლაუსს სასაჩუქრე სიაში ნომერ პირველ ნატვრად ჩავუწერე: ”მინდა წელს პატიმარი გავხდე!”; მეორე ნატვრა? - ”რაც შეიძლება დიდი სასჯელი მინდა მომისაჯონ!”; მესამე ნატვრა? - ”არამც და არამც არ შემიწყალოს პრეზიდენტმა, რათა არ მომაკლოს ციხეში დიდხანს ყოფნის ბედნიერება!” (პოლიტიკურ პარტიებს და უფლებადამცველებს წინასწარ ვაფრთხილებ, არ გაბედონ ამ მხრივ აქტიურობა). ახლა ნახეთ, რა პრივილეგიები მექნება ციხეში: დენი - უფასო, წყალი - უფასო, ნაგვის გატანაც -  უფასო (აბა, ისაა საქმე ერთიანი ქვითარი რომ შემოიღეს და უნდა გაგვატყაონ?). საკვები უმაღლესი ხარისხის (ისეთი კი არა თავისუფლებაზე რომ არისვ - გენომოდიფიცირებული და მომშხამველი). ფასები? - არ თქვათ… იაფზე იაფი! (აბა, სიძვირეში რომ გვხდიან სულს გარეთ ეს ბიზნესმენები?). მოპყრობა ხომ უნიკალური! სპორტული ტრენინგები სრულიად უფასოდ, სპეციალურ კორიდორში! (სწორედ ამ კორიდორში შეგიძლია ირბინო, ძალიან სწრაფად და ხარისხიანად) თანაც "გეოგრაფიული პრობლემაც” მოგვარებული მექნება, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ გავიგე, როგორ?