"მე ვარ დევნილი!" ანუ ყველა ჩვენგანმა უნდა გაითავისოს სხვისი ტკივილი - კვირის პალიტრა

"მე ვარ დევნილი!" ანუ ყველა ჩვენგანმა უნდა გაითავისოს სხვისი ტკივილი

"ხელისუფლებამ დევნილთა გამოსახლების ახალი ტალღა დაიწყო და ეს უსამართლობა როგორმე უნდა შევაჩეროთ!" - გვითხრა "კონსერვატიული პარტიის" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა და დევნილთა გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ გვიამბო:

- მიკვირს, რატომ არავის აღელვებს ამ ხალხის მდგომარეობა. ზაფხულში ექვსი კომპაქტური ჩასახლება დაცალეს დევნილებისაგან და მათ დღემდე სახლ-კარი არ მიუღიათ. უმეტესობა ნაქირავებ ბინას, ან ნათესავებს აფარებს თავს. ზოგიერთი მათგანი უკვე 80 დღეა კარავში ცხოვრობს დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან. ზაფხულის პერიოდში მათ ჩამოაყალიბეს "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა" და საპროტესტო აქციებს ჩვენთან ერთად მართავდნენ. ამის შედეგად გამოსახლება ორიოდე თვით შეჩერდა. როგორც კი აქციების მასშტაბმა იკლო, ხელისუფლებამ დაიწყო მზადება მეორე ტალღისათვის, რომელიც უფრო მასშტაბურია. დაახლოებით 10 დღის წინ დევნილები გააფრთხილეს, რომ ახალი წლის წინა დღეებში საცხოვრებელი ადგილები უნდა დაეტოვებინათ. საქმე ეხება 30-მდე ჩასახლებას, სადაც 5 ათასამდე კაცი ცხოვრობს. ეს არის მორიგი ბარბაროსული აქტი, რომლის ჩადენასაც ხელისუფლება აპირებს. ჯერჯერობით 15 იანვრამდე გადაიდო მათი გამოსახლების ვადა, მაგრამ ეს საბოლოო მიზნისაგან ძალიან შორს არის. ჩვენ სულ სხვა შედეგის მისაღწევად ვიბრძვით.

- მაინც რა არის თქვენი საბოლოო მიზანი?

- მათ უნდა დაუკანონდეთ საცხოვრებელი ფართობები ქალაქ თბილისში, როგორც არჩევნების დროს ჰპირდებოდნენ მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა, ან შესთავაზონ ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი, სადაც საარსებო წყარო და ნორმალური პირობები ექნებათ. დღეს მათ სთავაზობენ გადასახლებას უკაცრიელ სოფლებში, ოთხკედელში, სადაც არც ნაკვეთი ექნებათ, არც მეურნეობა და სამუშაოს გარეშე დარჩებიან. ამგვარ პირობებში ყოფნა ხომ შიმშილით სიკვდილს ნიშნავს? ამის გამო თითო-ოროლა ოჯახის გარდა არავინ აპირებს წასვლას ფოცხოში თუ სხვა სოფლებში. ჩვენმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ დევნილები უკვე მეორედ და მესამედ იქცნენ დევნის ობიექტად, ამჟამად უკვე სააკაშვილისა და მისი პირადი "ოხრანკის" - პოლიციის მიერ.

- ოპოზიციის მტკიცებით, ეს შენობები სახელმწიფო საკუთრებაშია, ხელისუფლება კი ამბობს, რომ ისინი კერძო მფლობელებს უნდა დაუბრუნდეთ.

- იმ 30 შენობიდან, რომლის დაცლაც სურთ, მე არ ვიცი არც ერთი ობიექტი, რომელიც კერძო პირის საკუთრებაა. საერთოდ, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი უნდა იყოს დევნილთა და უსახლკაროთა საკუთარი ჭერით უზრუნველყოფა და არა ბიუჯეტის შევსება და საკუთარი ჯიბეების გასქელება. სწორედ ეს არის ერთადერთი მიზანი ამ შენობების გამოცარიელებისა და მათი გაყიდვისა. მათ შორის კერძო მფლობელი მხოლოდ ოფთალმოლოგიის ცენტრის შენობას ჰყავს, რომელიც ორთაჭალაში მდებარეობს - ის "პე-ეს-პე"-ს საკუთრებაა, ამ კომპანიის მეპატრონე კი ბატონი კახა ოქრიაშვილია - მაჟორიტარი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან". ამიტომ მხოლოდ ფორმალურად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს არის კერძო საკუთრება. მიპასუხეთ, სად გაგონილა შენობა კერძო საკუთრებაში დევნილებთან ერთად გადავიდეს? ფაქტობრივად, ეს შენობა მათთან ერთად გაყიდეს.

- ბატონო ლაშა, ალბათ უნდა გავიხსენოთ გამომცემლობა "სამშობლოს" მაგალითი, საიდანაც ჯერ ჟურნალისტები გამოაძევეს, შემდეგ კი - დევნილები, თუმცა ეს შენობა დღემდე არ გაყიდულა. 

- სხვათა შორის ამ საკითხზე მეც მინდოდა ყურადღების გამახვილება. ზაფხულში დაცლილი შენობებიდან არც ერთი არ ყოფილა კერძო საკუთრებაში. მას შემდეგ, რაც დევნილები ხელკეტებითა და მუჯლუგუნებით გამოყარეს, ექვსი შენობიდან ერთადერთი გაიყიდა - მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე გეოლოგიის ინსტიტუტი. არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა, რომ ეს შენობები სასწრაფოდ დაეცალათ დევნილებისაგან. უბრალოდ, ხელისუფლებას ამ შენობების დასაკუთრება უნდა, მათი მყიდველები როგორც წესი, ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან, ოღონდ სხვის გვარსა და სახელს ამოფარებულნი. რაც შეეხება ინვესტორებს, მათ სამწუხარო გამოცდილება აქვთ სააკაშვილთან ურთიერთობისა და მაინც და მაინც დიდი ენთუზიაზმით არ შემოდიან საქართველოში. ინვესტორმა სამუშაო ადგილები უნდა შექმნას, შენობების ყიდვა-გაყიდვით კი არ უნდა იყოს დაკავებული. 

- ბატონო ლაშა, ე.ი. ზაფხულში გამოსახლებული დევნილების უმეტესობა უსახლკაროდ დარჩა?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ 20-მდე ოჯახი დარჩა ფოცხოში და ისინიც ცდილობენ როგორმე თავი დააღწიონ იმ გეტოებში ცხოვრებას. ხალხს ურჩევნია დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან კარავში გაათენოს, ვიდრე ასეთ ადგილას საცხოვრებლად წავიდეს. თბილისში ყოფნა მათთვის არის არა ფუფუნების საგანი, როგორც ჩვენი ხელისუფლება ცინიკურად აცხადებს, არამედ თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება.

- თუ გაქვთ იმედი, რომ დარჩენილი დევნილები იქიდან გამოსახლებას გადაურჩებიან?

- ერთადერთი იმედია ის ძალა, რომელიც ხალხს აქვს. თუ ისინი იბრძოლებენ თავიანთი უფლებებისთვის, თუ მათი პროტესტი მასშტაბური იქნება, რა თქმა უნდა ხელისუფლება იძულებული გახდება ამ მრავალნატანჯ ხალხს შეეშვას.  დევნილების 95 პროცენტს არც თავშესაფარი და არც საცხოვრებელი ფართობი არა აქვს. საუბარია ე.წ ძველ დევნილებზეც და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებზეც, რომლებსაც ხელისუფლება ეუბნება - ჯერ ბინა დაცალეთ, ქუჩაში წადით და მერე მოგცემთ იმ კომპენსაციას, რომელიც გეკუთვნითო. ეს არის მიზერული თანხა - 10 ათასი დოლარი, რომლითაც ვერც ერთი მათგანი საცხოვრებელ ბინას ვერ შეიძენს. რა თქმა უნდა, ეს ცინიზმია და სხვა არაფერი. დევნილები არ უნდა დარჩნენ ქუჩაში, ხელისუფლებამ მათ უნდა მისცეს ის, რაც სამართლიანდ ეკუთვნით.

- რას აპირებთ 15 იანვრის შემდეგ? ჰქონდა კი აზრი ამ პროცესის 15-20 დღით შეჩერებას?

- ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ მათი უფლებების დასაცავად. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას: ამ აქციებზე გამოვიყენეთ ერთი ლოზუნგი, რომელიც დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს - "მე ვარ დევნილი!" ყველა ჩვენგანმა უნდა გაითავისოს სხვისი ტკივილი, ჩვენ ყველანი უნდა გავხდეთ დევნილები, მათი მდგომარეობის გამზიარებლები. თუ ამ ხალხს ვერ დავიცავთ ხელისუფლების ძალადობისაგან, სტალინური და ჰიტლერული ტიპის რეპრესიებისაგან, ხვალ ჩვენი რიგიც დადგება. ყველანი უნდა შევებრძოლოთ სოციალურ გენოციდს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს.

ხათუნა ჩიგოგიძე