როდის მიიღებენ ”ხალხის მტრად” შერაცხულთა შვილები კომპენსაციას?.. - კვირის პალიტრა

როდის მიიღებენ ”ხალხის მტრად” შერაცხულთა შვილები კომპენსაციას?..

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ 1997 წლიდან აღებული ვალდებულების შესაბამისად კანონში ცვლილებები უნდა შეიტანოს. საქმე ეხება 1937 წელს სტალინური რეპრესიების მსხვერპლ მოქალაქეებს. ევროსასამართლომ საქმეში - "კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ"გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს სახელმწიფოს დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კილაძეების მსგავსად, სახელმწიფოს მიმართ პრეტენზიის კანონიერი საფუძველი სხვა რეპრესირებულებსაც აქვთ.

კილაძეების ოჯახი  30-იანი წლების რეპრესიების მსხვერპილია. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლაუს და იური კილაძეებს საქართველომ კომპენსაციის სახით 4-4 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. კილაძეების მსგავსად, საქართველოში უამრავი რეპრესირებულთა შვილი ცხოვრობს. ამბობენ, რომ 17 ათასამდე არიან, რომელთაც მეტად მძიმე ბავშვობა და ცხოვრების რთული გზა განვლეს.

მურმან მაჭარაძე, რეპრესირებულთა ოჯახიდან: - სამი წლის ვიყავი, როდესაც 1941 წლის 25 თებერვალს იმდროინდელი უშიშროების სამსახურის თანამშრომლები შემოგვეჭრნენ სახლში და მამა დააკავეს. მამა ორჯერ იყო დაპატიმრებული. პირველად 20-იან წლებში - მენშევიკური წრის საქმიანობაში მონაწილეობა დასდეს ბრალად, მეორედ 40-იან წლებში დაიჭირეს და ურალში, ქალაქ სოლოკამსკში, 8 წლით გადაასახლეს.

KvirisPalitra.Geმამაჩემის საქმეს პირველად მოსკოვში გავეცანი, რადგან თბილისში არქივი აღარ არსებობდა, დაიწვა. საქმეში ამოვიკითხე, რომ მამას სამი ნაცნობი უჩიოდა. ერთ-ერთი სოფლად ჩვენი კარის მეზობელი და მოგვარე იყო, რომელთანაც მამას ბავშვობაში შელაპარაკება მოსვლია. მეორე იყო მისი კოლეგა, რომელსაც მამაჩემის ვალი ჰქონია, ხოლო მესამე - სკოლის მასწავლებელი. მას ჩვენება მიუცია, როგორ წაართვა მამამ გაკვეთილზე, ფულზე მოთამაშე ბავშვებს ხურდა.

მამა ძალიან განათლებული და ენერგიული ადამიანი იყო. მუშაობდა სავაჭრო პალატაში მრჩევლად. იყო ტექნიკუმის დირექტორის მოადგილე ეკონომიკის საკითხებში. 7 წლის განმავლობაში მუშაობდა შუჩინსკის მინის ქარხანაში.

1954 წელს მამა გაათავისუფლეს. დამტკიცდა, რომ ქვეყნის წინაშე არავითარი დანაშაული არ მიუძღვოდა. თუმცა მე და ჩემისთანა ხალხმა ძალიან მძიმე ბავშვობა გამოვიარეთ. საზოგადოებამ ხალხის მტრის შვილებად შეგვრაცხა, "ნორმალური ოჯახის შვილებისგან" განსხვავებით, მუდმივ შიშსა და სტრესში ვიყავით, თუმცა სწორედ ამ ვითარებამ ჩამოაყალიბა ჩემში პიროვნული თვისებები. არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. ამის გამო 8-ჯერ გავუშვი ხელიდან მაღალი თანამდებობის დაკავების შესაძლელობა. თუმცა ჩემი ცხოვრებით მაინც კმაყოფილი ვარ. ვიყავი მთავარი კონსულტანტი მოსკოვის მეტალურგიული ქარხნების საკავშირო დაპროექტების ინსტიტუტში, კათედრის გამგე მოსკოვის ერთ-ერთ ინსტიტუტში, ხოლოს საქართველოში - ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერული წარმოების ავტომატიზაციის ფაკულტეტის კათედრის გამგე. აგრეთვე ვმუშაობდი გერმანიაში, კომპანია "სიმენსში" ექსპერტად და სხვა.

რეპრესირებული ხალხის შვილებს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილებით, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 10 ათასი ევრო გვეკუთვნის. ამ თანხის მოცემა საქართველოსა და რუსეთის მთავრობას ეკისრება. აღსანიშნავია, რომ რუსეთში რეპრესირებულთა შვილები უამრავი პრივილეგიით სარგებლობენ, მაგალითად, კომუნალური გადასახადები - ტელეფონის, ელექტროენერგიის ხარჯი განახევრებული აქვთ, სახელმწიფო ყოველწლიურად საგზურებით უზრუნველყოფს, პენსიებზე დანამატს იღებენ...

- როდესაც შეიტყვეთ, რომ კომპენსაცია გეკუთვნოდათ, ვის მიმართეთ?

- ორგანიზაცია "მემორიალს", რომელიც ამ საქმეს კურირებს. მათაც სურთ ზომების მიღება, რათა საქართველოს პარლამენტმა ჩვენი მოთხოვნა გაითვალისწინოს და 2011 წელს მაინც მიიღოს კანონი ამის შესახებ. მართალია, იმ მორალურ ზარალს ვერანაირი თანხით ვერ ამინაზღაურებენ, მაგრამ... ბოლოს და ბოლოს, პატარა ბავშვს 15 წლით მამა წამართვეს.

საქართველოში ასეთი ისტორიის მქონე ათასობით ადამიანია. ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ რეპრესირებულთა შვილებს კომპენსაციის რაოდენობა სასამართლომ უნდა დაუდგინოს. მართალია, ეს გადაწყვეტილება ძალაში არ შესულა, მაგრამ სათანადო კანონპროექტი მომზადებულია და როგორც ითქვა, 2011 წლის ბიუჯეტშიც ჩაუნიშნავთ. ეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრებმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, კახა ანჯაფარიძემ და ზვიად კუკავამ შეადგინეს.

გურამ სოსელია, საზოგადოება ”მემორიალის” თავმჯდომარე: - 2008 წელს ჩვენი საზოგადოება ოფისის გარეშე დატოვეს, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრით, ვცდილობთ, საქმის კურსში ჩავაყენოთ ყველა რეპრესირებულის შვილი. ჩვენ ყველაზე მეტად დაჩაგრული ფენა ვართ. არც სამედიცინო პოლისით, არც სამოქალაქო ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობით და არც კომუნალური გადასახადების შეღავათებით არ ვსარგებლობთ. პენსიაზე მხოლოდ 7 ლარი დაგვიმატეს. ხელისუფლებამ ჩვენი შეღავათების ანულირება მოახდინა.

ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო. ამიტომ მოვითხოვთ, რომ საპენსიო დანამატი 7 ლარით კი არა, 44 ლარით გაგვიზარდონ. ომის ვეტერანებსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს 44 ლარი აქვთ დანამატი. 7 წლის წინ ეს საკითხი კონსტიტუციურ სასამართლოში გავასაჩივრეთ. დადგენილება ჩვენს სასარგებლოდ გამოიტანეს და დღემდე ველოდებით, როდის მოიყვანენ სისრულეში.

აუნაზღაურებენ თუ არა ამ ადამიანებს მორალურ ზარალს, ამის შესახებ პარლამენტის წევრს, კახაბერ ანჯაფარიძეს ვკითხეთ:

- ეს საკითხი, ევროკომიტეტის გადაწყვეტილებით შეჩერდა, თან პარლამენტის სხდომებიც შეჩერებულია, ასე რომ, ამაზე საუბარს ახლა აზრი არ აქვს. საკითხის განხილვა გაზაფხულზე განახლდება, მანამდე ყველაფერს დეტალურად გავეცნობით, დავადგენთ ამ ადამიანთა ზუსტ რაოდენობას, რათა შეცდომა არ მოგვივიდეს და მივიღებთ გარკვეულ ზომებს.

- ეს ადამიანები კომპესაციისთვის 10 ათას ლარს ითხოვენ. რამდენად რეალურია ამ თანხის დამტკიცება?

- ამაში წარმოუდგენელს ვერაფერს ვხედავ. აბა, ამდენი ხანია, ტყუილად ხომ არ ვმუშაობთ?! ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დაველოდოთ გაზაფხულს.

ნინო მაისურაძე