PRESS-კურიოზები - კვირის პალიტრა

PRESS-კურიოზები

საახალწლო ტელეკურიოზების რა მოგახსენოთ, მაგრამ კურიოზები პრესაში ხშირია. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს შემოგთავაზებთ, ოღონდ დამწყებ ჟურნალისტებს ერთ რამეს ვურჩევთ - ეს არასოდეს გაიმეორონ. დავიწყოთ იმით, რომ პირადად მე მეცინება, როდესაც ყვითელ ჟურნალებში ასეთ სათაურიან მასალებს ვკითხულობ: ”მაზლმა ოჯახი დამინგრია”, ”დედამთილმა ჯადო გამიკეთა”, ”სიდედრმა მიღალატა”, ”ქმარმა დასთან მიღალატა”, ”დაქალი ჩემი მეუღლის საყვარელი იყო” და ა.შ. რატომ?

აი, რატომ: 10 წლის წინ ერთი ჩვენი კოლეგა პოპულარულ ყოველდღიურ გამოცემაში პოლიტიკაზე წერდა. ამ გაზეთს ერთი ”მინუსი” ჰქონდა”- ყოველ კვირას სპეციალური, არაპოლიტიკური ნომერი გამოდიოდა. ამ ჟურნალისტს კი ”უტყდებოდა” რესპონდენტებთან სიარული და შეკითხვები:“”რას ჭამთ”, ”რას იცვამთ”...

მოგეხსენებათ, ყველაფერს აქვს საზღვარი, მით უმეტეს - მთავარი რედაქტორის მოთმინებას. ერთ მშვენიერ დღეს ამ ჟურნალისტს, პირობითად გ. კ. ვუწოდოთ, ულტიმატუმი წაუყენეს - ან მასალა არაპოლიტიკურ ნომერში, ან ხელფასის დაქვითვა.

ორ უბედურებას შორის გ.კ-მ  უარესი აირჩია, მაგრამ ისე, მოხდა რომ ინტერვიუ ვერ ჩაწერა. შემდეგ, ამოქმედდა პრინციპი ”გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო”. ჰოდა, იპოვა გამოსავალი - მოიგონა ინტერვიუ არარსებულ რუს მკითხავთან, რომელიც ვითომდა რუსეთიდან სულ სამი დღით იყო ჩამოსული, სტალინისა და ბერიას სულებს ესაუბრებოდა და სასტუმრო ”აჭარაში” ცხოვრობდა.

რედაქციის ხელმძღვანელობას, რა თქმა უნდა, გაუხარდა. ისე კი, დაინტერესდნენ, რატომ არ წაიყვანა გ.კ.-მ ინტერვიუზე ფოტოკორესპონდენტი და შესაბამისი პასუხიც მიიღეს: ხომ იცით, მკითხავების ამბავი, ცოტა ვერ არის, ფოტოაპარატს ვერ იტანსო. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, იმ საკვირაო ნომერში ეს ინტერვიუ სტალინისა და ბერიას ფოტოებით რიხინ-რიხინით გავიდა.

ამ რედაქციაში გ.კ.-ს ძმაკაციც მუშაობდა, მას პირობითად ლ.ს. ვუწოდოთ. ის, რა თქმა უნდა, დაინტერესდა ამ ”სენსაციური მასალის” წარმომავლობით. რომ არ დაგიმალოთ, გ.კ.-მ ძმაკაცი ერთი კვირა ატყუა, ვითომ ის რუსი მკითხავი მაგარი ”ნაშა” იყო, ინტერვიუს ჩაწერისას ხალათით იჯდა და სხვა არაფერი ეცვაო, მაგრამ მერე გატყდა და ძმაკაც-კოლეგას სიმართლე გაუმხილა.

გავიდა ერთი კვირა და მოვიდა იმ დაწყევლილი არაპოლიტიკური ნომრის დრო. ჰოდა, ლ.ს-მ რედაქციაში მიიტანა ინტერვიუ ქალთან, რომელიც ვითომ უცხოპლანეტელისგან იყო ფეხმძიმედ. მართლა კარგი ინტერვიუ იყო - ლ.ს-მ ფანტაზიას გასაქანი მისცა და დეტალურად აღწერა დაფეხმძიმების პროცესი.

სამაგიეროდ, მთავარი რედაქტორი ვირზე შეჯდა: სანამ მაგ ქალის სურათს არ მოიტან, მასალა დღის სინათლეს ვერ იხილავსო. ხერხი სჯობია ღონესაო და ლ.ს-მ სიმამრს გამოართვა ერთი ქალის ფოტო, რომელთანაც ის ზაპოროჟიეში 60-იან წლებში გრიალებდა და რედაქციაში მიიტანა. საკვირაო ნომერიც ცენტრალური სათაურით ”ჩემი შვილის მამა უცხოპლანეტელია” მაგრად გაიყიდა.

საქმეში ჩაერთო ამ გაზეთის მესამე ჟურნალისტიც, მაგალითად, ა.ბ., რომელსაც ერთ-ერთი ქეიფისას ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა ”სენსაციური მასალების” წყაროები დაუსახელეს. ოღონდ ა.ბ-ს მაინცდამაინც დიდი წარმოსახვის უნარი არ ჰქონდა და მოიგონა ინტერვიუ კაცთან, რომელსაც სახლში 300 კუ ჰყავდა. არ დაიჯერებთ და ეს ინტერვიუ მაინც დაიბეჭდა სათაურით ”ინტერვიუ მეკუესთან”.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ეს ”კორპორაცია” დაიხურა. ამის პროვოცირება ა.ბ-მ მოახდინა - დაბეჭდა ინტერვიუ კაცთან, რომელიც თითქოსდა ჰოლანდიის ერთ-ერთ ბორდელში ქალებს ემსახურებოდა.

ჰოდა, დადგა რედაქციასთან თბილისელი უმუშევრების რიგები, რომლებიც კატეგორიულად მოითხოვდნენ, ის კაცი გაგვაცანით, რომ ჩვენც ჰოლანდიაში შევძლოთ წასვლაო. ადგნენ გ.კ. და ლ.ს. და ამ ხალხს ერთი საერთო ძმაკაცის ნომერი მისცეს, რომელიც მერე მათ ორი თვე არ ელაპარაკებოდა.

”პახმელიაზე” ნათელაშვილთან ერთად ერთმა ჩვენმა კოლეგამ შალვა ნათელაშვილის პრესკონფერენციაზე რედაქციაში მასალა დატოვა და ქორწილში წავიდა. მეორე დღეს ნაბახუსევი იყო. სამსახურისკენ მიმავალმა მაღაზიაში შეიარა სიგარეტის საყიდლად. მაღაზიაში ნათელაშვილი “ჩაირთო”- სიტყვით გამოდიოდა. ჟურნალისტმა იფიქრა, რადიო აქვთ ჩართული, ნათელაშვილის გუშინდელ პრესკონფერენციას გადმოსცემენო. მაგრამ დახე საოცრებას - მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგაც შალვა ნათელაშვილი აგრძელებს სიტყვას. მოკლედ, მიდის სამსახურში ჟურნალისტი, ნათელაშვილის ლაპარაკი კი არა და არ თავდება.

მოკლედ, დარწმუნდა საწყალი პრესის მუშაკი, რომ თეთრი ციებ-ცხელება შეეყარა. გულზე კი მას შემდეგ მოეშვა, რაც აღმოაჩინა, რომ სახლიდან გამოსვლისას დიქტოფონი ჩართულა და იმიტომაც ისმოდა ასე გაუთავებლად პირველი ლეიბორისტის რიხიანი სიტყვა.

ინტერვიუ ბაკურიანელ ჟორასთან

ჟურნალისტი, დამწყები იქნება თუ პროფესიონალი, სასმელს უნდა მოერიდოს, თორემ ალკოჰოლს თავს სწორედ ისე დაანებებს, როგორც ერთ-ერთი ყოველდღიური გაზეთის (2004 წელს დაიხურა) სამხედრო განყოფილების კორესპონდენტი.

ჟურნალისტი რედაქციამ ბორჯომში სემინარზე გაუშვა, მან კი სულ სხვა ”სემინარები” მოიწყო ღვინისა და არყის თანხლებით. ჰოდა, მართლაც დაემართა თეთრი ციებ-ცხელება. მოკლედ, შევიდა სასტუმროს ნომერში და ხედავს კუთხეში ჯუჯა ზის, ისეთი, ”ფიფქია და შვიდ ჯუჯაში” რომ არის. ჟურნალისტი რის ჟურნალისტი იქნებოდა, რომ დაბნეულიყო. ჰკითხა, შენ ვინ ხარო? ბაკურიანელი ჟორაო.

მიხვდა ჩვენი კოლეგა, რომ ნამდვილად ”ბელაია გარიაჩკასთან” ჰქონდა საქმე. სასწრაფოდ წამოვიდა თბილისში, ოღონდ გზაში დაწყნარდა, სიზმარს დააბრალა ყველაფერი და... სახლში კარგად გამომთვრალი მივიდა.

შეაღო თბილისის ბინის კარი და ხედავს, ჯუჯა ისევ ზის. ოღონდაცო, - ჰყვებოდა მერე, - იმას თეთრი წვერი ჰქონდა, ამას კი შავიო. ამ ჩვენმა ჟურნალისტმა მაშინვე ჰკითხა ”სტუმარს”, ბაკურიანელ ჟორას თუ იცნობო? ვისაო>? - კითხვა შეუბრუნა ციებ-ცხელების ნაყოფმა, - ეგ ხო კაცი არ არის, ჯუჯაა მე მაგის დედაცო.

მას შემდეგ ჩვენს კოლეგას აღარ დაულევია.

ტვინის ბურღვა უფასოდ

ყველა გაზეთს აქვს განცხადებების გვერდი. ჰოდა, კოლეგებმა შეიძლება სწორედ ამ გვერდის მეშვეობით იძიონ შური.

ერთ-ერთ ყოველკვირეულ გაზეთში (ისიც დაიხურა) საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაგარი ჟურნალისტი და ადამიანი იყო, ოღონდ ბევრი ლაპარაკი უყვარდა, პრინციპულიც გახლდათ და შესაბამისად, მისი მონაწილეობით თათბირები საათობით გრძელდებოდა ხოლმე.

მეგობრებმა მასზე შური ორიგინალურად იძიეს: განცხადებების გვერდში გააპარეს ტექსტი ”ვბურღავ ტვინს უფასოდ და უმტკივნეულოდ” და იქვე მითითებული იყო ზემოხსენებული ჟურნალისტის ნომერი.

გაგიკვირდებათ და, ამ ნომერზე ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ დარეკა.

რა კომენტარს გააკეთებდით თქვენს სიკვდილზე?

ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოში მოქალაქემ დარეკა და აცნობა, რომელიღაც თანამდებობის პირი მოკლესო. ჟურნალისტმა სასწრაფოდ დარეკა იმ პირთან და ჰოი, საოცრებავ, ტელეფონი“”მიცვალებულმა” აიღო. ჟურნალისტი დაიბნა და ეკითხება: ”გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ მოგკლეს, რა კომენტარს გააკეთებდით ამ საკითხზე?” - კომენტარი მძიმე იყო და შეიცავდა ისეთ სიტყვებს როგორიცაა ”მე თქვენი”, ”თქვე ასეთებო”და ისეთებო” და ა.შ.

დაუსრულებლად შეგვიძლია პრესკურიოზებზე საუბარი, მაგრამ ზოგიერთს მომავალი წლისთვის შემოვინახავთ.

გიორგი კვიტაშვილი