რამბალ კოშეს ”სათამაშოები” - კვირის პალიტრა

რამბალ კოშეს ”სათამაშოები”

ხუთი დღის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის საინფორმაციო პროგრამის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ერთ-ერთი ფილმის პრემიერიდან რეპორტაჟი გააკეთა. ფილმის რეჟისორი და სცენარისტი მე გახლდით და ჟურნალისტს საერთოდ არ ვუხსენებივარ, კადრშიც კი არ გამომაჩინეს. მაყურებელს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ სურათს არ ჰყავდა რეჟისორი.

სიმართლე რომ ვთქვა, ასეთი "ცენზურა" მახალისებს კიდეც. მომწონს, რომ ზოგიერთ ამხანაგს ცეტეში (ცენტრალურ ტელევიზიებში) არ ”ვევასები”. გაცილებით სავალალო იქნებოდა პირიქით რომ ყოფილიყო, მაგრამ, როცა ასე ნათლად გრძნობ, რომ ტელევიზიებს აქვთ მკაფიო დირექტივა, კონკრეტული პირები პოზიტიურ კონტექსტში არ გააშუქონ, ეს ბევრ რამეზე გაფიქრებს. უპირველესად ხვდები, რომ ასეთ ტელევიზიებში მომუშავე ჟურნალისტების დასაჭურისება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

იმისათვის, რომ კაცს ასეთი "დავალება" მისცე, მას საერთოდ არ უნდა ჰქონდეს თავმოყვარეობა, პროფესიულ ღირსებაზე რომ  არაფერი ვთქვათ. სწორედ ამიტომ არის, რომ სამთავრობო ტელევიზიებში სულ მალე ძალზე ახალგაზრდა ჟურნალისტუკებს ვიხილავთ. განა არ გვახსოვს, რომ  ”რ2"-ისა და "იმედის" მეტ-ნაკლებად გამოცდილმა ჟურნალისტებმაც კი უარი თქვეს ესოდენ აშკარა სახელისუფლებო პროპაგანდაზე. შესაბამისად, მხოლოდ ძალზე ახალგაზრდა და იოლად შესაცდენი ბავშვი თუ დათანხმდება ასე მუშაობაზე.

წარმოიდგინეთ: ხარ ჟურნალისტი, მოდის პროდიუსერი და გაძლევს დავალებას, წადი და ფილმის პრემიერა გააშუქეო და თან დასძენს, ოღონდ რეჟისორი კადრში არ გამოაჩინო, ხოლო მასთან ინტერვიუს ჩაწერაზე არც კი იფიქროო. ნებისმერი ზრდასრული ადამიანი იკითხავს: მაშ, რაღას ვაკეთებთ ამ სიუჟეტსო? მაგრამ ცეტეში ასეთი კითხვების დასმა არ შეიძლება. ეს სიტუაცია მაგონებს ცნობილ სცენას ფილმ "სათამაშოდან", როცა გაზეთის მფლობელი რამბალ კოშე რედაქტორს უბრძანებს, შარვალი ჩაიხადე და რედაქციას ისე შემოურბინეო. გახსოვთ, ალბათ, ეს სცენა.

მოკლედ, ძალზე გულდასაწყვეტია ამდენი შარვალჩახდილი კოლეგის ხილვა. თუმცა არის საამისო წამალი: არსებობენ მედიასაშუალებები, სადაც არ არის ცენზურა, რომელთა მფლობელები ჯერ კიდევ არ არიან სააკაშვილები. უბრალოდ მათ მეტი გამბედაობა, მეტი კრეატივი სჭირდებათ. აი, მაგალითად, "მაესტრო", რომელმაც სრულიად გაუმართლებელი ტაქტიკა აირჩია ცეტეებთან ბრძოლისა. "მაესტროს" მესვეურებმა მიუკერძოებელი ქართული სი-ენ-ენის შექმნა განიზრახეს. არადა, ”მაესტროს" სახელისუფლებო ტევე-გოლიათთან დავითივით უნდა ებრძოლა. სულ განსხვავებული ფორმატი უნდა აერჩია, უნდა გამხდარიყო მაქსიმალურად სკანდალური, კრეატიული, თუნდაც "საკნის" მსგავსი პროექტები გაეკეთებინა. განა არ იცოდნენ, რომ 20 თეთრად "ბი-ბი-სის" ვერ გააკეთებ, რომ ”იმედს" და "რ2-"ს მათივე მინდორზე ვერ მოუგებ? იმედია, ეროსი და ღლონტი მიხვდებიან, რაშიც არის საქმე. "კავკასიაზე" კი ვერაფერს ვიტყვი. ეს არის კეთილი ხალხის პატარა ოჯახური ბიზნესი. ზოგს მაღაზია აქვს სახლის ქვემოთ, ზოგს კი - ტელევიზია. არ უნდა აქუს და ნინოს ეს ტელეავანტიურები და რა უნდა ქნა?!

მიუხედავად ამისა, არ შეიძლება მომავალი იმედისმომცემი არ იყოს. სახელისუფლებო ცენზურა გაძლიერდება, რადგან არჩევნები ახლოვდება. მოხდება ცეტეების უფრო დიდი სტერილიზაცია და მათ "კარგი ახალი ამბების ტელევიზიად" გადაკეთება. ამ პირობებში პროფესიონალ ჟურნალისტს, გაიძვერას, მაგრამ პროფესიონალს, ძალზე გუჭირდება მუშაობა. პროფესიონალიზმი გულისხმობს პროფესიული თავმოყვარეობის ქონას. საკუთარი საქმის მცოდნე კაცი ყველაფერზე ხელს ვერ მოაწერს. შესაბამისად, გაიზრდება დილეტანტი ჟურნალისტუკების რიცხვი. ცეტეების ტყუილები უფრო აშკარა გახდება და ამიტომ უფრო იოლი შეიქნება მათთვის კონკურენციის გაწევა. ინტერნეტი (ინტერნეტტელევიზიები სახელდობრ) იქნება მათი პირველი მტერი.

ცხადია, სიმართლე ყველაზე რეიტინგული რამეა. მას ვერ მიჩქმალავ ვერც ლამაზი შოუებით და ვერც მექსიკური სერიალებით. ოღონდ ამ სიმართლესაც უნდა შეფუთვა, სწორად და დინამიკურად დამონტაჟება, ფერების მიცემა, ანუ სატელევიზიო პრუდუქტად ქცევა. თუ ამას ვისწავლით, მაშინ გაბრწყინდება... იბერია თუ არა, ტელეეკრანები მაინც.

შალვა რამიშვილი