”საქართველო ხომ ჩემი მეორე სამშობლოა” - კვირის პალიტრა

”საქართველო ხომ ჩემი მეორე სამშობლოა”

”რუსებმაც გააცნობიერეს, რომ ხელისუფლება ხალხის სიკეთეზე არ ფიქრობს”

ახალი წლის დამდეგს ”კვირის პალიტრა” რუსეთისა და სსრკ-ის სახალხო არტისტს, რუსული კინოსა და თეატრის ერთ-ერთ ვარსკვლავსა და საქართველოს ბრწყინვალების ორდენის მფლობელს ოლეგ ბასილაშვილს ესაუბრა. მსახიობი წელს თბილისის თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა, _ ”თავისუფალი თეატრის” სცენაზე სანქტ-პეტერბურგის დიდ დრამატულ თეატრში თემურ ჩხეიძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლ ”კოპენჰაგენში” მთავარი როლი ითამაშა.

- ბატონო ოლეგ, ამ შემოდგომაზე თბილისში თეატრალურ ფესტივალზე ბრძანდებოდით. გაგვიზიარეთ თქვენი თბილისური შთაბეჭდილებები.

- თბილისი ყოველთვის ძალიან მიყვარდა და ამაში გასაკვირი არაფერია, საქართველო ხომ ჩემი მეორე სამშობლოა. ყოველ ჩამოსვლაზე ვამჩნევ, რომ უფრო და უფრო ლამაზდება. მაღაზიები სავსეა პროდუქტებით და ქუჩებშიც სისუფთავეა.

რა თქმა უნდა,

მინდა, თბილისელთა ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყოს, რომ ჩემს დას, რომელიც იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე ცხოვრობს, ჰქონდეს იმ ნაპრალის შეკეთების საშუალება, მის სახლს მიწისძვრის შემდეგ რომ გაუჩნდა და რასაც ფული სჭირდება.

სოფელ კარბში ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ. წელს იქაურობა მოვინახულე. ეს სოფელი მდინარე ლიახვთან, სამხრეთ ოსეთის საზღვრიდან სულ რაღაც 2-3 კილომეტრშია. მესიამოვნა, რომ იქაურებს რუსეთზე საგინებელი სიტყვები არ უთქვამთ, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომის დროს სოფელი კარბიც არაერთხელ დაიბომბა. ეს ქართველი ხალხის მაღალ კულტურაზე, სტუმრისა და სხვა ერების პატივისცემაზე მეტყველებს. ასეთი დამოკიდებულება არა მარტო სოფელ კარბში, არამედ თბილისში, გორში და სხვაგან ყოფნისასაც ვიგრძენი.

ძალიან მადლიერი ვარ პრეზიდენტ სააკაშვილისა იმის გამო, რომ მან ბრწყინვალების ორდენი გადმომცა. ამ ჯილდოთი ძალიან ვამაყობ.

- თქვენს შემოქმედებაზე საუბრისას ერთმა კრიტიკოსმა ასეთი აზრი გამოთქვა: ”ბასილაშვილს ახასიათებს თავშეკავებულობა, სირბილე, დახვეწილი ფსიქოლოგიზმი, მამაკაცური მომხიბვლელობა. ამაში დამნაშავე მისი ქართული ფესვებია”.

- რატომ მხოლოდ ქართული? ჩემში რუსული და პოლონური ფესვებიცაა, ასე რომ, ეტყობა, ამ სამი ფესვისა და სისხლის შერწყმა ქმნის იმ მამაკაცური მომხიბვლელობის ილუზიას, რომლის შესახებაც წერენ.

- თქვენ მოსკოვში დაიბადეთ, მამათქვენი, ვალერიანი, მოსკოვში საცხოვრებლად როდის ჩავიდა?

- მამა საქართველოში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტში განაგრძო. იქვე გაიცნო დედაჩემი და დაქორწინდნენ. მამაჩემს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ვაჟი - ჟორა (გიორგი), რომელიც მამამ მოსკოვში ჩამოიყვანა. ჩემი ძმა, გიორგი ვალერიანის ძე ბასილაშვილი, სამხედრო პირი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს კურსკთან, პროხოროვოს ველზე ბრძოლების დროს დაიღუპა. სავარაუდოდ, ამავე ველზეა დაკრძალული.

- ბატონო ოლეგ, რთულია რუსეთში ქართველობა?

- მე ჯერ ამას ვერ ვგრძნობ.

- შესაძლოა, თქვენ არ გრძნობთ, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში რუსეთის რამდენიმე ქალაქში ეთნიკურ ნიადაგზე საკმაოდ არასასიამოვნო პროცესები განვითარდა.

- ნაციონალურ ნიადაგზე ქუჩაში დაპირისპირება მოულოდნელი იყო, მაგრამ ამ პროცესებმა ბევრი პრობლემა გამოააშკარავა. ბევრი ჩამოსული, რბილად რომ ვთქვათ, გამომწვევად იქცევა, რაც ადგილობრივ მცხოვრებთა უკმაყოფილებას იწვევს. ვიცი, რომ ბევრი რუსიც სხვა ქვეყნებში ასევე გამომწვევად იქცევა.

მე რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ქუდით შევიდე, ეს ირგვლივ მყოფთა უკმაყოფილებას გამოიწვევს. თუ მე მუსლიმანურ ეკლესიაში შევდივარ, ვალდებული ვარ ფეხსაცმელი გავიხადო, თუ სინაგოგაში შესვლას დავაპირებ, ვალდებული ვარ თავზე კიპა დავიხურო. მაგრამ საქმე ის არის, რომ ბევრი ჩვენგანი, ქართველიც და რუსიც, ამ წესებს არა მარტო ეკლესიებში, ქუჩაშიც არ იცავს.

ადამიანებმა პატივი უნდა სცენ იმ ტრადიციებსა და წესებს, რომელ ქვეყანაშიც არიან და არ არის საჭირო ტრადიციებისა და წესებისადმი უპატივცემულობის დემონსტრირება. ეს არა მარტო რუსებსა და ქართველებს, არამედ ყველას ეხება.

რუსეთში ვიდრე ახალგაზრდობა სამყაროში თავის ადგილს არ იპოვის, ვიდრე ქვეყანაში არ იქნება ისეთი ვითარება, რომ ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება თავიანთი შრომით, ინტერესთა შესაბამისად მიიღონ ღირსეული განათლება, შრომით შეიძინონ ბინა, დაოჯახდნენ, ჰყავდეთ შვილები, ქვეყანაში პრობლემები არ მოგვარდება. ამიტომაცაა, რომ რუსი ახალგაზრდობის უმრავლესობა რუსეთში ჩამოსულებს უცხოებად აღიქვამს. მათი აზრით, სწორედ ჩამოსულები არიან დამნაშავე, რომ რუს ახალგაზრდებს ყველაფერ ამის მიღებისა და მიღწევის საშუალება არა აქვთ. ჩემი აზრით, სწორედ ამ ნიადაგზე წარმოიშვა რუსეთში ეროვნებათაშორის დაპირისპირება, რომელიც საფუძველშივეა ჩასახშობი. ამგვარმა დაპირისპირებამ რუსეთი შეიძლება დაშლამდე მიიყვანოს.

- კარგი, უფრო სასიამოვნო თემებზე გავაგრძელოთ საუბარი. ფილმებში ”სამსახურებრივი რომანი”, ”შემოდგომის მარათონი”, ”სადგური ორისათვის” თქვენ დაუვიწყარი კინოგმირები შექმენით. მიიჩნევთ, რომ ამ როლებით საკუთარი თავი ითამაშეთ?

- არტისტს არ შეუძლია თავისი თავის თამაში. მე ყველა ჩემს როლსა და გმირში რაღაც ისეთი ორიგინალურის პოვნას ვცდილობდი, რაც გამოარჩევდა იმ გმირებისგან, რომელთაც მანამდე ვთამაშობდი. ამ თვალსაზრისით ჩემთვის თითოეული როლი  განსაკუთრებული და ამიტომაც გამორჩეულია.

- თეატრალური სპექტაკლების ”სამი და”, ”ძია ვანია” და ”ცხენის ისტორიის” გმირებისადმიც ასეთი დამოკიდებულება გაქვთ?

- ეს სპექტაკლები გიორგი ტოვსტონოგოვმა დადგა. ისიც ქართველი იყო და ძალიან უყვარდა საქართველო. თავის თეატრში მან შესანიშნავი ქართული სპექტაკლები დადგა": ”მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, ”ხანუმა”, ”სამანიშვილის დედინაცვალი”. მასთან ძალიან ბევრი ვიმუშავე, მაგრამ ქართულ სპექტაკლებში რატომღაც არ მიწვევდა.

- ამას წინათ წავიკითხე, ლას-ვეგასის კაზინოში 100 დოლარით როგორ მოიგეთ 500 დოლარი და შემდეგ ყველაფერი წააგეთ. თუ აზარტული ხართ, ყველაზე დიდი თანხა რამდენი გაქვთ მოგებული?

- არა, აზარტული არა ვარ. მეგობრებმა ლას-ვეგასში ძალით წამიყვანეს. ამ ქალაქში ერთი დღე ვიყავი და ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერად ვგრძნობდი თავს, როცა გამოვემგზავრე. კაზინოში პირველად სწორედ იქ მოვხვდი. არც მანამდე და არც მას შემდეგ აზარტული თამაშები არ მითამაშია.

- 90-იან წლებში თქვენ რუსეთის ”დემოკრატიული მოძრაობის” სახე იყავით. მას შემდეგ 20 წელი გავიდა, მაგრამ რუსეთში დემოკრატია ვერა და ვერ დამკვიდრდა.

- კომუნისტურმა მმართველობამ რუსეთს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. მე ვგულისხმობ არა მხოლოდ ათასობით უდანაშაულოდ დახვრეტილს. არამედ იმ სულიერად დასახიჩრებულებსაც, რომლებიც მოქმედებდნენ ლენინური პრინციპით: ”ყველაფერი ზნეობრივია, რაც პროლეტარიატის გამარჯვებას ემსახურება”.

გაუკუღმართებულმა ზნეობამ ჩვენი ხალხი დაასახიჩრა. რომელიღაც ერი  ამით ნაკლებად დაზარალდა, რომელიღაც - უფრო მეტად. პრინციპში კი  ყველაზე მოახდინა ზეგავლენა. ახალმა თაობამ ყოველივე ეს უნდა დაივიწყოს.

- ამას წინათ ცნობილმა რუსმა მწერალმა და სატირიკოსმა შენდეროვიჩმა მისთვის დამახასიათებელი სარკაზმით თქვა: Россияне терпимы до невозможности и безстыдства - შესაძლოა, ერთ-ერთი პრობლემა ესეც იყოს?

- არა მგონია, რუსები განსაკუთრებული მოთმინებით გამოირჩეოდნენ. უბრალოდ, როგორც სხვა ხალხებმა, ისე რუსებმაც გააცნობიერეს, რომ ხელისუფლება ხალხის სიკეთეზე არ ფიქრობს. ხალხმა ხელისუფლებაზე ხელი ჩაიქნია და ასეთი პოზიცია დაიკავა: ”ჩვენ თქვენ არ გვაინტერესებთ, ჩვენ ჩვენთვის ვცხოვრობთ”.

- ბატონო ოლეგ, საცაა ახალი წელი დადგება და თქვენ საქართველოს მოსახლეობისათვის როგორც მილოცვის, ასევე საახალწლო სურვილების გამჟღავნების საშუალება გაქვთ.

-  ძალიან მინდა, ქართველებსა და რუსებს შორის აღდგეს ძველებური ურთიერთობა. რუსეთის მოაზროვნე და ლიბერალურად განწყობილი ადამიანები  ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ის ტკივილი, რომელსაც ჩვენ, ქართველები, და რუსები აგვისტოს კონფლიქტის დროს განვიცდიდით, არასოდეს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, რუსები და ქართველები ამას შეძლებენ.

თითოეულ ქართულ ოჯახს მთელი გულით ვუსურვებ გაძლიერებას, არა გადარჩენისთვის, არამედ უბრალოდ, სიამოვნებით ცხოვრებას.

 კობა ბენდელიანი