”ჯანმრთელობის ხელშეწყობას მშვიდობაც სჭირდება” - კვირის პალიტრა

”ჯანმრთელობის ხელშეწყობას მშვიდობაც სჭირდება”

2011 წელმაც მოგვიკაკუნა. ტრადიციულად, ამ დროს ქართველები ერთმანეთს ჯერ მშვიდობას და ჯანმრთელობას ვუსურვებთ, შემდეგ კი სხვა დანარჩენი სიკეთეც გვახსენდება.  ამიტომ წლის მიწურულს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალ მინისტრს ანდრია ურუშაძეს ვესტუმრე და იმ საკითხებზე ვისაუბრეთ, რაც ხალხის დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. ღმერთმა ყველა ჯანმრთელად ამყოფოს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, რა დახმარების მიღებაა შესაძლებელი სახელმწიფოსგან 2011 წელს, ამის თაობაზე მინისტრი ანდრია ურუშაძე გვესაუბრება:

- ვფიქრობ, უნდა შევაფასოთ გასული პერიოდიც, ვინაიდან არაერთი პოზიტიური რამ მოხდა. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა ჰოსპიტალური სექტორის განვითარება. ბევრი ახალი ინიციატივის წყალობით მივაღწიეთ იმას, რომ უკვე მიმდინარეობს საინვესტიციო პროექტების განხორციელება. ვგულისხმობ არა მხოლოდ 46 საავადმყოფოს, რომელთაც კერძო სადაზღვევო კომპანიები ააშენებენ, არამედ როგორც საბიუჯეტო რესურსით, ასევე დონორული დახმარებებით განხორციელებულ პროექტებსაც. წინგადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია კერძო ინვესტიციების მოზიდვა და კონტრაქტების გაფორმება ღუდუშაურის სახელობის კლინიკასთან, ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრთან, მეხუთე საავადმყოფოსთან, რომელსაც მოსახლეობა 31-ე ქარხნის  საავადმყოფოდ მოიხსენიებს. ბევრი პროექტი განხორციელდა რეგიონებშიც.

მაგალითად, გაიხსნა მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი  კლინიკა ხელვაჩაურის რაიონში. აჭარაში სულ ცოტა ხნის წინ მეზღვაურთა საავადმყოფოც გავხსენით. ასეთივე ტიპის მშენებლობები დაწყებულია სხვადასხვა რაიონშიც და საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა ამ პროექტების წარმატებით დასრულებაა, რაც ჰოსპიტალური სექტორის განვითარებას ხელს შეუწყობს. მაღალტექნოლოგიური  აპარატურით აღჭურვილ საავდმყოფოებში მომსახურების თანამედროვე სტანდარტები ინერგება, სამედიცინო პერსონალთანაც ახალი მოთხოვნები გვაქვს, რაც მომსახურების უკეთეს ხარისხს განაპირობებს.

- ახალი და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი საავადმყოფოების მომსახურება რამდენად ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეებისთვის?

- ჩვენ ვაზღვევთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ 900 ათას კაცს, რომელთაც არ შეუძლიათ ფულის გადახდა სამედიცინო მოსამხურებაში; ვაზღვევთ იძულებით გადაადგილებულ  პირებს, რომლებმაც დაკარგეს ქონება და ამჟამად კომპაქტური ჩასახლების ადგილებში ცხოვრობენ; სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, ვაზღვევთ პოლიციელებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და სახელმწიფო სკოლების პედაგოგებს. ვითვალისწინებთ, რომ 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს უფრო სჭირდებათ ექიმთან მისვლა. ამიტომაც 2011 წლის ბიუჯეტში გათვალისწნებულია თანხები პირველადი ჯანდაცვის სერვისებისთვის (ზოგიერთი დაავადების მქონე პაციენტის აღრიცხვაზე აყვანა, დაკვირვება და მართვა). გადაუდებელ შემთხვევებში მათ ექნებათ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა, ვგულისხმობ იმ სერვისებს, როგორიც არის, მაგალითად, კარდიოქირურგია, ჰემოდიალიზი. არა მხოლოდ 60 წელს გადაცილებულებისათვის, არამედ ბავშვთა ასაკის მოქალაქეებზეც არის გათვალისწინებული ეროვნული დახმარების პროგრამა.

- ორიოდე წლის წინ თუ 0-იდან 18 წლამდე ფინანსდებოდა ბავშვთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურება, შემდეგ ასაკობრივივმა ზღვარმა 3 წლამდე დაიწია. რა მდგომარეობა გვექნება 2011 წელს?

- გააჩნია, რომელ  პროგრამას გულისხმობთ. მაგალითად, ონკოლოგიური დაავადებების მქონე 0-დან 18 წლამდე ბავშვებს  სახელმწიფოს კვლავ ეხმარება. არაერთი პრობლემა სხვა პროგრამებით რეგულირდება. გარდა ამისა, პირველადი ჯანდაცვის სერვისი უფასოა ყველა სოფლის მოქალაქისთვის, რადგან სოფლის ექიმის პროგრამა გრძელდება. განვაგრძობთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარების დაფინანსებას, უფასო ვაქცინაციას განსაკუთრებით საშიში ინფექციების დროს. შიდსითა და ტუბერკულიოზით დაავადებულებისთვის ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სერვისები. ამგვარი ქრონიკული დაავადებების მკურნალობა ძვირად ღირებულია, ეს არ არის ადამიანთა ინდივიდუალური პრობლემა, საზოგადოებრივ ინტერესსაც წარმოადგენს მათი  დახმარება და იზოლაცია. სხვათა შორის, უზრუნველვყოფთ მოქალაქეებს ისეთი მედიკამენტებითაც, როგორიც არის ინსულინი (დიაბეტით დაავადებულებისთვის). ვაფინანსებთ თირკმლის  გადანერგვის ოპერაციებსაც. სხვათა შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები იმგვარადვე არის შედგენილი, როგორც 2010 წელს იყო, 2011 წლის ბიუჯეტითაც სახელმწიფომ იგივე ვალდებულებები იკისრა.

- მაგრამ ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება 2011 წლის ბიუჯეტით შემცირებულია. მაგალითად, რეფერალური  პროგრამით გათვალისწინებული ხარჯები.

- რეფერალური პროგრამა გულისხმობს საგანგებო მდგომარების დროს, გადაუდებელი სიტუაციიდან გამომდინარე მოქალაქის დახმარებას. არ შეიძლება რეფერალური პროგრამით თანხის ხარჯვა სუბიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე, ამიტომ დავაზუსტეთ კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც უფრო მიზნობრივად დაიხარჯება რეფერალური პროგრამით გათვალისწინებული თანხა. მაგალითად, ამ პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ იმ მოქალაქეს, რომელიც ჯერ დაზღვეული არ არის და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.  ამ პროგრამით გათვალისწინებული თანხა სხვადასხვა ეროვნული კატასტროფის ან გადაუდებელი სიტუაციების დროსაც დაიხარჯება.

მოკლედ, რეფერალური პროგრამა ინდივიდუალურად მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე დახმარების პროგრამად ვერ გადაიქცევა. მოქალაქეებმა საჭიროების შემთხვევაში წერილით უნდა მიმართონ არა ჯანდაცვის მინისტრს, არამედ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამების მართვას კურირებს.

- ლაპარაკი იყო, რომ ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამა (ისევე როგორც სიღარიბის პროგრამა) კერძო სადაზღვევო კომპანიებს გადაეცემოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

- ამისთვის მომზადებაა საჭირო. ჯერ  უნდა დავრწმუნდეთ, რომ სადაზღვევო კომპანიებისთვის სიღარიბის პროგრამის გადაცემა შედეგიანია თუ არა. უნდა შევამოწმოთ, რამდენად სწორად და გამჭვირვალედ განიკარგა ის თანხები, რაც სახელმწიფომ გაიღო. დიდ ყურადღებას მივაქცევთ დაზღვეულების  უფლებების დაცვას, რაშიც დიდ როლს მედიაციის სამსახური შეასრულებს. Bბუნებრივია, ამ პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტრო ვერ მოიხსნის. მივესალმებით კერძო სადაზღვევო კომპანიებისა და სახელმწიფოს თანამშრომლობას, მაგრამ ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ თითოეულ ლარზე, რომელიც ბიუჯეტიდან გადის.

- ბატონო ანდრია, ახალი წელი ახლოვდება და შედარებით მსუბუქ თემებზეც ვისაუბროთ. ყურადღება მივაქციე ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც პრემიის აღმნიშვნელ გრაფაში სხვა კოლეგებისგან განსხვავებით ”0” გიწერიათ. პრემია მართლაც არ აგიღიათ?

- ახალდანიშნულმა მინისტრმა პრემია ვერ ავიღე, მაგრამ Dდიდი იმედი მაქვს, საახალწლო  პრემია მეც მერგება (იცინის)!

- თქვენს ინტერესებსა და ჰობიზე რას გვეტყვით, სკაუტიზმით ყოფილხართ გატაცებული.

- ამას ჰობის ვერ დავარქმევ. ახალგაზრდულ მოძრაობას მხარდაჭერა სჭირდება. მოძრაობის დაფუძნებაზე 1993 წელს დავფიქრდი, მსურდა ბევრ ახალგაზრდას მეტი შესაძლებლობა მისცემოდა სწორად განვითარებისთვის, განათლებისთვის. ჩემი  ჰობი კი უფრო მოგზაურობაა. ნამყოფი ვარ საქართველოს ყველა კუთხეში, მიყვარს მოგზაურობა საზღვარგარეთაც... მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს ოჯახში,  შვილებსა და მეუღლესთან ყოფნა, მეგობრების წრეში დროის გატარებაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- ახალ წელს სად შეხვდებით?

- ტრადიციულად - ოჯახში, ისევე, როგორც ბევრი ქართველი. Dდაე, ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2011 წელი საქართველოსთვის! გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად განვითარდება. ყველას მშვიდობიან წელს ვუსურვებ, რადგან მშვიდობაა განმსაზღვრელი  იმ პირობებისა, რაც ქვეყნის განვითარებისთვის არის აუცილებელი, ვგულისხმობ ჯანმრთელობისთვის ხელშეწყობას და  ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 - ბატონი ანდრია, მეკვლეს თუ ირჩევთ წინასწარ?

- ის  იქნება ჩვენი მეკვლე, ვინც ოჯახში პირველი შემოვა... შემდეგ, თუ ცუდი რამ მოხდება - საკუთარ თავს, ხოლო კარგს - მეკვლის ბედნიერ ფეხს დავაბრალებთ.